გუბერნატორი და პარლამენტის წევრი თვითმმართველობის კომპეტენციაში ერევიან?!

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს  ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან და გარდაბნის მერთან ერთად გაეცნო.

,,დღეს მოვინახულე გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე შიდაგზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ახლა ვიმყოფებით სოფელ ლემშვენიერაში, სადაც 7 ქუჩაზე დაიგო ორ ფენიანი გზის საფარი და სარეაბილიტაციო  სამუშაოები სრულად 2022 წლის 29 ივნისს დასრულდება“ – გუბერნატორის ამ კომენტარს,  სახელმწიფო რწმუნებულის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გუბერნატორის ინსტიტუტის მთავარი ფუნქცია მაკოორდინირებელი ხასიათისაა და თავისი არსით, მკვეთრად გამიჯნულია თვითმმართველობების კომპეტენციებისგან. შესაბამისად, სოფლებში შიდა გზების დაგება და პროცესის მონიტორინგი სრულად ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებაა. ხოლო, რაც შეეხება პარლამენტის წევრობას, ამ სტატუსის საჯარო მოხელის მთავარი მოვალეობა კანონშემოქმედებითი საქმიანობაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა საჯარო განცხადებებში ხაზგასმით ამბობს, რომ დეცენტრალიზაციის მომხრეა და ამისთვის ძალისხმევას არ იშურებს.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

ინფორმაციის/ფოტოს წყარო: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ოფიციალური ვებგვერდი

QvemoQartli.ge