ევროკავშირის მხარდაჭერით ბავშვებისა და მათზე მზრუნველებისთვის სოციალური სერვისები შეიქმნა
„სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტია, რომელსაც CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან – CTC და ქვემო ქართლის მედია – ერთად, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს.
პროექტი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება და მისი ერთი-ერთი მთავარი მიმართულება საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაა.
ბავშვები, ქალები, შშმ პირები, მათზე მზრუნველი ადამიანები – ეს ამ პროგრამის ბენეფიციართა მცირე ჩამონათვალია.
პროექტის მიზანი არ არის მხოლოდ ცალკეული ოჯახების მხარდაჭერა, არამედ მთავარი მიზანი სოციალური სერვისების შექმნაა, რათა ამ ჯგუფებისათვის მიწოდებული დახმარება იყოს უწყვეტი და შედეგიანი.
სწორედ აღნიშნული პროგრამის საგრანტო კონკურსის მეშვეობით, ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ცენტრი იქმნება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
პროექტს „თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი“ (LAG) ახორციელებს „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრთან“ თანამშრომლობით.
ინიციატივის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების ჰარმონიული ფსიქიკური და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული 0-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის ადრეული განვითარების მხარდამჭერი სერვისის შექმნითა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდით.
„ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები 0-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის ადრეული განვითარებისათვის მხარდამჭერი სერვისის შექმნა, განვითარების ეტაპების დარღვევის დროული იდენტიფიცირება და ბავშვის ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა, ასევე, ამ სახელმწიფო პროგრამის პოტენციური ბენეფიციარებისათვის, პროგრამაში ჩართვამდე, მომსახურების დაუყოვნებლივ მიწოდება. მინიმუმ 10 ბავშვებისთვის მოხდება დაუყოვნებლივ საჭირო მომსახურების მიწოდება“ – საუბრობს ნინო ტიკურიშვილი, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი.
ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში ცენტრის ინვენტარის შესყიდვის პროცედურა მიმდინარეობს. ასევე, იდენტიფიცირებულია ინტერვენციონისტები, რომლებიც გადამზადდებიან.
ინტერვენციონისტებს გადამზადების ფარგლებში ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ თემებზე: ქცევის გამოყენების ანალიზი, კომუნიკაცია, ენა, მეტყველება.
CENN-ის პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ასეთივე სოციალური ღირებულების პროექტი მიმდინარეობს წალკის მუნიციპალიტეტში.
„ოჯახში მარტოდ მცხოვრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების/მზრუნველების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“ – ამ სახელწოდების პროექტს წალკაში ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ ახორციელებს.
პროექტის ბენეფიციარები არიან : 10 შშმ ბავშვის ან/და მარტოდ მცხოვრები მშობელი – პროექტის შედეგად მშობლები აიმაღლებენ ცოდნას პოზიტიური მშობლობისა და ქცევის მართვის ტექნიკების შესახებ, მოხდება მათი ფსიქო-ემოციური და თვითდასაქმებისთვის საჭირო უნარების გაძლიერება და დასაქმების ხელშეწყობა.
„ პროექტის ფარგლებში 10 ბავშვი, მათ შორის შშმ , ბავშვი იქნება ზრუნვის მომსახურებით უზრუნველყოფილი.
15 სოციალურად დაუცველი ქალი კი გაიუმჯობესებს ბავშვებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, მიიღებს ჩვენს სერტიფიკატს. მათი ნაწილი დასაქმდება პროექტის ფარგლებში ძიძად, ხოლო ნაწილს ექნება შესაძლებლობა, დასაქმდეს ბავშვზე ზრუნვის სფეროში.
მარტოდ მცხოვრები ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები/მზრუნველები, ვერ ახერხებენ დასაქმებას, პროფესიის შესწავლასა და განვითარებას, რადგან მათ ძირითად მოვალეობას წარმოადგენს შვილებზე ზრუნვა, რაც კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს ამ ჯგუფს“- აცხადებს „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ნანა ლომაძე.
იგი საუბრობს, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება იმისათვის, რომ მოხდეს სამიზნე ბენეფიციარების ეკონომიკური და სოციალური უფლებების რეალიზება.
„ მშობლებს/მზრუნველებს მიეცემათ განათლების, დასაქმების, თვითდასაქმებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს. პროექტის არაპირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან ძიძები, ვინაიდან მათი შერჩევა მოხდება მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურად დაუცველთა ბაზიდან. პროექტი არის რეალურ საჭიროებებსა და გამოწვევებზე მორგებული, პიროვნულ ზრდასა და თვითშეფასების ამაღლებაზე გათვლილი,“- ნანა ლომაძე.
პროექტი უკვე აქტიურ ფაზაში გადადის. ამ დროისთვის გამოვლინდნენ სამიზნე ბენეფიციარები, განხორციელდა შეხვედრები მათ საცხოვრებელ ადგილებზე – ოჯახის არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების შესწავლის მიზნით.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია QvemoQartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.