ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს სამოქალაქო სექტორი აგრძელებს მუშაობას ახალი სოციალური სერვისების შექმნისთვის

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის, რომელსაც CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან – CTC და ქვემო ქართლის მედია – ერთად ახორციელებს, განაგრძობს მუშაობას, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალი სოციალური სერვისების შემუშავება და მათი დანერგვის ხელშეწყობა სამიზნე მუნიციპალიტეტებში.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება, მათ შორის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა. სწორედ ამ მიზნით პროექტის ორგანიზებით სამიზნე რეგიონების საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, გასულ წელს, ჩეხეთში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ და სოციალური სერვისების მუშაობის პრაქტიკასა და პრინციპებს ადგილზე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ასევე მეორე სასწავლო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც უკვე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ადგილებზე გაეცნობიან იმ პრაქტიკებს და მიდგომებს, რომლებსაც ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ სოციალური სერვისების ადვოკატირების მიზნით.

„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ პროექტის განაცხადის წერის დროს დაიწყო, როდესაც ეს ორგანიზაცია შეირჩა, როგორც პარტნიორი, რომელიც უმასპინძლებდა ქართულ სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომდგენლებს ჩეხეთში და გაუზიარებდა მათ ჩეხეთის გამოცდილებას სოციალური სერვისების მიწოდების კუთხით.

პირველი ასეთი სასწავლო ვიზიტი 2023 წლის ნოემბერში შედგა, როდესაც ქართული მხარე ეწვია ჩეხეთს და ადგილზე ნახა სხვადასხვა ჩეხური ორგანიზაციის გამოცდილება სოციალური სერვისების მიწოდების კუთხით. ამ ვიზიტს მოყვა ჩეხური და ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების დამეგობრების ინიციატივა, რომელიც რამდენიმე ერთობლივ აქტივობას მოიცავს.

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და სასარგებლოა ჩეხური გამოცდილების გაზიარება სოციალური სერვისების მიწოდების კუთხით. იმის ნახვა თუ რა მუშაობს, რა არა და რისი გადმოღება შეიძლება იქიდან. გასაგებია, რომ ასე პირდაპირ არაფრის გადმოღება არ იქნება შესაძლებელი, მაგრამ მათი გამოცდილების გაზიარება და ადაპტირება ქართულ რეალობაზე საკამოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია“ –  აღნიშნავს CENN-ის წარმომადგენელი პროექტის მენეჯერი, ნინო თევზაძე.

(2023 წელი – სასწავლო ტური ჩეხეთში) 

ჩეხური პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე საუბრობს პროექტის კოორდინატორი მარიკო წიქორიძე.

„ ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ამ პროცესში ვართ ჩართულები მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ერთმა ორგანიზაციამ შეძლოს დამეგობრება ჩეხურ ორგანიზაციასთან და საუკეთესო პრაქტიკის გადმოტანა, შემდეგ კი ამ პრაქტიკის სხვებისთვის გაზიარება. მე ველოდები, რომ ასეთი, პროექტის დასრულების შემდეგ ერთზე ბევრად მეტი იქნება, იმიტომ რომ სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა, საგრანტო შესაძლებლობების ფარგლებში 5-ზე მეტი შესაძლებლობის დანერგვა, დახვეწა და განვითარება დაისახეს მიზნად“ – გვიხსნის მარიკო წიქორიზე პროექტის კოორდინატორი.

„წმინდა მარგარიტას სახლი“ ჩეხეთში მოქმედი სოციალური სერვისის მიმწოდებელი ერთ-ერთი ორგანიზაციაა, ვისთან დამეგობრებაც უკვე შედგა და ამ ინიციატივის ფარგლებში, მათი გამოცდილების გაზიარება ქართული მხარისთვის გრძელდება. ორგანიზაცია 1993 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მთავარი მიზანი დედათა და ბავშვთა მხარდაჭერაა.

„პირველ რიგში, ეს უდიდესი შესაძლებოლობაა არა მხოლოდ იმ სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამავდროულად პროვაიდერები არიან საკუთარ რეგიონში ან მუნიციპალიტეტში და სერვისს აწვდიან თანამოქალაქეებს, არამედ იმ ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და საკუთრივ ქალთა უფლებების დაცვაზე მუშაობენ. ესაა ერთგვარი ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რომელიც გაძლევს გამოცდილებას და ამასთანავე გეხმარება, რომ საკუთარი სერვისები თანხვედრაში მოიყვანო საერთაშორისო სტანდარტებთან. განსაკუთრებით ,,წმ მარგარეტის სახლი” კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მარტოხელა დედებს და ძალადობა გამოვლილ ქალებს დაძლიონ საკუთარი პრობლემები, გახდნენ ძლიერები და მოხდეს მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, რისი პრობლემაც საქართველოს ყველა რეგიონში დგას.

ჩვენ გვაქვს თავშესაფრები, მაგრამ მათი უმრავლესობა ქაოსურად ფუნქციონირებს: არ არის გაწერილი ვადები, დახმარების, ქალების განვითარებისა თუ განათლების შესაძლებლობები, არ ხდება მონიტორინგი თავშესაფრის დატოვების შემდეგ რა ბედი ეწევათ ამ ქალებს. მართალია ამ ქალებთან მუშაობს სპეციალისტი სტრესის მართვაზე, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. შესაბამისად, ჩვენ შესაძლოა ყველა რეგიონი ვერ მოვიცვათ, მაგრამ ესაა საუკეთესო შესაძლებლობა, როცა ორგანიზაციებს, სერვის პროვაიდერებს აქვთ საშუალება იხილონ დასავლური მოდელი, შეძლონ პრაქტიკის გაზიარება, რეპლიკაცია და ბევრად მეტი შესაძლებლობების დანერგვა“ – მარიკო წიქორიძე, პროექტის კოორდინატორი.

ჩეხეთის დამეგობრებულ ორგანიზაციასთან პირველ ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში არსებული სოციალური სერვისები.

„წმინდა მარგარიტას სახლის“ წარმომადგენლებმა დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაგალითზე სოციალური პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. პრეზენტაცია ქვემო ქართლის მედიის ხელმძღვანელმა მანონ ბოკუჩავამ წარადგინა.

„ ჩეხეთში ვიზიტით, საჯარო და სამოქალაქო სექტორმა, ყველამ ერთად ვნახეთ რა მიდგომები აქვს ამ ქვეყნას სოციალური სერვისების მიმართ. ეყრდნობიან ადამიანის უფლებებს – ღირსეული ცხოვრების უფლებას და სწორედ, ამ ღირებულებზე დაყრდნობით ქმნიან სერვისებს. პროგრამების უმეტეს ნაწილში ინდივიდუალური მიდგომები აქვთ დანერგილი ბენეფიციარების მიმართ. სხვადასხვა საჭიროების ადამიანს უყურებენ როგორც ერთგვაროვან თემს, რომელსაც ერთი მიდგომა სჭირდება. გათვალისწინებულია ის, რომ ყველა ადამიანს თავის სურვილი, ცხოვრებისეული წესები აქვს და ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული. ამიტომ, დღეს ჩვენი თანამშრომლობა ჩეხურ ორგანიზაციებთან მნიშვნელოვანია და ნამდვილად სიკეთის მომტანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება“- მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლის მედია, პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია.

აღნიშნულ შეხვედრაზე, თავის მხრივ „წმინდა მარგარიტას სახლის“ ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ჩეხეთში არსებული სოციალური სერვისების გაუმჯობესებაზე, პანსიონატში მარტოხელა დედების ცხოვრების ვადებსა და პირობების შესახებ.

ჩვენი ბენეფიციარები არიან დედები რომელთაც პატარა ბავშები ჰყავთ და მათ გაზრდა სჭირდებათ. ჩვენ არ გვაქვს სპეციალური გადამზადების პროგრამები დედებისთვის, თუმცა ჩეხეთში არის სახელმწიფო დასაქმების ორგანო, რომლსაც ჩვენი სერვისიდან გასვლის შემდგომ შეუძლიათ მიმართონ.

სოციალური მუშაკები და კონსულტანტები ჩვენს ბენეფიციარ დედებს ასწავლიან ცხოვრების ძირითად უნარ ჩვევებს, ეს შეიძლება იყოს საჭმლის მომზადება, კერვა,  საწყისი კომპიუტერული განათლება, დასუფთავება და ა.შ

ჩეხეთში, ნამდვილად გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება სოციალური სერვისების მიწოდების კუთხით და ჩვენ მოხარულები ვართ ყველანაირი გამოცდილება თქვენ გადმოგცეთ, რადგან საქართველოში სოციალური მომსახურების სფერო გაუმჯობესდეს და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით“ – მონიკა ზეუცკა „წმინდა მარგარიტას სახლის“ ხელმძღვანელი.

ჩეხურ ორგანიზაციასთან დამეგობრების მნიშვნელობაზე საუბრობს, ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ზურაბაშვილიც. ცენტრი, ბოლნისში ერთ-ერთი სოციალური სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ბენეფიციარებს სხვადასხვა სასწავლო სერვისს სთავაზობს.

„სოციალური მომსახურების მიწოდება ჩეხეთში კანონით რეგულირდება და ასევე ორგანიზაცია გაწეულ სერვისებში იღებს ფულად ანაზღაურებას სახელმწიფოსგან.  ჩემი ორგანიზაცია სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციაა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იყო გამოცდილების გაზიარება, რადგან ახლის გამოგონების ნაცვლად პირდაპირ შეგვიძლია გადმოვიღოთ ის სერვისები, რომლებიც უკვე დანერგილია და გამოცდილია. მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება არსებული სერვისების დახვეწასა და განვითარებაში.

იქიდან გამომდინარე, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ჩვენ გავცემთ მსგავს სერვისს,  მოლოდინი საკმაოდ დიდი გვაქვს, რადგან ჩეხურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მოგვცემს განვითარების უფრო მეტ შესაძლებლობას, როგორც ორგანიზაციული,  ასევე სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით.  მათთან თანამშრომლობის შედეგად გაიზრდება ჩვენი ხარისხი და სტანდარტი, რაც პირდაპირ  პროპორციულია ბენეფიციარების კმაყოფილებასთან“ირმა ზურაბაშვილი.

ჩეხეთში მომუშავე ორგანიზაციებთან დამეგობრების პროცესი გრძელდება და  მეორე შეხვედრა ივლისს თვეში იგეგმება რომლის დროსაც, ქართული მხარე უკვე კონკრეტულ ინიციატივებთან დაკავშირებით მიიღებს რჩევებს კოლეგებისგან.

მსგავს თემაზე: ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვემო ქართლში ახალი სოციალური სერვისები ინერგება

ავტორი: ნინო ბერიძე

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია QvemoQartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.