დაბალი ხელფასი და დასვენების დღეების უქონლობა – რუსთაველი მეეზოვეების პრობლემები (ვიდეო)

რუსთავის დასუფთავების სამსახურს, 230 თანამშრომელი ჰყავს. მათგან 80 % ქალია. როდესაც მოსახლეობის უმეტესობას ჯერ კიდევ სძინავს, სწორედ ეს ადამიანები, ქუჩებსა და შიდა ეზოებს, სხვადასხვა ნარჩენებისგან ასუფთავებენ.  მეეზოვეების სამუშაო დღე, დილის 5:00 საათზე იწყება. საქმე რთული და შრომატევადია. სამუშაო სრულდება წვიმიანი-ქარიანი ამინდის მიუხედავად.

67 წლის ციცინო მაისურაძე თითქმის 20 წელია რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. გვიყვება, რომ დაბალი ანაზღაურებისა და დასვენების დღეების არარსებობის პარალელურად, ეზოების და ქუჩების მოწესრიგებას სხვა სირთულეებიც ახლავს.

„შეხედეთ მოგწონთ ახლა ეს ფორმა?! მისაღებია?!  ყურადღება გვაკლია. ხელფასი დაბალია, დასვენების დღეები არ გვაქვს, ვინც მოვა ყველა გვპირდება, მაგრამ ფაქტია არ გვაქვს..“ ,- ამბობს რუსთაველი მეეზოვე, ციცინო მაისურაძე.

„ პრობლემა გვაქვს, ცოცხებში, აქანდაზებში და ბუნკერების დაცლაში. ბევრი ნაგავია, სად უნდა ჩავყაროთ, არაა საკმარისი ბუნკერი. ფორმა? ფორმას თქვენც ხედავთ, ეს ფორმა, ფორმაა?! ძნელი სამუშაოა, მე პირადად 6:00 საათიდან 11:00 საათამდე მიწევს მუშაობა. 4 წელია ამ სფეროში ვარ, ბუნკერების თრევა ყველაზე მეტად მიჭირს, ცარიელი რომაა მსუბუქია, მაგრამ ნაგავს რომ ვყრი  მიმძიმდება, ზოგჯერ 5 – 6 ბუნკერი შემაქვს და გამომაქვს“, –  გვიყვება კიდევ ერთი მეეზოვე, 62 წლის გულო.

82 წლის ქალბატონო ვერა, ალბათ, რუსთავის დასუფთავების სამსახურის ყველაზე უხუცესი თანამშრომელია. ის  რუსთაველისა და არაყიშვილის ქუჩის დასუფთავებაზეა პასუხისმგებელი. უკვე ხუთი წელია, რაც მეეზოვედ მუშაობს და აღნიშნული ტერიტორიის სისუფთავეზე ზრუნავს. გვიყვება, რომ რთული საქმეა, თუმცა მას სამუშაო სიამოვნებას ანიჭებს. ვერას ერთადერთ უკმაყოფილებას, ამ ეტაპზე სამუშაო დრო წარმოადგენს.

„რთული შრომა მაქვს. 8-ის ნახევარზე მოგვიყვანენ ხოლმე და 10-ის ნახევარზე  უკვე მივყავართ. ორი საათი გვაქვს დრო, ამ დროში მოასწრებ თუ არა, არ კითხულობენ. მე არ მომწონს ასე მუშაობა. ადრე “კორონობის” პერიოდამდე პირველ, ორ საათამდე ვმუშაობდი და საქმეს ვასწრებდი“, – გვიყვება ქალბატონი ვერა.

„რთულია შვილო მაგრამ ყველაფერს უნდა მიეჩვიოს ადამიანი. სისუფთავე უნდა გიყვარდეს პირველ რიგში. სამი წელია უკვე ამ საქმეს ვემსახურები, ბედნიერი ვარ რომ ჩემს ქალაქს ვასუფთავებ და ჩემს მოსახლეობას ვეხმარები. 280 ლარიდან დავიწყე და ახლა 350 ლარს ვიღებ. ბევრი არაა მაგრამ ღმერთის მადლობელი ვარ“,  -ამბობს 64 თამილა ოსიპოვა.

„ 2001 წლიდან ამ სფეროში ვარ, 130 ლარი მქონდა მაშინ ხელფასი, ახლა 350 ლარს ვიღებ. საკმარისი არ არის მაგრამ რა ვქნათ, სხვა გზა არაა. თბილისთან შედარებით, ნაკლები ანაზღაურება გვაქვს, თუმცა ის დედაქალაქია და გასაგებიცაა. პრობლემები ახლავს ჩვენს მუშაობას, განსაკუთრებით ზამთარში, თუმცა ნაწილობრივ სასიამოვნო პროცესიცაა შენს ქალაქზე ზრუნვა“, – გვიყვება 57 წლის ნინა ბერაძე.

„შიდა ეზოებში ცოტა ძნელია, იქ შედარებით ბევრი ნაგავია თუმცა, ვინც შიდა ეზოებსაც ვაწესრიგებთ ანაზღაურებაც შედარებით მეტი გვაქვს, 440 ლარს ვიღებთ. რთული სამუშაოა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ“ –  ამბობს 53 წლის შოხრა იბრაგიმოვა, რომელიც რუსთავის ქუჩებს ათ წელზე მეტია ასუფთავებს.

თემაზე კომენტარს  „რუსთავსერვის ცენტრის“ დირექტორს, რევაზ გოგიძე აკეთებს.  გოგიძე ამბობს, რომ მეეზოვეების პრობლემებს კარგად იცნობს და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს.

„ ყველა საჭირო ინვენტარი მეეზოვეებს გააჩნიათ. ყოველთვის სეზონურად ხდება ამის დარიგება. ახლა რადგან შემოდგომის პერიოდი მოდის, ჩვენ ტენდერზე გამოგვაქვს ნაწილი ფორმის, რომელიც იქნება უფრო თბილი, კომფორტული და ამ პერიოდისთვის საჭირო. ფორმები, გადაეცემათ სექტემბრის ბოლოს. ძირითადად, ზაფხულის პერიოდში აქვთ მოსაცმელი, ე.წ „ნაკიტკა“, რომელსაც ისინი იყენებენ. ასევე, ჩვენ ყოველ კვირას ვურიგებთ ეზოს ცოცხს, ამით ახორციელებენ დაგვა -დასუფთავებას, თუმცა შეიძლება ინდივიდუალურად ვიღაცას უნდოდეს, თუნდაც სახლის ცოცხით მოხვეტა და ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვუშლით“, – აცხადებს რევაზ გოგიძე.

დასვენების დღეებთან დაკავშირებით კი აღნიშნავს, რომ ყველა თანამშრომელი  კანონით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობს. რაც შეეხება, დაბალ ანაზღაურებას, მისი თქმით – გასული წლის სექტემბერში მოხდა  ხელფასების მატება და იმედოვნებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში, იქნება მეეზოვეებისთვის სახელფასო ფონდის გაზრდის საშუალება.

„გრაფიკი არის განსაზღვრული 5:00 საათიდან 10:00 საათამდე. აქვთ შვებულებაც რაც კანონმდებლობით ეკუთვნით. გვაქვს  დაზღვევა, თუმცა არის ნებაყოფლობითი. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება სადაზღვევო კომპანიასთან, თუმცა ბევრს ურჩევნია, რომ სახელმწიფო დაზღვევით ისარგებლოს.

2020 წელს მოვუმატეთ ხელფასი, 80 დან 120 ლარამდე. კიდევ მიდის მუშაობა, რომ მათი გარჯა დაფასდეს უფრო მეტად და მომავალი წლიდანაც, გვაქვს გათვლილი ამის გათვალისწინება.

ანაზღაურება, ამ ეტაპზე ყველას ერთნაირად არ აქვს, ვინაიდან ზოგი გარდა ქუჩებისა ასევე, შიდა ეზოებსაც ალაგებს – ხელფასი 450 ლარიდან 550 ლარამდეა“, – აღნიშნავს რევაზ გოგიძე.

 

ნინო ბერიძე

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია”.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით