გენდერული თანასწორობის გამოწვევები მედიცინასა და ფარმაკოლოგიაში

„ იმდენად, უგულებელყოფილი აქვს მედიცინას ქალის სხეულის თავისებურება და იმდენად, შეუსწავლელი აქვს ეს საკითხი, რომ დღეს ისიც კი არ არის ცნობილი, რომ მაგალითად: გულის შეტევის სიმპტომები ქალს განსხვავებულად უვლინდება, ვიდრე  კაცს“ – ეს იყო, ის ერთი აზრი, რომელმაც თემაზე მოკვლევის ჩატარების სურვილი გამიჩინა.

ამას მოჰყვა ის, რომ ჩემს გარშემო მოსმენილი ისტორიებიც გამახსენდა – ისევ ქალების მოყოლილი. ამბები იმაზე, რომ გულზე პრობლემების და წლობით ტკივილის თმენის შემდეგ, კარდიოლოგთან მისულებს, როგორ უთხრეს, რომ მათ მიკრო-ინფარქტები აქვთ გადატანილი. ისიც მახსოვს, თუ რას ყვებოდნენ ექიმების რეაქციებზე. უფრო ზუსტად, რომ გითხრათ, ყვებოდნენ რომ ექიმებს უკვირდათ, თუ როგორ გადაიტანეს მათ გულის შეტევა ასე „ფეხზე მდგომებმა.“

დავიწყე რესპონდენტების და მნიშვნელოვანი კვლევების ძიება. ჩემი მიზანი არ იყო ამ საკითხის მხოლოდ ერთი დაავადების კუთხით შესწავლა. მინდოდა გამერკვია, რამდენად აქვს შესწავლილი ქალის სხეულის თავისებურება მედიცინას და შესაბამისად, გამეგო გვაქვს თუ არა დღეს ქალებს შანსი, როცა დაგვჭირდება, მივიღოთ ისეთი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, როგორც ეს კაცების შემთხვევაშია შესაძლებელი.

ჩემი რესპონდენტი ანა (სახელი შეცვლილია) 32 წლის ქალია. იხსენებს მედიცინასთან თავის პირველ შეხებას.

ეს მისი მოზარდობის დროს მოხდა.

„ ერთ დღესაც სკოლაში მოვიდნენ ექიმები, ჩაგვიტარეს გამოკვლევები და მე დამიდგინეს, რომ მაქვს ხერხემლის გამრუდება. იმაზე არაფერს მოვყვები, რომ ეს დიაგნოზი მთელ ჩემს კლასს გააგებინეს, ეს კიდე წვრილმანია იმასთან შედარებით რაც მერე დამმართეს.

დავიწყეთ მკურნალობა და ექიმმა გადაწყვიტა, რომ უნდა მეტარებინა კორსეტი. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს იყო რაღაც სქელი-მყარი ნაჭრისგან შემდგარი კორსეტი, ეს რეალურად იყო გიფსი. დღეს უკვე ვიცი, რომ ეს არ იყო მკურნალის სწორი მეთოდი, მაგრამ ახლა ამიტომ არ ვყვები ამ ისტორიას. ამ გიფსის გაკეთებისას – მე ასე მოვიხსენიებ, არ იყო გათვალისწინებული ის რომ მე მოზარდი გოგო ვიყავი, რომ ბიჭებისგან განსხვავებით მე სარძევე ჯირკვლები მეზრდებოდა და ჩემთვის არ შეიძლებოდა ასეთი კორსეტის ტარება. ეს იყო მკერდის  ყოველდღიურ ტკივილთან, დალურჯებებთან და უძილო ღამეებთან დაკავშირებული“ – ანა, თავისი ისტორიით.

დღეს ანა კარგადაა, მკურნალობის სხვა მეთოდზე თავად გადავიდა და გაარკვია, რომ მის სხეულს „გიფსი“ კი არა თურმე ზურგის კუნთების ვარჯიშით გაძლიერება სჭირდებოდა.

ქალის სხეულის თავისებურების უგულებელყოფაზე, დღეს, აკადემიურ გამოცემებში ათობით სტატია და კვლევა იძებნება.

რაც მეტ ინფორმაციას ვიგებ, სულ უფრო მეტი წყენა და უსამართლობის განცდა მეუფლება.

“ კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებს მკურნალობისას წამლების ზედმეტ დოზას აძლევენ, რადგან წამლის სამედიცინო ტესტირების ცდები მეტ-წილად კაცებზე ტარდება. სამედიცინო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამის გამო ქალების ზე-დოზირებით იტანჯებიან, რაც გულისრევით, თავის ტკივილით და სხვა სიმპტომებით ვლინდება“ – ვკითხულობთ მკვლევრების Irving Zucker და  Brian J. Prendergast მომზადებულ სამეცნიერო ნაშრომში, სახელწოდებით: Sex differences in pharmacokinetics predictadverse drug reactions in women.

კვლევის ფარგლებში 86 წამლის შესწავლა მოხდა. ავტორები ნაშრომის დასკვნაში წერენ, რომ ფარმაკოლოგია, მხოლოდ წამლების ნაწილის შემთხვევაში ატარებს სრულფასოვან კვლევებს, ქალებთან მიმართებით. სხვა შემთხვევაში კი ქალების სამედიცინო პრეპარატების ზე-დოზირებას განიცდიან. მკვლევრები აძლევენ რეკომენდაციას ექიმებს, იმსჯელონ ქალების შემთხვევაში დოზების შემცირების საჭიროებაზე. ასევე, ქალების უფლებების დაცვისთვის საკითხის მეტი შესწავლის და რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ პასუხისმგებელ უწყებებს.

ამ თემით დაინტერესებულია Dndi – არაკომერციული კვლევითი ორგანიზაცია. მათი სათავო ოფისი ჟენევაშია.

ორგანიზაცია, თავისი საქმიანობით, ცდილობს ხელი შეუწყოს სამედიცინო სფეროში გენდერულად თანასწორი მიდგომების დანერგვას. თავის 2021-2028 წლის სტრატეგიაში წერს, რომ ქალების უკეთ გაგებისთვის და მათი საჭიროებების მეტად გააზრებისთვის მნიშვნელოვანია, სამედიცინო სფეროს ქალი წარმომადგენლებისა და ქალი მეცნიერების ხელშეწყობა. რათა, მათი ჩართულობით, გენდერულად  მეტად მგრძნობიარე სამედიცინო დაცვის სისტემა გვქონდეს მსოფლიოში.

ამ თემას ეხმაურება, აკადემიური გამოცემა The Conversation სტატიით: Equal but not the same: a male bias reigns in medical research. მასში ვკითხულობთ, რომ  სქესებს შორის განსხვავებები დადასტურებულია, სიმპტომების გამოვლენის კუთხით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის, ასთმისა და კიბოს რამდენიმე სახეობის შემთხვევაში. სტატიაში ხაზგასმულია საკითხის უკეთ შესწავლის სასიცოცხლოდ დიდი მნიშვნელობა.

ამავე სულისკვეთების რეკომენდაციებს და მოწოდებებს გასცემს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი (NIH), რომელიც წარმოადგენს უდიდეს სამედიცინო კვლევით საბჭოს შეერთებულ შტატებში. მათ მოუწოდეს მკვლევარებს აღრიცხონ „სქესი, როგორც ბიოლოგიური ცვლადი.“

„ძირითადად, პრეკლინიკური ბიოსამედიცინო კვლევები ფოკუსირებულია მამრობითი სქესის ცხოველებსა და უჯრედებზე. მამრობითი სქესის ცხოველებსა და უჯრედებზე ზედმეტმა ფოკუსირებამ კი შეიძლება გააუქმოს სქესის ძირითადი გავლენის გაგება ჯანმრთელობის პროცესებსა, რაც პრობლემურია.

სქესის, როგორც ბიოლოგიური ცვლადის აღრიცხვა იწყება კვლევითი კითხვების შემუშავებითა და კვლევის დიზაინით. იგი ასევე მოიცავს მონაცემთა შეგროვებას და შედეგების ანალიზს, ასევე დასკვნების მოხსენებას. სქესის გათვალისწინება შეიძლება იყოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვლევის შედეგების სწორი ინტერპრეტაციისთვის, დადასტურებისა და განზოგადებისთვის.

ექსპერიმენტებში ორივე სქესის ადეკვატური გათვალისწინება და სქესის მიხედვით მონაცემების დაყოფა, იძლევა სქესზე დაფუძნებული შედარებების საშუალებას. შესაბამისად, სქესის მიხედვით მონაცემების სათანადო ანალიზი კვლევის ზუსტ შედეგებს გვაძლევს – სადაც არც ერთი სქესის თავისებურება არ რჩება უგულებელყოფილი,“ – NIH Policy on Sex as a Biological Variable, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი (NIH).

მაშინ, როდესაც თანამედროვე სამყარო და განვითარებული ქვეყნები იწყებენ ამ თემაზე ფიქრს და მუშაობას, ეს სიკეთე და საკითხის ასეთი გააზრება, ნაკლებად არის ხელმისაწვდომი განვითარებადი ქვეყნებისთვის.

ჩვენთან, საქართველოში სადაც ჯერ კიდევ ვერ თქვა საზოგადოების ნაწილმა უარი სტერეოტიპებზე, ჯერ კიდევ არ ხდება საოჯახო შრომის ტვირთის თანაბარი გაყოფა, ასევე მშობლის მოვალეობები, მეტ-წილად, ქალზეა დაკისრებული და ჯერ კიდევ ექიმების ნაწილმა ვერ გაიაზრა, რომ პაციენტის სამედიცინო დიაგნოზზე არ ისაუბროს უცხო ადამიანებთან, ან არ გაკიცხოს ქალი იმის გამო, რომ შვილს ოფიციალური ქორწინების გარეშე არჩენს –  დისკუსია გენდერულად მგრძნობიარე მედიცინაზე არ დგას დღის წესრიგში.

ეს სტატია არის მცდელობა, ჩვენმა საზოგადოებამაც იფიქროს ამ თემაზე და გააკეთოს ფიქრზე მეტი – მოითხოვოს, ისევე დაფასდეს ქალის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როგორც ეს კაცის შემთხვევაში ხდება.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

ილუსტრაციის წყარო: nimhd.nih.gov/( Arielle Clark)

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.