ევროკავშირი ქალების გაძლიერებისთვის
ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ფართო მასშტაბიანი პროექტი სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის მიმდინარეობს. მიზანი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადგილზე საჭიროებაზე ორიენტირებული სოციალური სერვისების შექმნა და არსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ეფუძნება ხედვას, რომ ძლიერი და კომპეტენტური სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს საზოგადოების თვითგანვითარებას და აქვს პოტენციალი როგორც არსებული სოციალური სერვისების გაუმჯობესების, ასევე ახალი სერვისების შექმნის. ინიციატივა ხორციელდება CENN-ის მიერ ქვემო ქართლის მედიასთან (KKM) პარტნიორობით.
პროექტი მუშაობს ქვემო ქართლისა (მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი, ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის (ახალციხე, ნინოწმინდა) რეგიონებში.
სწორედ აღნიშნული პროექტის საგრანტო კონკურსის ფარგლებში სამი დაფინანსებული ინიციატივა უკვე კონკრეტულ შედეგებს აჩვენებს.
ინიციატივებს ერთი მიზანი აერთიანებთ – მხარი დაუჭირონ და გააძლიერონ მოწყვლადი ჯგუფები. პროექტების მიზნებზე მათი სახელწოდებებიც მეტყველებს:
„ოჯახში მარტოდ მცხოვრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების/მზრუნველების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“, „რეგიონული სათემო ორგანიზაციების ცოდნის ამაღლება სახელმწიფო სერვისების შესახებ“ და „ნაბიჯი განვითარებისკენ – ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაძლიერება პროფესიული და ციფრული უნარების განვითარების გზით“.
პროექტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების/მზრუნველების გასაძლიერებლად ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ ახორციელებს.
ორგანიზაცია 2013 წლიდან საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ოჯახებს აწვდის, მათ საჭიროებაზე მოგებულ, სერვისებს.
CENN-ის მიერ ორგანიზაციისთვის დაფინანსებული პროექტი კი მიზნად ისახავს მარტოდ მცხოვრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათი უფლებების რეალიზებას.
„მარტოხელა დედებისა და შშმ ბავშვების დედებისთვის პროფესიის დაუფლება და დასაქმება მუდმივად გამოწვევაა, ვინაიდან მათ არ ჰყავთ ადამიანი, რომელიც ხელს შეუწყობს და გამოათავისუფლებს მათთვის მცირე დროს, საჭირო და გამოსაყენებელი პროფესიის შესასწავლად. მოცემული პროექტით მოგვეცემა შესაძლებლობა დედებს ავუყვანოთ ძიძები, რაც მათ მისცემთ შესაძლებლობას გაიარონ პროფესიული კურსი“ – საუბრობს „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ნანა ლომაძე.
პროექტის ფარგლებში უკვე შეირჩა 10 ბენეფიციარი, შეფასდა მათი რესურსები და საჭიროებები. გამოიკვეთა მათი ინტერესები და მოტივაცია, რის შემდეგაც მათთვის შეარჩიეს ძიძები, რომლებიც ასევე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ – არიან სოციალურად დაუცველი ქალები.
ძიძებმა გაიარეს ტრენინგები, რათა გაეუმჯობესებინათ ბავშვზე ზრუნვის უნარები. დედებისთვის კი თავიანთიინტერესებიდან გამომდინარე, შეირჩა პროფესიის შემსწავლელი სხვადასხვა კურსი. სწავლის პროცესი უკვე დაიწყო.
„ პროექტში ჩართულია 10 ბენეფიციარი, რომელთაგან 3 არის შშმ ბავშვის დედა, 2 -მარტოხელა და შშმ ბავშვის დედა, 1- შშმ ბავშვის დედა და ქვრივი და 4 კი მარტოხელა/მარტოდ მცხოვრები დედა“- დასძენს, ნანა ლომაძე.
ნანა ლომაძე აქვე ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელებას უწყობს ხელს და რომ „ევროკავშირი ორიენტირებულია მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე და აძლევს მათ უნიკალურ შესაძლებლობას უკეთესობისკენ შეცვალონ ცხოვრება.“
ასეთივე მნიშვნელოვან და რეალურ საჭიროებებზე ორიენტირებულ პროექტს ახორციელებენ, CENN-ის გრანტის მხარდაჭერით „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში.“
„ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ 2020 წლის ნოემბერში დაარსდა სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის თბილისის პროექტთა ბიუროს ხელშეწყობით. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას არაფორმალური განათლების საშუალებით ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.
„ ჩვენი პროექტის სამიზნე აუდიტორიაა ქალები 18 წლის ასაკზე ზემოთ, მათ შორის სოციალურად დაუცველები, მარტოხელა დედები, შშმ პირები, ადრეულ ასაკში დაქორწინებულები, მრავალშვილიანი დედები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, ეკომიგრანტები, დევნილები, ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალები.
პროექტში ჩართულ ადამიანებს ვთავაზობთ მოკლევადიან პროფესიულ კურსებს ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლის მიზნით. საუბარია ჭრა-კერვის, გელ-ლაქისა და სოციალური მედია მენეჯმენტის კურსებზე. მნიშვნელოვანია, ისიც რომ პროექტის მონაწილეებისათვის ჩატარდება სასწავლო ვიზიტი სამკერვალო საწარმო და გელ-ლაქის სალონში, რათა ისინი ადგილზე, პრაქტიკაში გაეცნონ ამ მიმართულებით მუშაობის სპეციფიკას“- აცხადებს ცენტრის ხელმძღვანელი, ირმა ზურაბაშვილი.
იმისთვის, რომ ქალებს სწავლასთან ერთად ხელი შეუწყონ დასაქმებაში, პროექტის ფარგლებში ცენტრის ბაზაზე შეიქმნება სოციალური საწარმო კერვის მიმართულებით.
„ პროექტის შესახებ პირისპირ ინფორმაცია მივაწოდეთ 100-ზე მეტ ქალს. ასევე, ინფორმაცია გავავრცელეთ ორგანიზაციის სოციალ ქსელის, „ფეისბუქ“ გვერდზე. ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ქვემო ქართლის მედიამ და ბოლნისის ქალთა სათემო რადიომ.
დღეის მონაცემებით, ჭრა-კერვის კურსზე დარეგისტრირებულია – 11, გელ-ლაქის შემსწავლელ კურსზე- 35, ხოლო სოციალური მედია მენეჯმენტის კურსზე 8 ადამიანი“- აღნიშნავს ირმა ზურაბაშვილი.
აქვე, ირმა ზურაბაშვილი საუბრობს ევროკავშირის როლზე, როგორც რეგიონის ასევე ქვეყნის მასშტაბით.
„ ვთვლი, რომ ევროკავშირი განათლების, კეთილდღეობის, მშვიდობის, დემოკრატიულობისა და განვითარების ერთ-ერთი გარანტია. იგი დიდ როლს ასრულებს წევრ თუ არაწევრ სახელმწიფოებში უკეთესი მომავლის შექმნაში.
ცალკე უნდა აღვნიშნოთ ევროკავშირის მიერ საზოგადოების გაძლიერებისთვის გაწეული დახმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, კერძოდ იმ მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის პროექტები, რომლებიც ქალების ეკონომიკური გაძლიერებისკენ არის მიმართული,როგორიც ჩვენი პროექტია“- ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი.
ქალების გაძლიერებას და მხარდაჭერას ისახავს მიზნად პროექტი, რომელსაც „კანონის უზენაესობის ცენტრი“ ახორციელებს.
ორგანიზაცია საქმიანობს უკვე სამი წელია. ძირითადად მუშაობს ორი მიმართულებით: ცნობიერების ამაღლება, კვლევითი საქმიანობა და სახელმწიფო უწყებების მონიტორინგი. ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ორგანიზაცია ძირითადად ახალგაზრდებთან და ჟურნალისტებთან მუშაობს. იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაცია ძირითადად დაკომპლექტებულია ყოფილი საჯარო მოხელეებით, ორგანიზაციას აქვს უნიკალური გამოცდილება.
„ აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არსებულ არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების ცნობიერებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კერძოდ, კი ისეთ თემებზე, როგორიცაა მსხვერპლთათვის განკუთვნილი სერვისები, სახელმწიფო რეაგირების მექანიზმები. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ორ რეგიონში ქალთა და ოჯახში ძალადობა საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, არსებითად მნიშვნელოვანია ყველა ადგილობრივ ორგანიზაციას ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა – როგორ დაეხმარონ მსხვერპლებს, ვისთან გადაამისამართონ, რომელ უწყებას როგორ მიმართონ და ა.შ“ – ლონდა თოლორაია, „კანონის უზენაესობის ცენტრის“ დირექტორი.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები ადგილობრივ არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ასევე, მომზადდა საინფორმაციო გზამკვლევი, რომელშიც წარმოდგენილია ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ფაქტების რეაგირებაზე და პრევენციაზე პასუხისმგებელი უწყებების ფუნქციები, ძალადობის მსხვერპლებისთვის სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში არსებული სახელმწიფო და არასახელმწიფო სერვისები და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის კომპენსაციის გაცემა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები: ორი ქვემო ქართლში არსებულ ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ხოლო ორი სამცხე ჯავახეთში არსებულ ადგილობრივ სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
„ ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების ცოდნა გაიზარდა ზემოაღნიშნულ საკითხებზე და მათი ცოდნა გახდა უფრო პრაქტიკული. ჯამში ღონისძიებებში 30-ზე მეტი წარმომადგენელი ჩაერთო“- ლონდა თოლორაია „კანონის უზენაესობის ცენტრი.“
ორგანიზაციაში ევროკავშირის როლზეც და დღეს სამოქალაქო საზოგადოებისთვის არსებულ რთულ გარემოზეც საუბრობენ.
„ დღეს, როგორც არასდროს ისე სჭირდებათ გაძლიერება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. არსებულ ვითარებაში ყველაზე მეტად რეგიონულ და პატარა ორგანიზაციებს სჭირდებათ როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური და ინტელექტუალური დახმარება.
ამაში ვფიქრობ, ევროკავშირს ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. ევროკავშირი რჩება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ უძლიერეს მოკავშირედ, განსაკუთრებით რეგიონებში ფინანსური, ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერით. თუმცა, მუდმივი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლოთ თავისუფლად ფუნქციონირება, რესურსებზე წვდომა და ეფექტიანი წვლილის შეტანა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში “ – აცხადებს ლონდა თოლორაია.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია QvemoQartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.