„ ეს კანონი სიტყვის თავისუფლების ჩახშობის რუსული ინსტრუმენტია“ – საია

მოქალაქეების აქტიური პროტესტის და  დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონად“ ცნობილ საკანონმდებლო ინიციატივას: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობა“.

როგორ აისახება კანონის ამოქმედება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, საუბრობენ ქვემო ქართლში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. აღნიშნული სტატიების სერიას QvemoQartli.ge მიმდინარე თვის განმავლობაში შემოგთავაზებთ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი ნათია ქოქიაშვილი  აღნიშნავს, რომ „აგენტების კანონს“ არაფერი აქვს საერთო დემოკრატიული ღირებულებებთან.

„ ეს კანონი  სიტყვის თავისუფლების ჩახშობის  ავტორიტარული ინსტრუმენტია. ჩვენი ორგანიზაცია  თითქმის ოცდაათი წელია ემსახურება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებისთვის მოქალაქეთა უფლებების დასაცავად არაერთი საქმე უწარმოებია ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე.  ამიტომ ამ კანონის მოქმედება უარყოფითად  აისახება  საია-ს  საქმიანობაზე, რადგან მიმართულია, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების წინააღმდეგ, მტრად აცხადებს აშშ-სა და ევროკავშირს, რომელთა  თანადგომითაც მრავალი წლის მანძილზე ვიცავთ ადამიანის უფლებებს.

აღნიშნული კანონი ორგანიზაციის საქმიანობის დისკრედიტაციას ახდენს საზოგადოებაში, რაც აუცილებლად  გააღვივებს უნდობლობას და ხელს შეუშლის სრულფასოვანი სერვისის გაცემის პროცესს. ასევე საფრთხე შეექმნება საია-ს მრავალწლიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას“,- ნათია ქოქიაშვილი,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისი.

ქოქიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას უკარგავს:

„ ეს კანონი  სიტყვის თავისუფლების ჩახშობის რუსული ინსტრუმენტია. ამ კანონით ხელისუფლებას უჩნდება შესაძლებლობა ნებისმიერი ორგანიზაცია/ადამიანი დააჯარიმოს იმდენჯერ და იმდენი ოდენობით ვიდრე  მათი ფუნქციონირება  შეუძლებელი არ გახდება. ამ კანონის მიღება ემსახურება  მოსახლეობის  გახლეჩას და ერთმანეთთან დაპირისპირებას, ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებას და სიტყვის თავისუფლების, დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო  ორგანიზაციების გაუქმებას. რაც ყველაზე მთავარია ამ კანონის მიღებამ ქვეყანას დაუკარგა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და  მეგობრების გარეშე დაუცველი რჩება  რუსეთის პირისპირ“, – ნათია ქოქიაშვილი, საია.

ხოლო „აგენტად“ დარეგისტრირებასთან დაკავშირებით  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პასუხი შემდეგია:

„ საია არ წყვეტს ბრძოლას  და არ აპირებს დაემორჩილოს აღნიშნული კანონის მოთხოვნებს. საია არ გააგრძელებს ცხოვრებას რუსული კანონის წესებით, ამიტომ გამოვიყენებთ  ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს  მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე.

ამ კანონის ამოქმედებით, საფრთხე ექმნება საია-ს არსებობას და საქმიანობას,  ჩვენ არ მოვაწერთ ხელს“- ქოქიაშვილი.

ნათია ქოქიაშვილი საიას საქმიანობაზე ამახვილებს ყურადღებას და  ორგანიზაციის მნიშვნელოვან მიღწევებზეც საუბრობს:

„ ჩვენი ორგანიზაცია  იყო და არის დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი. ყოველთვის დგას ადამიანის უფლებების  სადარაჯოზე და მუდმივად იბრძვის ღირსეული, სამართლიანი  და თანასწორი  გარემოს დასამკვიდრებლად. საია-მ  თავისი არსებობის  მანძილზე 1 300 000-მდე მოქალაქეს გაუწია კვალიფიციური უფასო იურიდიული დახმარება და კონსულტაცია, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე.“

ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების კრიტიკის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონის მიზანი მხოლოდ სამოქალაქო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

 

QvemoQartli.ge