გლოვის დროს ჩატარებული კონცერტი, დაღლილი საჯარო მოხელეები – „ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია ქვემო ქართლში
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია ქვემო ქართლში გადაიქცა, ერთგვარ სასწავლო სახელმძღვანელოდ იმის შესახებ, თუ როგორი არ უნდა იყოს საარჩევნო კამპანია.
გლოვის დროს ჩატარებული კონცერტი, შეწუხებული საჯარო მოხელეები, ადგილობრივი თემის კულტურის სრული იგნორირება – ეს მხოლოდ მცირე მიმოხილვაა ამ პროცესის.
მმართველმა პარტიამ ქვემო ქართლის უკვე რამდენიმე მუნიციპალიტეტში ჩაატარა კონცერტები. ერთ-ერთი იყო წალკის მუნიციპალიტეტი, სადაც პარტიამ არ გააუქმა ღონისძიება იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივების დიდი ნაწილი ტრაგიკულად დაღუპულ ბავშვს გლოვობდა. საკითხი განხილვის თემა იყო სოციალურ მედიაში, წალკელების ადგილობრივ ჯგუფებში, მაგრამ ეს მაინც ვერ გახდა პარტიული კონცერტის გაუქმების მიზეზი.
ასეთივე კონცერტი ჩატარდა, 4 სექტემბერს ქალაქ გარდაბანში. მიუხედავად საჯარო მოხელეების აქტიური დასწრებისა, გარდაბნის მცირე სკვერის შევსება მაყურებლით პარტიამ მაინც ვერ მოახერხა.
ეროვნულ-პატრიოტული გამოსვლებით ცნობილმა „ოცნებამ“ აქ, მოსახლეობას სრულიად სხვა რეპერტუარი შესთავაზა. არც ეროვნული ქართული სიმღერებით დაუღია სხვადასხვა ასაკის მაყურებელი და არც ადგილობრივი თემის მიმართ გამოუხატავს პატივისცემა, თუნდაც ერთი აზერბაიჯანული სიმღერის წარმოდგენით.
(გარდაბანი, “ქართული ოცნების” კონცერტი)
გარდაბნის კონცერტზე, მხოლოდ სცენასთან მაქსიმალურად ახლოს შემოკრებილი ადამიანებით შეიძლებოდა პიარის გაკეთება და ისიც იმ შემთხვევაში თუ ჩვენნაირი ადგილობრივი ჟურნალისტი არ აჩვენებდა ღონისძიების სრულ სურათს, ნახევრად-ცარიელი სკვერით და დაღლილი საჯარო მოხელეებით.
(გარდაბანი, “ქართული ოცნების” კონცერტი)
„ოცნების“ კამპანიის კიდევ ერთი უცნაური დეტალი – კანდიდატები, რომლებიც არ ადიან სცენაზე და არ მიმართავენ მოსახლეობას. გარდაბნის კონცერტს „რუსული კანონის“ ხელმომწერი ორივე პარლამენტარი, ირაკლი შატაკიშვილი და ზაურ დარგალი დაესწრნენ. ეს მაჟორიტარები ახლა ოცნების დელეგატები არიან ქვემო ქართლში, თუმცა არც ერთი მათგანი არ ასულა სცენაზე და არ მიუმართია შეკრებილებისთვის. ისინი ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიორგი დოხტურიშვილთან, გარდაბნის მერთან და პარლამენტარ სავალან მირზოევთან ერთად დაესწრნენ.
ტრიბუნა სრულად წამყვანების და მომღერლების განკარგულებაში იყო, რომლებიც რატომღაც 26 ოქტომბრის ნაცვლად 28 ოქტომბრისთვის მოუწოდებდნენ მაყურებლებს არჩევნებზე მისვლას და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას.
ავტორი: მანონ ბოკუჩავა
QvemoQartli.ge