დმანისის თვითმმართველობამ ახალი სოციალური პროგრამების განხორციელება დაიწყო

წელს, დმანისის მუნიციპალიტეტმა ექვსი ახალი სოციალური პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამების ჩამონათვალი ასეთია:

  • 18 წელს გადაცილებულ შეზღუდული შესაძლებლობის ქალთა და 18  წლამდე შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირთა 2023 წლის სოციალური დაცვის  მუნიციპალური ქვეპროგრამა;
  • მარჩენალდაკარგული, დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვის 2023 წლის ქვეპროგრამა;
  • ხანდაზმულთა შინმოვლისა და ჯანსაღი დაბერების თანადაფინანსების 2023 წლის ქვეპროგრამა;
  • დმანისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკარო სტატუსის მქონე მრავალშვილიანი (არასრულწლოვანი) ოჯახების დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის 2023 წლის ქვეპროგრამა;
  • ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამაში ჩართული 0-18 წლამდე შშმ სტატუსის  მქონე არასრულწლოვანი, ბავშვიანი ოჯახების ქირით უზრუნველყოფის 2023 წლის ქვეპროგრამა;
  • ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა  და დახმარების (ქირით უზრუნველყოფის ) ქვეპროგრამა;

QvemoQartli.ge დაინტერესდა, როგორ მოხდა ამ პროგრამების შემუშავება, როგორია მათი ბიუჯეტი და ბენეფიციარების რაოდენობა.

დმანისის თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ  ,,18 წელს გადაცილებულ შეზღუდული შესაძლებლობის ქალთა და 18   წლამდე  შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირთა 2023 წლის სოციალური დაცვის   მუნიციპალური ქვეპროგრამა“  შემუშავდა იმ რეკომენდაციების საფუძველზე, რომელიც მათ მიიღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან. რეკომენდაციები კი მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანგარიშის  ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებსა და გოგონების საჭიროებებისა მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება საქართველოში“ მიხედით. კვლევით დოკუმენტში გათვალისწინებული იყო რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობებისთვისაც. ასევე პროგრამის შემუშავებაში გაითვალისწინეს  დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმა. პროგრამის ბიუჯეტი 52 400 ლარია.

მეორე ახალ პროგრამასთან დაკავშირებით: ,,მარჩენალდაკარგული, დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვის 2023 წლის სოციალური ქვეპროგრამა“ დმანისის მერიაში აცხადებენ, რომ ინიციატივა მიიღეს ბავშვზე ზრუნვისა და მხარდაჭერის განყოფილებიდან მათ. ამ კატეგორიის 145 ბავშვი ჰყავთ.

ხანდაზმული მოქალაქეებთვის კი ახალ პროგრამას დმანისის მუნიციპალიტეტი სამოქალაქო სექტორთან პარტნიორობით ახორციელებს.  ,,ხანდაზმულთა შინმოვლისა და ჯანსაღი დაბერების თანადაფინანსების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა“ ხორციელდება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას, hilsferk internationals – სა და ქალთა ასოციაცია ,,თანხმობას“ შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში. პროგრამა ითვალისწინებს შინმოვლას (20 ბენეფიციარი) და „მხარდაჭერის სახლი“ (30 ბენეფიციარი). პროგრამის  ბიუჯეტი 150 000 ლარია. თანხის დიდი ნაწილი 120 000 ლარი, არის ორგანიზაცია hilsferk international-ის გამოყოფილი.

დმანისის სოციალური პოლიტიკა, მიმდინარე წელს, მოიცავს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უსახლკარო პირთა საჭიროებებსაც. კერძოდ, მუნიციპალიტეტმა დაიწყო ახალი პროგრამა ,,დმანისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკარო სტატუსის მქონე მრავალშვილიანი (არასრულწლოვანი) ოჯახების დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის 2023 წლის ქვეპროგრამა“. დმანისის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, საკრებულომ გამოსცა დადგენილება  ,,დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ.“ შესაბამისად, დმანისის მერია აწარმოებს აღრიცხვას უსახლკარო პირთა, ანიჭებს მათ სტატუსს და ახალი პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს საცხოვრისით.  პროგრამის ბიუჯეტი 45 000 ლარია.

შშმ სტატუსის მქონე ბავშვთა მხარდაჭერისთვის დმანისის მუნიციპალიტეტმა დაიწყო პროგრამა სახელწოდებით: ,,ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამაში ჩართული  0-18 წლამდე  შშმ სტატუსის  მქონე არასრულწლოვანი, ბავშვიანი ოჯახების ქირით უზრუნველყოფის 2023 წლის ქვეპროგრამა.“ ამ ეტაპზე, დმანისის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში ორი ოჯახი ჰყავთ, რომლებიც თბილისში იღებენ სამედიცინო მომსახურებას და მერია მათ უზრუნველყოფს ქირით. პროგრამის ბიუჯეტი 18 000 ლარია.

მეექვსე პროგრამა, რომელიც სიახლეს წარმოადგენს დმანისის მუნიციპალიტეტისთვის გახლავთ: „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა  და დახმარების (ქირით უზრუნველყოფის ) ქვეპროგრამა”. ქირის ღირებულება ყოველთვიურად შეადგენს არაუმეტეს 500 ლარისა. პროგრამის ბიუჯეტი 18 000 ლარია.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით