გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხზე, TI-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-მ გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიაში ,,გარდაბნობა 2024“-ის დღესასწაულზე ,,ქართული ოცნების“ კანდიდატების სასარგებლო აგიტაციის სავარაუდო ფაქტი გაასაჩივრა.

ორგანიზაციის განცხადებით, მუნიციპალიტეტის პროექტებში პარლამენტის აქტიური მონაწილეობა არატიპიურია და შესაბამისად, ორგანიზატორების მიერ, მათი, როგორც კანდიდატის ასეთ აქტივობებში ჩართვა ემსახურებოდა  – ზაურ დარგალის, სავალან მირზოევის და ირაკლი შატაკიშვილის, როგორც კანდიდატების პოპულარიზაციას და მათი არჩევის ხელშეწყობას.

კერძოდ, TI-ის განცხადებით ,,გარდაბნობა 2024″-ზე ზაურ დარგალის, სავალად მირზოევის და ირაკლი შატაკიშვილის სიტყვით გამოსვლა და მათ მიერ საპატიო გარდაბნელების დაჯილდოვება იყო საჯარო ქმედება, რომელიც ხელს უწყობდა პარლამენტის წევრად არჩევას.

გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება გარდაბნის მერის არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღო და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

გარდაბნის მერის დავით კარგარეთელის განმარტებით, ზაურ დარგალი, სავალან მირზოევი და ირაკლი შატაკიშვილი წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტის მოქმედ დეპუტატებს, მათ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, რაც არ წარმოადგენდა წინასაარჩევნოდ დაგეგმილ ქმედებას.

ამასთან, საოლქო კომისია ამბობს, რომ გარდაბნობა 4 სექტემბერს გაიმართა (ღონისძიება, 4 ოქტომბერს გაიმართა), რა დროსაც ზაურ დარგალი, სავალან მირზოევი და ირაკლი შატაკიშვილი პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მიერ არ იყვნენ წარდგენილნი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატებად რეგისტრაციისათვის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. შესაბამისად, ამ დროისათვის ისინი არ წარმოადგენდნენ საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, მით უფრო, საარჩევნო სუბიექტებს.

ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების  №93/2024 თანახმად, „ქართული ოცნების“ პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია 28 სექტემბერს მოხდა.

QvemoQartli.ge