გარდაბნის მერია, კითხვაზე ჰყავს თუ არა მერს მრჩეველთა საბჭო, მედიისგან წერილობითი ფორმით მიმართვას ითხოვს

მუნიციპალიტეტის მართვაში, მოქალაქეთა ჩართულობის რამდენიმე გზა არსებობს. ერთ-ერთი მათგანი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებია. მიუხედავად ამ მექანიზმის არსებობისა, რიგ მუნიციპალიტეტებში საბჭოები ან საერთოდ არ არის, ან უფუნქციოა. ამაზე მეტყველებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მონაცემებიც, სადაც მრჩეველთა საბჭოებთან დაკავშირებული კრიტერიუმები, ხშირ შემთხვევაში, მინიმალური 0%-ით ფასდება.

მსგავსი სურათია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემთხვევაშიც. ინდექსის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეფასებები ასე გამოიყურება:

  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ საკუთარი ინიციატივით წარმოდგენილი რეკომენდაციების/ინიციატივების რაოდენობა – 0%;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთვის მერის მიერ განსახილველად სავალდებულო საკითხების/დოკუმენტების წარდგენა – 0%;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა – 0%;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინფორმაციული მხარდაჭერა – 0%;

აღსანიშნავია, რომ ინდექსის ეს მონაცემები,  2017 და 2019 წლების შეფასებებშიც, ყველაზე მინიმალური ქულით, ანუ 0%-ით ფასდებოდა.

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებით კომპლექტდება, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ამტკიცებს. მის მიერ დამტკიცებული, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი, განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ასევე, მუნიციპალიტეტის მერი ამტკიცებს.

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით კი, მერი ვალდებულია მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს, შემდეგი: „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი; მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები; მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები; აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები;  ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები”.

ასევე, კოდექსის მიხედვით მრჩეველთა საბჭო ვალდებულია სამ თვეში ერთხელ შეიკრიბოს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს სავარაუდოდ, მოქმედი მრჩეველთა საბჭო არ ჰყავს. მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, მხოლოდ კანონით  გათვალისწინებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განმარტება, დამტკიცების წესი და ფუნქცია-მოვალეობებია წარმოდგენილი.

ჰყავს თუ არა გარდაბნის მერს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო? – ამ კითხვით, გარდაბნის თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მივმართეთ, თუმცა, როგორც სამსახურის ხელმძღვანელი სოფო ავალიანი განმარტავს, პასუხის მიღებას, მხოლოდ ოფიციალურად, წერილობითი მიმართვის შემთხვევაში შევძლებთ.

ავტორი: ნინო ბერიძე

რედაქცია: QvemoQartli.ge ხელს ვერ შეუწყობს მედიასთან ურთიერთობის მანკიერი პრაქტიკის დანერგვას, რაც ჟურნალისტების მყისიერი ინფორმირების ნაცვლად, მათთვის ხელოვნური დაბრკოლების შექმნას გულისხმობს. აღნიშნულ მასალაში, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა, არ საჭიროებდა სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას და შესაძლებელი იყო, ინფორმაციის ოპერატიული გაცემა.

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით