დაბა კაზრეთში სასმელი წყლის ავზთან ცხოველის ლეში იპოვეს

1 ივლისს,  ბოლნისის რაიონის  დაბა კაზრეთის მაცხოვრებლებმა სასმელი წყლის ავზთან მკვდარი ძაღლი იპოვეს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ შესაძლებელია ცხოველის ლეში ე.წ. “ვინტილში” [წყლის სისტემის ჩამკეტი, რომლის ზედაპირზეც, მოცემულ შემთხვევაში, წყალი იყო ჩაგუგებული] დღეების ან კვირების განმავლობაში ეგდო, რის შედეგადაც დიდია წყლის დაბინძურების ალბათობა. 

ცხოველის ლეში, რომელიც დაბა კაზრეთის სასმელი წყლის არხის ჩამკეტის გარშემო არსებული წყლის გუბურადან ამოიღეს. ფოტოს ვაქვეყნებთ მცირე ფორმატით, რათა მკითხველებში მძიმე განცდები არ გამოვიწვიოთ.
დაბა კაზრეთი. ცხოველის ლეშის სასმელი წყლის ავზის ჩამკეტთან ხილვამ, ადგილობრივები შეაშინა.

მოსახლეობა შიშობს რომ დაბინძურებული წყალი, სასმელი წყლის მილებში ხვდება და ამის შემდეგ ადგილობრივების ონკანებში მოედინება. აღნიშნული ავზიდან წყალი დაბა კაზრეთის ასობით მოსახლეს მიეწოდება.

დაბა კაზრეთი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი

სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტს სრულიად გამორიცხავს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. ბოლნისის  წყალმომარაგების სერვისცენტრის მენეჯერი გია ყიფიანის თქმით, ჭაში დაგუბებული დაბინძურებული წყალი, სასმელი წყლის მილებში ვერ მოხვდება, იგი მხოლოდ მიწაში იღვრება. 

პასუხისმგებელი პირები

მოსახლეობა კი დარწმუნებულია რომ ე.წ ღია ტიპის ავზი წყლის დაბინძურების წყაროა. შეკრებილების ინფორმაციით, კაზრეთელები წლებია ითხოვენ “ღია ტიპის” წყლის დაზიანებული ავზის შეცვლას, თუმცა ამაოდ. მოსახლეობა ირწმუნება, რომ კაზრეთის მაჟორიტარმა დეპუტმა – გია ბასილაშვილმა, ბოლნისის რაიონის საკრებულოში პრობლემის შესახებ დიდი ხანია იცის, არჩევნებამდე ამ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა ჭა გუშინდლამდე მოუწესრიგებელი იყო, პრობლემა კი მოუგვარებელი.

2 ივლისის, დილიდან კი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ავზის შეკეთება დაიწყო. მუშების ინფორმაციით დაზიანებულია ე.წ ურდული, რომელსაც მოსახლეობა წყლის გადასაკეტად – მოსაშვებად იყენებს.  მუშების განმარტებით, “ურდული” დაზიანებულია, წყალი ჟონავს და ჭაში გროვდება. იმის გამო რომ ჭა გადახურული არ არის, დაგროვილი წყალი ბინძურდება.

მოსახლეობა ეჭვობს, რომ როდესაც წყალი წყდება [დ. კაზრეთს წყალი გრაფიკით მიეწოდება] და მილებში წყალი თავდება, დაბინძურებული წყალი დაზიანებულ მილებში ბრუნდება, ამის შემდეგ უკვე გამოშვებულ წყალთან ერთად ადგილობრივების ონკანებში მოედინება. 

ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს როგორც გამგებლის წარმომადგენელი დაბა კაზრეთში, ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. ორივე მათგანი ირწმუნება, რომ წყალი მიწაში ჩადის და მისი მილებში ჩაბრუნების ალბათობა არ არსებობს.

ამის მიუხედავად, გია ყიფიანის ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, წყლის აღნიშნულ ავზზე მიერთებული აბონენტების ონკანებიდან, წყლის სინჯის აღებასა და მის ლაბორატორიულ შემოწმებას აპირებს. შედეგები, სავარაუდოდ, ხვალისთვის იქნება ცნობილი.

დაბა კახრეთში, წყალგაყვანილობის სისტემის გაუმართაობაზე მოსახლეობა წლებია წუხს. პრობლემას აღიარებს კაზრეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი გია ბასილაშვილი და შეკრებილებს წყალმარაგების სისტემის გამართვას ჰპირდება.

ნინო მელიქიშვილი