დმანისსა და წალკაში ევროკავშირის მხარდაჭერით ორი ახალი სოციალური სერვისი ინერგება
CENN-ის პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ფარგლებში გამოცხადებულ თანამონაწილეობით საგრანტო კონკურსს ორი გამარჯვებული ჰყავს. ახალი სოციალური სერვისების შესაქმნელად, პროექტები დმანისსა და წალკაში, ევროკავშირის მხარდაჭერით, განხორციელდება.
თანამონაწილეობითი საგრანტო კონკურსი ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის იყო გამოცხადებული და ინოვაციური და საჭიროებებზე ორიენტირებული სოციალური სერვისების შექმნასა და განვითარებას ითვალისწინებდა.
,,თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი“ – ასეთია პროექტის სახელწოდება, რომელიც დმანისში განხორციელდება. წალკის მუნიციპალიტეტში კი ოჯახში მარტოდ მცხოვრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების/მზრუნველების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროექტი ამოქმედდება.
დმანისის მუნიციპალიტეტში პროექტს იძულებით გადადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობა“, არასამთავრობო ორგანიზაციასთან ,,მხარდაჭერის სახლი“ განახორციელებს. ინიციატივა ითვალისწინებს შეიქმნას თაობათაშორისი ურთიერთმხარდაჭერის სოციალური სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებსა და სოციალურად დაუცველ მოზარდებს სოციალიზაციაში, ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ერთის მხრივ, უფროსი თაობის რესოციალიზაცია და მათი აქტიური ცხოვრების ხელშეწყობა, და მეორე მხრივ, მოზარდი თაობის ცოდნის გაღრმავება და მათი ტექნოლოგიური უნარ – ჩვევების გაძლიერება. პროექტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყება და 2025 წლის თებერვალში დასრულდება.
„მხარდაჭერის სახლის“ დირექტორი მარინა ფოჩხუა აღნიშნავს, რომ პროექტი მოსახლეობის სხვადასხვა ასაკის და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლისათვის, მუნიციპალიტეტის და სამოქალაქო ორგანიზაციის თანამშრომლობით, მდგრად და ინოვაციურ სოციალურ სერვის ქმნის.
„პროექტის მიზანია შეიქმნას თაობათაშორისი ურთიერთმხარდაჭერის სოციალური სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებსა და სოციალურად დაუცველ მოზარდებს მათი სოციალიზაციის, ცოდნის და უნარების გაუმჯობესებას. მიზნის მისაღწევად უნდა მოხდეს, ერთის მხრივ, მოზარდი თაობის და ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება და მათი ტექნოლოგიური უნარ – ჩვევების გაძლიერება და მეორეს მხრივ, თაობათაშორისი ურთიერთობების, ცოდნის და უნარების ურთიერთ გაძლიერება, ხანდაზმულებისა და ახალგაზრდების დაინტერესებითა და პროექტში მათი ჩართულობით“,- მარინა ფოჩხუა, „მხარდაჭერის სახლი.“
პროექტის ფარგლებში 8 ახალგაზრდა ლიდერი გაივლის ტრენინგს „კოდინგის“ ბაზისურ უნარებში, 15 ბავშვს შესაძლებლობა ექნება ისწავლონ ან გააუმჯობესონ ინგლისური ენის უნარები, ასევე, აკადემიური მოსწრება. დამატებით ისინი ისწავლიან და შეიძენენ კოდინგის ძირითად უნარებს. პროექტში ასევე ჩაერთვება 15 ხანდაზმული, რომლებიც შეიძენენ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებს, ექნებათ სოციალურ ქსელებში ჩართვის საშუალება, წვდომა მათთვის სასურველ და სასარგებლო ინფორმაციაზე. პროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს ახალგაზრდების განათლების მხარდაჭერაში მოხდეს ხანდაზმულების ჩართულობა, რაც თავის მხრივ ხანდაზმულების რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს.
წალკის მუნიციპალიტეტში პროექტს ახორციელებს თანამონაწილეობითი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისათვის.“
მათი პროექტის მიზანი ოჯახში მარტოდ მცხოვრები ან/და შშმ ბავშვის მშობლების/მზრუნველების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებაა.
პროექტი მარტოდ მცხოვრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების/მზრუნველების მხარდაჭერას ითვალისწინებს, რათა ისინი ეფექტიანად გაუმკლავდნენ მათ წინაშე მდგარ ფსიქო-სოციალურ გამოწვევებს.
ასევე, ერთ-ერთი ამოცანაა მარტოდ მცხოვრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების/მზრუნველების დასაქმების და თვითდასაქმების ხელშეწყობა.
პროექტის ამოცანების განსახორციელებლად სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის ტრენინგები, ფსიქო-ემოციური და მშობლის უნარების გაძლიერების ინდივიდუალური კონსულტაციები.
მარტოდ მცხოვრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების/მზრუნველების დასაქმების და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის კი ძიძების პროგრამის დაწყება იგეგმება.
ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ნანა ლომაძე აღნიშნავს, რომ პროექტი მონაწილეებს განვითარების შესაძლებლობებს აძლევს.
„პროექტი დეტალურადაა გაწერილი. გეგმა (ინდივიდუალური განვითარების) იმდენად დეტალურია, რომ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს რაღაც შეისწავლოს, განვითარდეს ამის შესაძლებლობა ნამდვილად ექნება.
თავდაპირველად მოხდება გასაუბრება. პროგრამისთვის შეირჩევიან ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად მზად არიან, რომ ამ პროგრამაში ჩაერთონ. მათთვის ინდივიდუალური განვითარების გეგმა გაიწერება და ამის მიხედვით მოხდება მათთან მუშაობა. მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა გადაემზადონ, განივითარონ უნარები დასაქმებისა და თვითდასაქმების მიმართულებით“,– ნანა ლომაძე, „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“. პროექტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყება და 2025 წლის აპრილში დასრულდება.
„სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ფარგლებში თანამონაწილეობითი საგრანტო კონკურსი 2023 წლის ოქტომბერში გამოცხადდა.
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მერიების თანამშრომლობას მუნიციპალურ დონეზე არსებული საჭიროებების შესაბამისი ინოვაციური პილოტური სოციალური სერვისების შექმნასა და განხორციელებაში. ორივე პროექტი და მათში გაწერილი ყველა საქმიანობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ხორციედლება CENN -ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაცებთან CTC, ქვემო ქართლის მედია და პირველი ევროპელი, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
ავტორი: გურანდა ფუტკარაია
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია QvemoQartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.