„დავათრევთ მეშოკებს, ვზივართ სიცივეში“
რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე, ღია ტიპის აგრარული ბაზარი წლებია ფუნქციონირებს. აქ, ქალები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ყიდიან – მათთვის არც მძიმე ტვირთის აწევაა უცხო და არც ქარსა და წვიმაში საათობით დახლთან დგომა.
არ არიან მედიასთან ურთიერთობას მიჩვეულნი. გვესაუბრებიან სახელების და გვარების დასახელების გარეშე.
„ ქალისთვის რთულია აქ მთელი დღე დგომა. ოჯახი მთელი დღე მიტოვებული გვაქვს. დაღლილი, რომ მიხვალ მერე სახლის საქმე უნდა აკეთო, აბა ვინ გაგიკეთებს?! ძნელია ქარში, სიცივეში აქ რომ გიწევს ყოფნა,“ -ამბობს ერთ-ერთი სტამბულის ბაზრის მოვაჭრე ქალი. გვიხსნის, რომ ზოგმა ვინც ეს ვერ შეძლო, ქვეყანა დატოვა და ემიგრანტად იქცა.
მოვაჭრე ქალების უმრავლესობა ბაზარში დილის 07:00 საათზე იწყებს მუშაობას. მათ შორისაა ჩვენი მეორე რესპონდენტიც.
„ დილის 07:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე აქ, ვარ ყოველდღე. ოჯახს პურის ფული უნდა. ჯერ პენსიონერი არ ვარ. ავად ვარ და ამისთვის ფული მჭირდება. გული მტკივა..წამლებით ვცხოვრობ. აქ, წამლის ფულისთვის ვდგავარ.“
მოვაჭრე ქალებისთვის ერთ-ერთი სირთულე, ყოველდღე სიმძიმეების აწევაა. დღის განმავლობაში კი ამის კეთება, ხშირად უწევთ.
„ მეშოკებიც გვიწევია, სიმძიმეებიც გვიწევია, მაგრამ კლიენტი, ვაჭრობა არ არის. სტადიონივით არის ბაზარი. ეს პრობლემაა.. წლებია ვვაჭრობ. რა ვქნათ, რაც დარჩება ის მაინც მიგვაქვს სახლში და ამით ვიკვებებით.“
„ რომ არ იყიდება ვინახავთ, ვინახავთ და მერე ნახევარ-ფასში ვყიდით. 25 წელია ვვაჭრობ. ბოლო 2-3 წელია ბაზარი არ არის. ზაფხულში ადვილია გარეთ დგომა, ზამთარში გვიჭირს“.
ბაზარში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ქალები ვაჭრობენ. ზოგიერთი მათგანი იმაზეც საუბრობს, რომ „სახლში მხოლოდ დასაძინებლად“ მიდის და ამბობს იმასაც, რომ მყიდველებისგან დამამცირებელი მოპყრობას იტანს.
„ სიცივეში ვზივართ, ზოგი არ გელაპარაკება ისე როგორც საჭიროა, ძალიან დამამცირებლად გვექცევიან. ჩვენს მიმართ არ არის კარგი დამოკიდებულება აქ, არც სისუფთავეა. ზოგჯერ რომ მოვდივართ ადგილი არ გვხვდება, გვასწრებენ. ვინც მთლიანი თვის საფასური გადაიხადა ის გადახურულში ზის. ზოგი კი სიცივეში ვზივართ, მთელი დღე. სახლში მარტო დასაძინებლად მივდივართ…. ასე გამოდის….“
საუბრობენ იმაზეც, თუ რატომ არასდროს სრულდება მათი მძიმე შრომა.
„ქალი ვარ და დამღლელია მთელი დღე ბაზარში დგომა. სათითაოდ აუწონე ყველას, ამდენი ყუთები მიიტანე. ვწევ ამ სიმძიმეებს..ხანდახან ჩემი ბიჭიც მეხმარება. ყოველდღიური ჩეკი ხომ მაინც უნდა გადავიხადო, ამიტომ მიჯაჭვული ვარ ამ ადგილს, ვერსად მივდივარ.“
ავტორი: მირანდა ფუტკარაია
სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.