ევროკავშირი – წევრი პოსტ-საბჭოთა ქვეყნების წარმატება
უფლებადამცველთა გაერთიანება – ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა პუბლიკაცია, რომელიც ევროკავშირში გაწევრების მნიშვნელობაზე გვიყვება. თუ რატომ არის ევროკავშირი უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება, რა სარგებელი აქვს მის წევრობას, რას ნიშნავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და როგორი შეიძლება იყოს ქვეყნის მომავალი ევროკავშირში. სხვადასხვა საკითხებთან ერთად პუბლიკაცია მოიცავს მიმოხილვას ევროკავშირში გაწევრების სიკეთეებზე პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის.
ოცი წლის წინ, 2004 წლის 1 მაისს, რვა ცენტრალური ევროპის ქვეყანა (CEE4) შეუერთდა ევროკავშირს (ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი და სლოვენია). პოლონეთის ეკონომიკური ინსტიტუტის ანალიზის მიხედვით, რეგიონის რვა ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 27 პროცენტით მეტია, ვიდრე ეს იქნებოდა მათი გაუწევრიანებლობის შემთხვევაში.
CEE ქვეყნების წევრობის 20 წელი ამტკიცებს, რომ ყველაზე დიდი სარგებელი, პირველ რიგში, შიდა ბაზარს მოჰყვა: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება (21-ჯერ გაზრდა) და გლობალური მიწოდების ჯაჭვებში ინტეგრაცია. მაგალითად, ICT (ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების) სერვისებში გამომუშავებული დამატებული ღირებულება გაორმაგდა 2008-2021 წლებში.
ეკონომიკური სარგებლის გარდა, ევროკავშირის გაფართოებამ ახალი წევრების სოციალური წარმატებაც მოიტანა. რეგიონის რვავე ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს მოიცავს სიცოცხლის ხანგრძლივობას და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონეს.
მაგალითად, „ადამიანის უფლება ცენტრის“ პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ ამჟამად სლოვენიას აქვს რეგიონის ყველაზე მაღალი ადამიანური განვითარების ინდექსი (მსოფლიოში 23-ე). გაუმჯობესდა სოფლად ცხოვრების დონეც.
გარდა ამისა, რვა წევრი ქვეყნიდან ხუთში სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების წილი დაეცა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე ქვემოთ, ყველგან შემცირდა კორუფცია
(გამონაკლისი იყო უნგრეთი და სლოვენია). შეიცვალა გარემოსდაცვითი სტანდარტები, ენერგიის წარმოების სტრუქტურა და რეგიონის ეკონომიკის ნახშირბადის ინტენსივობა. გაწევრებამ დააჩქარა განახლებადი ენერგიის განვითარება რვავე ქვეყანაში. ენერგეტიკის, ტრანსპორტის და გათბობის სექტორების ტრანსფორმაციამ გააუმჯობესა ჰაერის ხარისხი. 2005 წლიდან 2021 წლამდე, ევროკავშირის მასშტაბით ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ნაადრევი სიკვდილიანობის რიცხვი 75%-ით შემცირდა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ევროკავშირის სოფლის მეურნეობა და რეგიონული პოლიტიკა.
საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკა (CAP) მოიცავს სურსათის წარმოების, გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების საკითხებს. ევროკავშირის ამოცანებშია სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, ბუნებრივი რესურსებისა და კლიმატის მოქმედების მდგრადი მართვის უზრუნველყოფა, სოფლის ეკონომიკისა და თემების დაბალანსებული ტერიტორიული განვითარების მიღწევა (მათ შორის, დასაქმების ადგილების შექმნა და შენარჩუნება). „ჭკვიანი სოფლის“ (Smart Village) კონცეფცია, რომელიც თავდაპირველად 2017 წელს დაიწყო, არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი ტერიტორიული ინსტრუმენტი სოფლის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისა და სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციისთვის.
QvemoQartli.ge