ეკო ცენტრი – რუსთავის ჭალის ტყის აღსადგენად მაკულატურა ნერგებად „იქცევა“
რუსთავში ინოვაციური გარემოსდაცვითი ინიციატივა დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ჭალის ტყის აღდგენას უნიკალური მიდგომით. “ეკო ცენტრის” ორგანიზებით, მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, აქტიურად ჩაერთონ ბუნების აღდგენის პროცესში მაკულატურის შეგროვებით.
კამპანიის არსი:
– მოქალაქეები აგროვებენ მაკულატურას
– ყოველი 20 კგ მაკულატურა „გადაიქცევა“ 1 ნერგად
– შეგროვებული ნერგები დაირგვება რუსთავის ჭალის ტყეში
პრაქტიკული დეტალები:
– მაკულატურის მიღევის ვადა: 20 ოქტომბრამდე
– მიღების დღეები: სამშაბათი და ხუთშაბათი
– მიღების დრო: 15:00-დან 19:30 საათამდე
– მიღების ადგილი: რუსთავი, კოსტავას ქ. #4
ორგანიზატორები განსაკუთრებული ჩართულობისკენ მოუწოდებენ სკოლებს, რათა მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ გარემოსდაცვით ინიციატივაში. 21 ოქტომბერს გამოქვეყნდება ყველა მონაწილის სია მათი წვლილის მითითებით.
რუსთავის ჭალის ტყე, რომელიც 300 ჰექტარზეა გადაჭიმული მტკვრის ორივე ნაპირზე, წარსულში, ენერგეტიკული კრიზის გამო (მოსახლეობა გასათბობად და საკვების მოსამზადებლად ხეებს ჩეხავდა) მნიშვნელოვნად დაზარალდა. თუმცა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ბუნებრივი აღდგენის პროცესი დაიწყო. ახლახანს შემუშავდა ჭალის ტყის აღდგენის სტრატეგიაც და ბოლო წლებში დაირგო ხეებიც.
თუმცა, აღდგენის პროცესის დასაჩქარებლად, მნიშვნელოვანია, უფრო მეტმა მოქალაქემ შეიტანოს საკუთარი წვლილი. ამ კამპანიით “ეკო ცენტრი” სწორედ ჭალის ტყის აღდგენის უკვე დაწყებული პროცესის დაჩქარებასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად.
პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ათობით ახალი ხე დაემატება ტყეს. შემოდგომაზე დაგეგმილია დარგვის აქცია, რომელშიც მოხალისეები ჩაერთვებიან.
ეს ინიციატივა არა მხოლოდ ტყის აღდგენას ემსახურება, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასაც გარემოს დაცვის საკითხებზე. “ეკო ცენტრი” მადლობას უხდის ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის მხარდაჭერისთვის და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, შეიტანოს წვლილი ამ მნიშვნელოვან საქმეში.