ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვემო ქართლში სამოქალაქო სექტორი, სოციალური სერვისები მიწოდებას აძლიერებს
ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ფართო მასშტაბიანი პროექტი მიმდინარეობს. მიზანი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადგილზე ეფექტური სოციალური სერვისების შექმნაა.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ეფუძნება ხედვას, რომ ძლიერი და კომპეტენტური სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს საზოგადოების თვითგანვითარებას და აქვს პოტენციალი როგორც არსებული სოციალური სერვისების გაუმჯობესების, ასევე ახალი სერვისების შექმნის.ინიციატივა ხორციელდება CENN-ის მიერ ქვემო ქართლის მედიასთან (KKM) პარტნიორობით.
პროექტი მუშაობს ქვემო ქართლისა (მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი, ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის (ახალციხე, ნინოწმინდა) რეგიონებში.
სწორედ აღნიშნული პროექტის საგრანტო კონკურსის, „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სოციალური სერვისის მიმწოდებლებისათვის“ ფარგლებში მიმდინარე 8 ინიციატივასთან ერთად, ამ ეტაპზე უკვე 4 ახალი ინიციატივა დაფინანსდა და ორგანიზაციები იწყებენ მათ განხორციელებას.
პროექტების საერთო მიზანი არის ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში სოციალური სერვისების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესება.
ახალი ინიციატივები შემდეგ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება: გარდაბანი, მარნეული, წალკა, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი.
„ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ბავშვების კეთილდღეობისა და ადრეული განვითარების ხელშეწყობა“ ამ სახელწოდების პროექტი იწყება გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ „პირველი ნაბიჯი საქართველო“ მიერ.
ეს ორგანიზაცია დაარსდა 1998 წელს და მისი მისია არის უზრუნველყოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების ღირსეული ცხოვრება.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩვენ ჩავატარებთ ტრენინგებს ქვემო ქართლის საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის, რათა მათ უკეთ და ხარისხიანად შეძლონ ბავშვებთან მუშაობა.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის: პოზიტიური აღზრდის მეთოდები და მისი მნიშვნელობა ადრეული ასაკის ბავშვებთან ურთიერთობაში; რთული ქცევის პრევენცია და მართვა; ინკლუზიური გარემოსა და განათლების მნიშვნელობა და მშობლების ჩართულობა ბავშვის განათლების პროცესში“, – საუბრობს ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნუნუ ბეგლარიშვილი.
ნუნე ბეგლარიშვილი ასევე დასძენს, რომ პროექტის ფარგლებში დამატებით დაგეგმილია მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც მშობლები მიიღებენ ინფორმაციას ბავშვებისთვის განკუთვნილი სერვისებისა და მომსახურებების შესახებ.
პროექტი საინფორმაციო მასალების ბეჭდვას და გავრცელებასაც მოიცავს, რათა უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი აღნიშნული ინფორმაცია.
„პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, ქვემო ქართლში მცხოვრები ბავშვებისა და ოჯახების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რადგან ექნებათ ინფორმაცია ბავშვებისთვის არსებული სერვისების შესახებ და ბავშვები მიიღებენ უფრო ხარისხიან ადრეულ განათლებას“, – „პირველი ნაბიჯი საქართველო.“
ბავშვების მხარდაჭერას ისახავს მიზნად მარნეულის მუნიციპალიტეტში გამარჯვებული პროექტიც: ,,ერთად ერთმანეთისთვის.”
პროექტს ორგანიზაცია „თანაბარი შესაძლებლობები თანასწორობისთვის“ განახორციელებს. ინიციატივის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5-6 წლის, საჭიროების შემთხვევაში 7 წლის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვების პიროვნული უნარების განვითარება და სახელმწიფო ენის შესწავლის ხელშეწყობა – მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
ორგანიზაცია „თანაბარი შესაძლებლობები თანასწორობისთვის“ 2017 წელს დაფუძნდა მარნეულის მუნიციპალიტეტში. მისი მისიაა ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართულობის გაზრდა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
„აღნიშნული პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ადრეული განათლების მნიშვნელობის პოპულარიზაცია. მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა აზერბაიჯანელია (83%), რომლებიც კომპაქტურად არიან დასახლებული. შესაბამისად, ხსენებული თემის წარმომადგენელ ბავშვებს არ აქვთ ქართულენოვანი გარემო, რაც ართულებს სახელმწიფო ენის შესწავლას. მუნიციპალიტეტში აზერბაიჯანელებთან ერთად ცხოვრობენ სომხები (7%) და ქართველები (9%), რომლებიც ასევე კომპაქტურად არიან დასახლებულები. არსებული ენობრივი ბარიერი ხელს უშლის ზემოთხსენებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების ინტეგრაციას და სრულფასოვან განათლებას“,- საუბრობს „თანაბარი შესაძლებლობები თანასწორობისთვის“ წარმომადგენელი, ფიდან ასკრეოვა.
პროექტის აქტივობები მოიცავს ბილინგვური საკვირაო სკოლის შექმნას, სადაც ბავშვები ქართულ ენას ისწავლიან ინტერაქტიური მეთოდებით. ასევე, მშობელთა კლუბის ჩამოყალიბება, მათი ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდისთვის. ინიციატივის ფარგლებში შეიქმნება ციფრული სასწავლო მასალებიც.
ფიდან ასკეროვა პასუხობს ჩვენს კითხვას ევროკავშირის როლზე როგორც პროექტის ასევე ქვეყნის განვითარებისთვის.
„ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენმა ქვეყანამ აიღო რიგი ვალდებულებები, რაც გულისხმობს უმცირესობების უფლებების დაცვას.
ეს კი ნიშნავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩართვის ხელშეწყობას, რაც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გარეშე ვერ მოხერხდება. საბოლოო ჯამში ევროკავშირი ხელს უწყობს საზოგადოების გაერთიანებასა და მრავალფეროვანი კულტურული გარემოს შექმნას“, – ფიდან ასკეროვა.
CENN – ის მხარდაჭერილ ინიციატივებს შორის არის პროექტი „ნაბიჯი განვითარებისკენ – ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაძლიერება პროფესიული და ციფრული უნარების განვითარების გზით.“ პროექტს ბოლნისში უკვე კარგად ცნობილი ორგანიზაცია „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ახორციელებს.
„ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ 2020 წლის ნოემბერში დაარსდა სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის თბილისის პროექტთა ბიუროს ხელშეწყობით. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას არაფორმალური განათლების საშუალებით ცხოვრების დონის ასამაღლებლად.
ამ ახალი ინიციატივის მიზანია ბოლნისში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და პროფესიული და ციფრული უნარების გაუმჯობესების გზით. პროექტის ამოცანას წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების ინფორმირებულობის ამაღლება არსებული ადგილობრივი სოციალური მომსახურებების შესახებ. ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას ახალი პროფესიებისა და ციფრული უნარების შესწავლით გზით.
„პროექტის სამიზნე აუდიტორიაა ქალები: სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანი, მარტოხელა დედები, შშმ პირები, ადრეულ ასაკში დაქორწინებულები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, ძალადობის მსხვერპლი ქალები, ეკომიგრანტები, დევნილები, ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალები.
პროექტში ჩართულ ადამიანებს შევთავაზებთ მოკლევადიან პროფესიულ კურსებს, სადაც შეისწავლიან ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს- ჭრა-კერვას, გელ-ლაქსა და სოციალურ მედიას. მნიშვნელოვანია ისიც რომ ვიზიტი ექნებათ სამკერვალო საამქროსა და გელ-ლაქის სალონში, რათა ადგილზე გაეცნონ მუშაობას.
ჩვენი მიზანია არამარტო პროფესია მივცეთ ქალებს, არამედ ხელი შევუწყოთ მათ შემდგომ დასაქმებასაც და ამიტომ ცენტრის ბაზაზე შეიქმნება სოციალური საწარმო კერვის მიმართულებით, სადაც დასაქმდება ჩვენი კურსდამთავრებულების ნაწილი“, – საუბრობს ორგანიზაციის დირექტორი, ირმა ზურაბაშვილი.
ზურაბაშვილი საუბრობს მსგავს ინიციატივებში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც.
„ევროკავშირი განათლების, კეთილდღეობის, მშვიდობის, დემოკრატიულობისა და განვითარების ერთ-ერთი გარანტია. იგი დიდ როლს ასრულებს წევრ თუ არაწევრ სახელმწიფოებში უკეთესი მომავლის შექმნაში“, – აღნიშნავს ირმა ზურაბიშვილი.
ახალი ინიციატივა განხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც. პროექტს: „სოციალური სერვისების დანერგვა და შშმ პირებისა და მათი ოჯახებისთვის მხარდაჭერა“ ახორციელებს ორგანიზაცია ა(ა)იპ ,,გენი“.
„გენი“ 2006 წელს შეიქმნა და ამჟამად 49 ბენეფიციარს ემსახურება.
„ახალი პროექტის ფარგლებში შევძლებთ შშმ პირების რესოციალიზაციას, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების გაცნობას, რაც ხელს შეუწყობს ინფორმირებულობის ამაღლებას სოციალური სერვისების, მათი დანიშნულებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ.
ამის საჭიროებას განაპირობებს ის, რომ შშმ ადამიანები მხარდაჭერის გარეშე ვერ ახორციელებენ სრულფასოვნად საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას, რომელიც მოიცავს როგორც ბაზისურ, ისე ინსტრუმენტულ აქტივობებს. მათ ოჯახებს არ აქვთ ინფორმაცია სოციალური სერვისების არსებობის, დანიშნულებისა და ხელმისაწვდომობის თაობაზე, შშმ პირები ინფორმირებულნი არ არიან კანონმდებლობით მინიჭებულ თავიანთ უფლებებზე და მათ არ გააჩნიათ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, რომელიც მიმართული უნდა იყოს პიროვნების კეთილდღეობაზე“, – საუბრობს ორგანიზაციის წარმომადგენელი, ანი გარდავა.
პროექტის აქტივობები მოიცავს: პერსონალური ასისტენტების რეკრუტირებას; შშმ პირებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის მუნიციპალურ და სახელმწიფო დონეზე არსებული სოციალური სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; შშმ პირთა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერას; იურიდიული კონსულტაციების მიწოდება შშმ პირებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის.
პროექტის შედეგად გადაამზადდება 10 პერსონალური ასისტენტი და დაახლოებით 80 ბენეფიციარს ფსიქო-სოციალურდა სამართლებრივ მომსახურებას გაუწევენ. ასევე, გაზრდიან საკითხზე ადგილობრივი თემის ინფორმირებულობის დონეს.
„ამ ეტაპზე ორგანიზაციამ შეარჩია პერსონალური ასისტენტის სურვილის მქონე პირები, ჩატარდა გასაუბრებები და შეირჩა კანდიდატები.
მომდევნო კვრიაში დაიწყება პერსონალური ასისტენტის ტრენინგი.
პროექტის გუნდის წევრები შევხვდით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელს – მივაწოდეთ ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით. ასევე, მოვაწესრიგეთ გარდაბნის ფილიალის ფართი, სადაც დაიწყება შეხვედრების გამართვა პროგრამით მოსარგებლე პირებთან“, – საუბრობს ანი გარდავა, პროექტის უკვე დაწყებულ აქტივობებზე.
ოთხივე ინიციატივა საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს ეხება. შესაბამისად, თითოეული პროექტის წარმატებული განხორციელება კონკრეტულ ადამიანებსა და მათ ოჯახებს შეუმსუბუქებთ მდგომარეობას. ევროკავშირი მსგავსი მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ, წარმოაჩენს თავის მთავარ ღირებულებას – ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და პატივისცემას.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qvemoqartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.