ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპას სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს
ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც მოითხოვს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ელიტისთვის სანქციების დაწესებას.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და იმათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს.“
ამ კატეგორიებში შემავალი ადამიანების სია ამგვარია:
- ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები – მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და შვილები – უტა, ცოტნე, ბერა და გვანცა ივანიშვილები; ძმა – ალექსანდრე ივანიშვილი; დისშვილი – შმაგი კობახიძე; დეიდაშვილი – უჩა მამაცაშვილი;
- ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა;
- ბიზნესმენები – ვანო ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე (ზედმეტსახელად „რიჟა);
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე;
- ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ილია წულაია;
- კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე და ბიზნესმენი კახა ბექაური;
- პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ლაშა ნაცვლიშვილი;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე; გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი;
- მოსამართლეები – მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი;
- ტელეკომპანია „იმედის“ და „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელი ირაკლი რუხაძე;
- საქართველოს ავიახაზების, „ჯორჯიან ეარვეისის“ მფლობელი თამაზ გაიაშვილი;
- ბიზნესმენები და პოლიტიკოსები – ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე.
ევროპარლამენტარები საქართველოს შესახებ მიღებული წინა რეზოლუციის მსგავსად, ახლაც ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და ირაკლი ღარიბაშვილის სანქცირებას.
ეროვნული ბანკი უკვე გამოეხმაურა მიღებულ რეზოლუციას. მათი განცხადებით, ნათია თურნავას დასანქცირებაზე მოწოდება, “ქვეყნის დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე პოლიტიკური ზეწოლის კლასიკური მაგალითია, რომლის უკან გარკვეული ადგილობრივი პოლიტიკური ძალები დგანან”.
“სამწუხაროა, რომ ეს ძალები, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების მიღწევის მიზნით ცდილობენ საფრთხე შეუქმნან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საფინანსო სექტორის სტაბილურობას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, სამწუხაროდ, გამოიყენეს ევროპარლამენტის პლატფორმა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
რეზოლუციას ასევე განცხადებით გა,ოეხმაურა “ქართული ოცნება”.
“როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
QvemoQartli.ge