დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ,,სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

,,სამართლიანმა არჩევნებმა“ დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა საჩივრით, რათა შეესწავლათ პოლიტიკური რეკლამის სავარაუდო გავრცელება ,,გაზეთ დმანისში.“

შპს გაზეთი დმანისის 100%-ის მფლობელი ადგილობრივი თვითმმართველობაა. საჩივარი ეხებოდა მასალას სათაურით: ,,მზადება დიდი არჩევნებისთვის“, რომელსაც ახლდა ფოტო „ქართული ოცნების“ დროშებით. თავად მასალა კი შედგებოდა ინტერვიუსგან დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან.

დმანისის საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილების მიღებისას გაზეთის დირექტორის, რაინდი ასლამაზაშვილის განმარტებას დაეყრდნო, რომლის განცხადებითაც, გაზეთში გამოქვეყნებული სტატია არ შეიცავს პოლიტიკური რეკლამის ნიუანსებს როგორც შინაარსობრივი, ასევე მიზნობრივი თვალსაზრისით.

რაც შეეხება სტატიაზე დართულ ფოტოს, გაზეთის დირექტორის განმარტებით, ის გამოყენებულია საარჩევნო პროცესის ვიზუალურად გამოსახვის მიზნით და პოლიტიკურ რეკლამასთან არ აქვს კავშირი.

საბოლოო ჯამში, დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ,,სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი არ დააკმაყოფილა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველიც არ დაადგინა.

QvemoQartli.ge