მრავალეროვანი საქართველო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებას სასამართლოში გაასაჩივრებს
მრავალეროვანი საქართველო (PMMG), სასამართლოში გაასაჩივრებს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის 3 ნოემბრის #59/2020 განკარგულებას, რომლითაც ორგანიზაციას უარი ეთქვა მარნეულის #13.22.51 და #13.22.52, ასევე გარდაბნის #13.21.11 და #13.21.22 საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების გადათვლაზე. ორგანიზაციის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასაჩივრებული უბნების შემაჯამებელ ოქმებში არ დგება ბალანსი და ფიქსირდება საარჩევნო ბიულეტენების მეტობა.
3 ნოემბერს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა მრავალეროვანი საქართველოს საჩივრები მარნეულის #13.22.51 და #13.22.52, ასევე გარდაბნის #13.21.11 და #13.21.22 საარჩევნო უბნებზე და ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საოლქო საარჩევნო კომისიამ დისციპლინური პასუხისმგებლობა (შენიშვნა) შეუფარდა მარნეულის #13.22.52 და გარდაბნის #13.21.22 საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებსა და მდივნებს, თუმცა უარი თქვა ოთხი საარჩევნო უბნის სადავო შემაჯამებელი ოქმების ბათილობასა და ამ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენების გადათვლაზე.
საოლქო საარჩევნო კომისიის განმარტებით, გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმების შედგენისას დაშვებულ იქნა შეცდომა, თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა შეადგინეს შესწორების ოქმები, რომლის საფუძველზეც, კომისიის წევრებმა შეიტანეს შესწორება კენჭისყრის დღის შემაჯამებელ ოქმებში. შესაბამისად მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განმარტებით, არ არსებობს შემაჯამებელი ოქმების ბათილობისა და კენჭისყრის შედეგების ხელახალი გადათვლის, არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძვლები.
რაც შეეხება ორი საარჩევნო უბნის (მარნეულის #13.22.52 და გარდაბნის #13.21.22) კომისიის თავმჯდომარეებისა და მდივნებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, საოლქო საარჩევნო კომისიის განმარტებით, ამ უბნებზე შემაჯამებელი ოქმების შედგენისას არ იყო დაცული კანონით გათვალისწინებული პროცედურები. კერძოდ, მარნეულის #13.22.52 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში არ არის აღნიშნული მისი შედგენის დრო და ასევე ოქმები არ არის სათანადოდ დამოწმებული, ხოლო გარდაბნის # 13.21.22 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში შეცდომით იქნა შეტანილი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები.
მრავალეროვანმა საქართველომ შესაბამისი საჩივრით მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას 2 ნოემბერს მიმართა. ორგანიზაციამ მარნეულის #13.22.51 და #13.22.52, ასევე გარდაბნის #13.21.11 და #13.21.22 საარჩევნო უბნებზე შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და კენჭისყრის შედეგების გადათვლა, ასევე შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისა და მდივნების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.
„ მარნეულის #13.22.51 საარჩევნო უბანი – პროპორციული და მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმები დაუბალანსებელია. პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში არის 30 ბიულეტენით მეტობა. კერძოდ, პროპორციული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა არის 432, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი არის 462. მარნეულის #13.22.51 საარჩევნო უბნის მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში არის 15 ბიულეტენით მეტობა. კერძოდ, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა არის 447, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი არის 462.
მარნეულის #13.22.52 საარჩევნო უბანი – პროპორციული და მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმები დაუბალანსებელია. პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში არის 27 ბიულეტენით მეტობა. პროპორციული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა არის 515, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი არის 542. მარნეულის #13.22.52 უბნის მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში არის 22 ბიულეტენით მეტობა. კერძოდ, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა არის 515, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი არის 537.
გარდაბნის #13.21.11 საარჩევნო უბნის პროპორციული შემაჯამებელი ოქმი დაუბალანსებელია. კერძოდ, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში არის 6 ბიულეტენით მეტობა. პროპორციული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა არის 415, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი არის 421.
გარდაბნის #13.21.22 საარჩევნო უბნის პროპორციული შემაჯამებელი ოქმი დაუბალანსებელია. კერძოდ, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში არის 45 ბიულეტენით მეტობა. პროპორციული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა არის 388, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი არის 433”- ვკითხულობთ მრავალეროვანი საქართველოს გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციის წყარო: მრავალეროვანი საქართველო (PMMG)
ფოტო: შერჩეულია თემატურად. მასში ასახულია „მრავალეროვანი საქართველო“-ს, 31 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, ჩატარებული ერთ-ერთი ბრიფინგი.