„დაკავებულ მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობიან” (30 ნოემბრის და 1-2 დეკემბრის დაკავებები)
28 ნოემბერს მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება საზოგადოებას გააცნო და უთხრა, რომ ,,ქართული ოცნება” ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს 2028 წლამდე შეაჩერებდა. ბრიფინგის შემდეგ მოქალაქეების პროტესტი დაიწყო. უკვე მეექვსე დღეა მასშტაბური აქციები ეწყობა პარლამენტის წინ. საპოლიციო ძალები მოქალაქეების დაშლას არაპროპორციული ძალის გამოყენებით ცდილობს. სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდება კადრები, როგორ ძალადობს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ადამიანებზე. დაკავებული მოქალაქეები კი იმ არაადამიანური მოპყრობის შესახებ ყვებიან, რაც მათ დაპატიმრებისა და იზოლატორებში გადაყვანის დროს გადახდათ.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დაკავებული პირების უმეტესობა არის ნაცემი, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას ადგილი ჰქონდა როგორც დაკავების დროს, ასევე – დაკავების შემდეგ პერიოდში – ცემის პარალელურად დაკავებულებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ და უყვიროდნენ.
,,მათ აღენიშნებათ სისხლჩაქცევები მთელს სხეულზე, აქვთ დაზიანებები სახის არეში – ცხვირისა და ყბის მოტეხილობების სახით. კლინიკაში მოთავსებულ ყველა პირს აქვს ტვინის შერყევა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ჰემატომები, უჭირთ გადაადგილება და საუბარი,” – წერია სამართლებრივი დახმარების ქსელის განცხადებაში.
მოქალაქეები ყვებიან, რომ მანქანაში, სადაც პოლიციას დაკავებული ადამიანები მიჰყავდა, ყველა ნაცემი იყო და მათზე ფიზიკური ძალადობა სამარშუტოშიც გრძელდებოდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილე საბა ხარაიშვილი 3 დეკემბრის 01:00-02:00 საათის შუალედში დააკავეს და აცხადებს, რომ სცემეს მანქანაში. ჰოსპიტალიზებულია ტვინის შერყევით, თვალბუდის ძვლისა და ცხვირის მოტეხილობით.
დაკავების ეპიზოდს იხსენებს ,,რადიო თავისუფლების’’ პროდიუსერი ბექა ბერაძეც. მისი თქმით, პოლიციელების მხრიდან დაცინვა, ცემა და ტერორი ე.წ. შავ მარშუტკაში დაახლოებით 40 წუთი გრძელდება. ,,მე ვიჯექი ყველაზე ახლოს მიკროავტობუსის კარებთან, რომელიც ჯამში სამჯერ გაიღო და ვინც შემოდიოდა, ყველა სახეში მირტყამდა. ბოლო ჯერზე სახეზე ხელი ავიფარე და წიხლებით მცემეს.’’
არასამთავრობო ორგანიზაციები და დაკავებულებიც ყვებიან, რომ პოლიციას მოქალაქეების ცემისას ვიღაც კაცი ადევნებს თვალს, რომელიც თვალყურს ადევნებს ცემის პროცესს, რომ ვიღაც იმდენად არ დაშავდეს, რომ მოკვდეს. აქციის მონაწილე დავით ჯანიაშვილი ყვება, რომ მისი ცემა დაკავების მომენტიდან იზოლატორამდე გაგრძელდა.
,,ზუსტი ხაზი ჰქონდათ გავლებული, სადამდე უნდა ვეცემე, რომ მე რაღაც ისეთი დაზიანება არ მქონოდა, რომ რაღაც მომხდარიყო. შედარებით ასაკოვანი ადამიანი იყო, მე მახსოვს ეგეთი მომენტები, რომელიც ეუბნებოდა, სახეში მეტი აღარ დაარტყათ, ტანში და ფეხებში ურტყითო. გადავიდნენ ფეხებზე და ტანზე და ფეხები ისეთ მდგომარეობაში მქონდა, რომ ახლაც ვეღარ დავდივარ. ფეხზე ვერ ვდგები ჯერჯერობით, კუნთები მეკეცება. მე ახლა თავი მაქვს გატეხილი, კბილები მაქვს ჩამტვრეული, სახის და ყბების სახსრები მაქვს დაჭიმული, ნეკნები და ზურგის კუნთები მაქვს დაჟეჟილი,” – ყვება ჯანიაშვილი.
მსგავს სცენაზე საუბრობს დაკავებული გიორგი ჩუტკერაშვილიც.
,,ხელის მოტეხვას შეეცადნენ, ვგრძნობ, რომ სადაცაა მომტყდება ხელი და მაგ დროს შემოვიდა ის უფროსი და უთხრა, რომ მაგას ნუ აკეთებო და კეფაში ნუ ურტყამთო. მაინც მომხვდა კეფაში ერთი ათჯერ. წიხლი, ფეხი, მუშტი, ხელში რაღაც პლასტმასები ჰქონდათ, ყველაფერი მირტყეს. ფოტო გადამიღეს, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიღაცისთვის უნდა ეჩვენებინათ. ეს ჩატები აინტერესებდათ, როგორ აორგანიზებო. მე ვუთხარი, რომ არაფერს ვაორგანიზებ, უბრალოდ, მონაწილე ვარ და ბრაზი გამოვხატე,” – ამბობს მოქალაქე.
აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე ავთანდილ ტიტვინიძე ამბობს, რომ რამდენიმე სპეცრაზმელი დაკავებისას სასტიკად გაუსწორდა და ხელკეტით გაუტეხა ცხვირი. ხოლო როდესაც იგი ექიმის დახმარებას ითხოვდა, პოლიციის თანამშრომლებმა ნახმარი წინდა მიაწოდეს და იმით შესთავაზეს სისხლის შეჩერება. ტიტვინიძის უფლებებს სასამართლოში ,,უფლებები საქართველო” იცავს. მათი განცხადებით, ,,30 ნოემბერს აქციაზე დაკავებული და ნაცემი ავთანდილ ტიტვინაძე, რომელსაც ჰქონდა ღია ჭრილობა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა, აწუხებდა ძლიერი ტკივილები, იზოლატორის ექიმებმა არ გადაიყვანეს კლინიკაში. 2 დეკემბრის 00:30 საათზე მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, რა დროსაც იგი შეუძლოდ გახდა.”
გარდა ფიზიკური ძალადობისა, ორგანიზაციები პოლიციის მხრიდან პირადი ნივთების შესაძლო ქურდობაზეც საუბრობენ.
,,სპეცრაზმელები დაკავებულებს ხდიდნენ ფეხსაცმელებს და ბევრი მათგანი ფეხშიშველი მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. სპეცრაზმელები დაკავებულებს მობილურ ტელეფონებსაც ართმევდნენ და სთხოვდნენ კოდის მოხსნას,” – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც არაადამიანურ და ღირსების დამამცირებელ მოპყრობის ფაქტზე თითოეული დანაშაულის მყისიერ გამოძიებას ითხოვენ.
შსს კი აცხადებს, რომ ძალოვანი უწყებები კანონის შესაბამისად მოქმედებენ.