ელადა რიზალი – აზერბაიჯანელი ქალების გამოწვევებზე
საქართველოში ეთნიკური უმცირესობების დიდი ნაწილი იზოლირებულია დანარჩენი საზოგადოებისგან, ენობრივი ბარიერის და სხვა სახის პრობლემების გამო. ეს, ცხადია, ართულებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების მდგომარეობასაც.
მინდა მოგიყვეთ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების ცხოვრებაზე ჩემს სოფელში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში.
აქ, 35 წელს გადაცილებული ქალების უმეტესობა დიასახლისია, რადგან 1+4 სახელმწიფო პროგრამამდე, ეთნიკური უმცირესობების უმეტესობა აზერბაიჯანში მიდიოდა უმაღლესი განათლების მისაღებად, რაც ფინანსურად შესაძლებელი იყო მხოლოდ შეძლებული ოჯახებისთვის და მათი შვილებისთვის. ღარიბი ოჯახები ჯერ კიდევ საქართველოში იყვნენ დარჩენილები და სხვა გზა არ ჰქონდათ – ერთვებოდნენ სოფლის მეურნეობაში.
სახელმწიფო ენის არასაკმარისი ცოდნისა და ინტეგრაციის სირთულის გამო, ეს ქალები სოფლის მეურნეობაზე მეტად დამოკიდებულები გახდნენ.
საბედნიეროდ, ახლა საზოგადოებაში 1+4 პროგრამის დამსახურებით ბევრი განათლებული ახალგაზრდა გოგონა გვყავს, მაგრამ საყურადღებოა, რომ საშუალო ასაკის ქალები ისევ იმავე მდგომარეობაში დარჩნენ – სახლებში, განათლების და საკუთარი უნარების რეალიზაციის გარეშე.
ჩემი დაკვირვებით, დიდ წილად, არავინ მუშაობს საშუალო ასაკის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებაზე. ეს ქალები ჯერ კიდევ შრომატევადი და რთული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკით არიან დაკავებულნი. ამის გამო, საშუალო ასაკის ეთნიკური უმცირესობების ქალები სოციალურად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად იზოლირებულნი არიან საზოგადოებისგან. მათ გასაძლიერებლად საჭიროა ახალი პროგრამები, რათა ისინი იყვნენ ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სოციალურად უფრო ძლიერები და უფრო სასარგებლონი, როგორც საკუთარი თავისთვის ასევე, საზოგადოებისთვის.
აღნიშნვის ღირსია ისიც, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების მიერ შექმნილი მეურნეობა და მეთოდები, რითაც ეწევიან შრომას – უკვე მოძველებული მეთოდებია, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე ტექნოლოგიების სტანდარტებს და, შესაბამისად, სამუშაოდ უფრო რთულ პირობებში ამყოფებენ მათ. ასევე, არ არის პროდუქციის გონივრულ ფასად გაყიდვის შესაძლებლობა, სახეზეა სხვა რიგი პრობლემებიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
როგორც ზემოთ ავღნიშნე, ჩემს სოფელში ქალების 90%-ი დიასახლისია და ამიტომ არის დაკავებული სოფლის მეურნეობითა და სახლის საქმიანობით. ამ ქალების სოციალიზაციისა და მათი ფინანსური პოტენციალის გაზრდით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ უფრო ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო.
ავტორი: ელადა რიზალი
სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.