,,დამერწმუნეთ ეს ხანგრძლივვადიანი ზემოქმედება უკვალოდ არ ჩაივლის“ – წიწაკის სპრეის, მხუთავი აირისა და წყლის კომბინაცია

თბილისში საპროტესტო აქციების მეათე დღეა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, პერიოდულად, მოქალაქეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის, მხუთავ აირს (CS ან CN) და წყლის ჭავლს იყენებს. ცხადია, ყველა ქიმიურ ნივთიერებას გამოყენების კონკრეტული ინსტრუქცია გააჩნია. ხოლო, ამ ინსტრუქციის დარღვევა ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია.

ქიმიური ნივთიერებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ პროტესტის ცალკეულ მონაწილეს, ვინც დარბევისას წინა ხაზზე დგას, არამედ იქ მყოფ ნებისმიერ ადამიანს. მათ შორის, სპეცდანიშნულების რაზმის კარგად აღჭურვილ წევრსაც. ,,დამერწუმენეთ ეს ხანგრძლივვადიანი ზემოქმედება უკვალოდ არ ჩაივლის ექსპოზირებული ადამიანების ჯანმრთელობის თვალსაზრისით, იქნებიან ესენი მშვიდობიანი პროტესტანტები, ახლოში მცხოვრები მოსახლეობა თუ თვითონ სპეცრაზმელები,” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

ნივთიერებების ხანგრძლივი გამოყენების ეფექტები

წიწაკის სპრეის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ზედაპირის, თვალის ლორწოვანი გარსის, ფილტვებისა და ნერვული სისტემის დაზიანება:

  • წიწაკის სპრეის ხანგრძლივი გამოყენებისგან შეიძლება განვითარდეს კონიუნქტივიტი ანუ თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და კერატიტი იგივე რქოვანას გაღიზიანება, რქოვანას ანთებითი რეაქცია, რომელიც შესაძლოა საჭიროებდეს სამედიცინო ჩარევას;
  • ნივთიერების გამოყენება იწვევს ფილტვების დაზიანებას: მუდმივ ხველას, ბრონქოსპაზმსა და ასთმის გაუარესებას;
  • წიწაკის სპრეის ეფექტია ქავილის ან ქიმიური დამწვრობის წარმოქმნა;
  • განმეორებით ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ტკივილი ან მგრძნობელობის დაკარგვა.

მხუთავი აირის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის ქრონიკული, თვალის მუდმივი დაზიანება, ლორწოვანის ქიმიური დამწვრობა და გულის პრობლემები.

  • ბრონქიტი, ფილტვის ქსოვილის დაზიანება, სუნთქვის მუდმივი გაძნელება;
  • კატარაქტა ან სხვა თვალის პათოლოგიები;
  • თუ აირი გამოიყენება მაღალ კონცენტრაციაში ან ახლო მანძილზე, შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის ინფიცირება ან ლოკალური ნეკროზი;
  • სტრესისა და მხუთავი აირის კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, არითმია ან გულის შეტევა.

განსაკუთრებულ რისკ ჯგუფებში ასთმით, ალერგიით ან ფილტვის დაავადებების მქონე ადამიანები, ორსულები, ბავშვები და ხანდაზმულები არიან.

ექიმები აცხადებენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პირებში ეფექტები გაცილებით მძაფრი და საშიშია. ბავშვებსა და ხანდაზმულებში კი ორგანიზმის უფრო სუსტი რეაქცია ჯანმრთელობის სერიოზულ გართულებებს იწვევს.

წიწაკის სპრეის, მხუთავი აირისა და წყლის კომბინაცია

ექიმების განმარტებით, განსაკუთრებით სარისკოა წიწაკის სპრეისა და მხუთავი აირის შერევა წყალთან. ,,მხუთავი აირის ზემოქმედება შეიძლება გახდეს უფრო მწვავე, რადგან წყლის წვეთები ხელს უწყობს აირის ჩასვლას ფილტვებში (მაღალი კონცენტრაციით). იწვევს მძიმე ბრონქოსპაზმს, ფილტვების შეშუპებას ან სასუნთქი სისტემის კოლაფსს, ხოლო წიწაკის სპრეისა და მხუთავი აირის მაღალი კონცენტრაციამ (განსაკუთრებით წყლის შერევით) შესაძლოა გამოიწვიოს კანის ქიმიური დამწვრობა, თვალის დაზიანება და ალერგიული შოკი”, – წერს ექიმი ზურა სიხარულიძე.

აქციის მონაწილეები უკვე რამდენიმე დღეა ამბობენ, რომ წყლის ჭავლში წიწაკის სპრეი არის გარეული. წიწაკის სპრეის კვალი მათ ტანსაცმელზეც ჩანს, ის მოწითალო შეფერილობის არის. ექიმი გიორგი კამკამიძის თქმით, ეს კომბინაცია სახელმწიფოს მიერ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ,,ქიმიური იარაღია.”

,,ქიმიურ იარაღად შეკრებების დასაშლელად განკუთვნილ ნივთიერებებს აქცევს მათი შერევა წყალთან, რომელიც მაღალი წნევის ნაკადით, დამიზნებით მიემართება მშვიდობიანი მიტინგის დაუცველი მონაწილეებისაკენ. ამგვარად, წყლის ნაკადი წარმოადგენს ქიმიური ტოქსიური ნივთიერების გადამტანს, ხოლო ქიმიური იარაღის განმარტება სხვა რა არის თუ არა „ტოქსიური ნივთიერება + გადამტანი საშუალება ადამიანების მასიური დაზარალებისათვის,“ – წერს ექიმი გიორგი კამკამიძე. მისივე ინფორმაციით, ქიმიური ნივთიერების მაღალი დოზით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომა, სიბრმავე, სასუნთქი სისტემის ლორწოვანი გარსის დამწვრობა, ალერგიული შოკი და უეცარი სიკვდილი.

ფსიქოლოგიური დახმარება

მოქალაქეები აქციაზე დგომისას ფიზიკური საფრთხის გარდა, ფსიქოლოგიურ გართულებებზეც საუბრობენ. ფსიქოლოგები პროტესტის მონაწილეებს ურჩევენ, რომ სტრესის, დისოციაციისა და პანიკური შეტევის დროს დახმარება ერთმანეთს აღმოუჩინონ. ფსიქოლოგი მაია ცირამუა წერს, რომ პანიკური შეტევის დროს აუცილებელია: საყრდენის შეგრძნების დაბრუნება, ჭარბი ადრენალინისაგან გათავისუფლება, სუნთქვის დარეგულირება, ცნობიერების სიცხადის აღდგენა და ნერვული სისტემის ოპტიმალურ მდგომარეობაში დაბრუნება.

ფოტო: მანონ ბოკუჩავა