გახარიას პარტია რუსთავში – რას სთავაზობენ საზოგადოებას

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ რამდენიმე დღეში რუსთავში ახალი ოფისის გახსნას გეგმავს. საუბრობენ, რომ მოსახლეობასთან ამ დრომდეც ჰქონდათ აქტიური კომუნიკაცია, ახლა კი ამ პროცესს საარჩევნო კამპანიის ფორმატითაც აგრძელებენ.

უნდა ითქვას, რომ გახარიას პარტიას სხვა როლიც ჰქონდა რუსთავის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ქმნიდნენ რუსთავის „ოპოზიციურ საკრებულოს.“ ეს პროცესი თავგადასავლიანი და მძიმე იყო.

„ ჩვენი პოლიტიკური გუნდის საქმიანობაზე ხელის შეშლა განხორციელდა სულ რამდენიმე თვის წინ.

რუსთავის საკრებულოში,  „ქართულმა ოცნებისა“ და „ნაციონალურმა მოძრაობის“ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, როცა მათ თანამდებობიდან გადააყენეს ჩვენი პარტიის წარმომადგენელი და საკრებულოს თავმჯდომარედ, ერთობლივად აირჩიეს – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე – „ქართული ოცნების“ ორი წარმომადგენელი დანიშნეს. შედეგად კი, მივიღეთ ის, რომ საკრებულოში, ისევე დაიკარგა რუსთველი მოქალაქეების ხმა და მათი საჭიროებები, როგორც დაკარგულია მერიაში,“ –  საუბრობს  გახარიას პარტიის რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი ნათია შელეგია.

ვინტერესდებით რა სახის წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებენ რუსთავში.

„ იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ პარტიას – „გახარია საქართველოსთვის,“ ჩვენი გუნდი წარმოვადგენთ რუსთავის საკრებულოში,  მუდმივ კომუნიკაციაში ვართ მოსახლეობასთან. მიუხედავად „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციური, ერთობლივი საქმიანობის შედეგისა, საკრებულოში შექმნილი ბევრი სირთულისა თუ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისა, ეს აქტივობა არ შეგვიწყვეტია არც ერთი დღე.

შეიძლება ითქვას, რომ 2024 წლის დასაწყისიდან უფრო აქტიურად (როგორც საჯაროდ, ასევე, დახურული/ინდივიდუალური შეხვედრებით) დავიწყეთ ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამის, ხედვის დეტალურად წარდგენა და გაცნობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.

დღეის მდგომარეობით კი რუსთავში, ყოველდღიურად, სხვადასხვა მისამართებზე, ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად,  ქუჩაში, ღიად და საჯაროდ, ვხვდებით მოქალაქეებს, ვუზიარებთ ჩვენი საარჩევნო პროგრამის ბეჭდურ მასალებს და ვსაუბრობთ, პარტიის ხედვებზე –  ამ არჩევნების მნიშვნელობასა და საქართველოსთვის ევროინტეგრაციის აუცილებლობაზე,“- შელეგია.

პარტია საზოგადოებას სთავაზობს:

  • დროებით უმუშევრად დარჩენილ პირებს, ან პირებს, რომლებმაც მიიღეს საწარმოო ტრავმა და დროებით ვერ მუშაობენ – ყოველთვიურ დაზღვევას ხელფასის 60%-ის ოდენობით, 6 თვის განმავლობაში.
  • შრომის საათობრივი ანაზღაურების სისტემის დანერგვას.
  • დეკრეტული შვებულებით მოსარგებლე მშობელს, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სამსახურში ერთჯერად დახმარებას 2000 ლარით, ხოლო 1 წლის განმავლობაში მინიმალური ხელფასის შენარჩუნებას.
  • რუსთავის დაკავშირებას თბილისთან მიწისზედა მეტროს საშუალებით.
  • ხელისუფლების მიერ ბიზნესის და საბანკო სექტორის ხელშეწყობას.
  • თითოეული სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის საარსებო შემწეობის პირველ წელს გაზრდას 200 ლარით, ხოლო ყოველ მომდევნო წელს – 100 ლარით.

შენიშნვა: პროგრამა არ არის წარმოდგენილი სრული სახით.

და ბოლოს, პარტიაში მიიჩნევენ რომ  ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო მკვეთრად გაუარესებულია.

„ საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით, თუ შევადარებთ, მაგალითად, 2020 ან 2021 წლების წინასაარჩევნო გარემოს, ქვეყანაში დღეის მდგომარეობით, აღარ არის არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც რაიმე შემხებლობა მაინც აქვს არჩევნების კონტექსტთან. მაგალითად, სახალხო დამცველი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო (პარტიების დაფინანსების მიმართულებით), პროკურატურა,  სასამართლო, ცენტრალური საარჩევნო კომისია,  ეროვნული ბანკიც კი – ქართული ოცნების მართვის და გავლენის ქვეშაა. სწორედ დასახელებული გარემოებები და ფუნდამენტური განსხვავება მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ ტოტალური კონტროლის დამყარების პროცესშია“, – ნათია შელეგია.

QvemoQartli.ge