ეს კანონი არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს – წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG)

მოქალაქეების აქტიური პროტესტის და  დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონად“ ცნობილ საკანონმდებლო ინიციატივას: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობა“.

როგორ აისახება კანონის ამოქმედება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, საუბრობენ ქვემო ქართლში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. აღნიშნული სტატიების სერიას QvemoQartli.ge მიმდინარე თვის განმავლობაში შემოგთავაზებთ.

ამ კანონის მიღება მიუღებელია წალკის LAG -ის წარმომადგენლისთვის. ნინო რუხაია (პროექტის მენეჯერი) მოსალოდნელ პრობლემებზე  საუბრობს:

„ ვფიქრობ, რომ რთულად და მძიმედ აისახება, რამდენადაც, აღნიშნული კანონი სავსებით არ ემსახურება გამჭვირვალობას. ცოტა შორიდან რომ შევხედოთ სურათს, ვხედავ რისკებს იმისას, რომ, ერთის მხრივ, დაფინანსების შესაძლებლობები მკვეთრად შემცირდება, (თუ სულ არ შეწყდა) და, მეორე მხრივ, ტექნიკური ოპერირება და საჯარიმო რისკები შეუძლებელს გახდის მუშაობას.

კანონი ეხება სამოქალაქო სექტორისა და კრიტიკული მედია საშუალებების სტიგმატიზებას და მათ “გაქრობას” სივრციდან, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას და არღვევს ფუნდამენტურ უფლებას“ – ნინო რუხაია, პროექტის მენეჯერი, წალკა LAG

წალკა LAG პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში ჩამოყალიბდა. მის სახელს მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი და ადგილობრივების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება უკავშირდება.

რეგისტრაციასთან დაკავშირებით კი  ორგანიზაციაში შემდეგი პასუხი აქვთ:

„ ამაზე მკაფიო პასუხი ამ ეტაპზე არ/ვერ გვაქვს. ვფიქრობთ, დარეგისტრირების ე.წ. დედლაინამდე, სხვადასხვა მოცემულობა უფრო ნათელი გახდება. ვაგრძელებთ საქმიანობას ქვეყნის სასიკეთოდ და ევროპული მომავლისთვის“ – ნინო რუხაია.

ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების კრიტიკის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონის მიზანი მხოლოდ სამოქალაქო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

QvemoQartli.ge