“ეს კანონი უარყოფით გავლენას იქონიებს ისეთ ასოციაციებსა და მედიებზე, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას”
საქართველოს პარლამენტის მიერ 14 მაისს მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი ვენეციის კომისიის მკაცრი კრიტიკის საგანია.
21 მაისს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, კანონი არ აკმაყოფილებს „კანონიერების, ლეგიტიმურობის, პროპორციულობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს დემოკრატიულ საზოგადოებაში.“
„ კანონი, რომელიც მიზნად გამჭვირვალობას ისახავს, საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს ასოციაციებისა და მედიების სტიგმატიზების, გაჩუმების და საბოლოოდ ლიკვიდაციის რისკით, რომლებიც თავიანთი სახსრების თუნდაც მცირე ნაწილს უცხოეთიდან იღებენ. იქმნება ძლიერი რისკი იმისა, რომ ეს კანონი უარყოფით გავლენას იქონიებს ისეთ ასოციაციებსა და მედიებზე, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას. მათი გაუქმება უარყოფითად იმოქმედებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
ვენეციის კომისია კატეგორიულად ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, უარი განაცხადოს უცხოური მხარდაჭერის მიმღები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და მაუწყებლების რეგისტრაციის, ანგარიშგების და საჯაროდ გამჟღავნების სპეციალურ რეჟიმზე, მათ შორის ადმინისტრაციულ სანქციებზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
დასკვნის ავტორები უთითებენ, რომ აღნიშნული კანონი კონვენციის შემდეგ მუხლებს ეწინააღმდეგება:
- პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას
- გამოხატვის თავისუფლებას
- შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას
- დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას
დასკვნაში აღნიშნულია ისიც, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ მიღება ქართველი ხალხის დიდი ნაწილის ინტერესების უგულებელყოფის ფონზე მოხდა:
„ვენეციის კომისია წუხს, რომ ეს კანონი, რომელიც სენსიტიურია ადამიანის უფლებების მიმართ, ასევე ძალიან სადავოა ქართულ საზოგადოებაში, რაზეც მეტყველებს ქვეყანაში მასობრივი რეაქციები, მიღებულ იქნა პროცედურით, რომელიც არ ტოვებს სივრცეს გულწრფელი დისკუსიებისა და არსებითი კონსულტაციებისთვის, ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთების ღიად უგულვებელყოფით. ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ 2023 წლის ანალოგიურ კანონპროექტზე გამოხმაურებამ აჩვენა პოლარიზაცია მის მიღებასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, წარმოიქმნა აშკარა აუცილებლობა ჩატარებული მნიშვნელოვანი კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, რომელთაც ეხებათ ეს კანონი, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ონლაინ მედიასაშუალებებსა და ტელევიზიებთან. წარმოების ეს ფორმა არ აკმაყოფილებს დემოკრატიული კანონშემოქმედების ევროპულ მოთხოვნებს.“
აღსანიშნავია ის, რომ ვენეციის კომისიის მთავარი რჩევა, კანონის გაუქმებაა:
„ ვენეციის კომისიის კატეგორიული რჩევაა, ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმება, რადგან მის ფუნდამენტურ ნაკლოვანებებს ექნება მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.“
25-გვერდიან დასკვნაში ასევე ვკითხულობთ:
„ ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მათ მოსაზრებას ე.წ. აგენტების კანონის მიღებამდე.
კომისია წუხილს გამოთქვამს იმაზეც, რომ ეს კანონი, რომელიც მგრძნობიარეა ადამიანის უფლებების მიმართ, ამასთან ძალიან სადავოა ქართულ საზოგადოებაში და ამას მოწმობს მასობრივი გამოსვლები ქვეყანაში, მიიღეს ქართველი ხალხის დიდი ნაწილის წუხილის ღიად უგულებელყოფით და ისეთი პროცედურით, რამაც სივრცე არ დატოვა რეალური დისკუსიისთვის და კონსულტაციებისთვის”.
აღნიშნულ დასკვნას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი:
„ვენეციის კომისია ასკვნის, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ კანონით“ დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით“ დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებთან შეუთავსებელია და დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. იგი რუსული კანონია!“
ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად 1990 წელს შექიმნა. ის ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოა.
კომისიაში 61 წევრი ქვეყანაა – მათ შორისაა საქართველოც.
QvemoQartli.ge