ველით ყველანაირ პროვოკაციას – კოალიცია „ძლიერი საქართველო“-ს რუსთავის ოფისი
მიუხედავად იმისა რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო, ქვემო ქართლში ამ დროისთვის აქტიურ კამპანიას – შეხვედრებს მოსახლეობასთან, სხვადასხვა ლოკალურ დონეზე პრობლემურ საკითხებზე აქცენტირებას და თანამშრომლობას თემის ადგილობრივ ლიდერებთან – ნაკლებად ვხედავთ.
QvemoQartli.ge-ი ცდილობს ინტერვიუები მოამზადოს რეგიონში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებთან, იმისთვის რომ გავიგოთ, როგორი გარემო აქვთ სამუშაოდ და რას სთავაზობენ მოსახლეობას თავიანთი პროგრამებით.
„ლელოს“ ახლა უკვე კოალიციად წარმოდგენილი „ძლიერი საქართველოს“ ოფისი რუსთავში, კოსტავას გამზირზე, შეიძლება ითქვას რომ კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ადგილას არის. ოფისთან ხალხმრავლობა და მათი აქტიური შეხვედრები, ჩვენ ამ დროისთვის არ გვახსენდება.
ოფისს დავით სულაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ასევე რუსთავის საკრებულოს წევრია.
„ ეს არ არის პირველი არჩევნები, რომელშიც როგორც ოპოზიციონერი ვარ ჩართული. ეს ოფისი თავიდან ბოლომდე აღჭურვილი და დაცული გვაქვს. დღეს თავს დაცულად, საქართველოში ვერავინ ვერ გრძნობს, არათუ ოპოზიციური პარტია. ყველანაირ თავდასხმას ველოდებით, ყველანაირ პროვოკაციას ველოდებით. ეს ხელისუფლება აუცილებლად გააკეთებს რაიმე არაკანონიერს და არაკონსტიტუციურს. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ“– დავით სულაძე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი.
კითხვაზე ამ დროისთვის ხელის შეშლის, რა კონკრეტული ფაქტები/შემთხვევები ჰქონდათ, ზოგადი პასუხით შემოიფარგლება და ამბობს, რომ სულ ხდებოდა მსგავსი შემთხვევები და ახლაც ამის მოლოდინშია.
საუბრობს, რომ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.
„ ყოველდღიურად ვემზადებით არჩევნებისთვის. რუსთაველებთან შეხვედრა არა მარტო საარჩევნო პერიოდში ხდება. ახლა, როდესაც საარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში შევედით, შეხვედრებმა უფრო აქტიური ხასიათი მიიღო. ვარიგებთ ფლაერებს, გაზეთებს, სხვადასხვა სააგიტაციო მასალებს.
მასალები გვაქვს აზერბაიჯანულ ენაზეც. საარჩევნო მაჯისცემაზე გვიდევს ხელი“ – დავით სულაძე.
კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამის შესახებ კითხვას პასუხობს:
„ რუსთავში უმუშევრობა, სოციალური პრობლემებია. ქაოტური მდგომარეობაა ქალაქში. ჩვენი საარჩევნო პროგრამა რეალობაზეა მორგებული. გაკეთებულია ყველანაირი გათვლები, ეს არ არის ჰაერში გასროლილი სიტყვები. 1000 ლარიანი პენსიის საკითხი ჩვენგან გაჟღერდა, იყო ძალიან ბევრი წინააღმდეგობები კითხულობდნენ საიდან? როგორ? მაგრამ გაიგო ხალხმა საიდან შეიძლება მოვიზიდოთ თანხები და როგორ უნდა გაკეთდეს – ამიტომ ყველა ვინც გვეწინააღმდეგებოდა, ამაში დარწმუნდა.
პენსიონერებს სჯერათ ამის და ეს მათ ჯიბეზეც აისახება“ – კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 22 აგვისტოდან „ლელო საქართველოს“ ნაცვლად პარტიის ოფიციალური სახელწოდება გახდა „ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ და მასში გაერთიანდნენ: ლელო, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის, ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“ და „საზოგადოებრივი მოძრაობა თავისუფლების მოედანი.“
QvemoQartli.ge