გარდაბნის მერია კვლავ ვერ ასახელებს თარიღს, თუ როდის დაიწყება 5 სოფლის სასმელი წყლით მომარაგება
ფოტო: ახალსოფელი, ნოემბერი 2023 წელი
გარდაბნის მერიისგან, 2 სექტემბერს მიწერილ წერილზე, პასუხი 21 ოქტომბერს მივიღეთ. ჩვენი კითხვა ეხებოდა იმას, თუ რა ბედი ეწია მუნიციპალიტეტის 5 სოფლის სასმელი წყლით უზრუნველყოფის პროექტს.
საუბარია გარდაბნის სოფლებზე: ნორიო, მარტყოფი, ვაზიანი, ახალი სამგორი, ახალსოფელი.
გარდაბნის მერია, თავის მოწერილ ორაბზაციან წერილში, კვლავ ვერ ასახელებს თარიღს, თუ როდის შესრულდება დაპირება.
„ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე 5 სოფლის (ნორიო, მარტყოფი, ვაზიანი, ახალი სამგორი, ახალსოფელი) სასმელი წყლით მომარაგების პროექტის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და გამრიცხველიანების შემდგომ ხუთივე სოფლის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება 24 საათიან რეჟიმში“, – გარდაბნის მერია.
რა ეტაპზეა გამრიცხველიანება, როდის დასრულდება გეგმის მიხედვით, მერიის პასუხში არ არის განმარტებული. ცხადია, დასაზუსტებელია ისიც, ნამდვილად მხოლოდ მრიცხველები არის მიზეზი უწყლობის, თუ სხვა მნიშვნელოვან პრობლემას აქვს ადგილი?!
აღნიშნული წყალმომარაგების პროექტი, 2016 წელს, სახელმწიფომ გარდაბნის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა. რომლის საფუძველზე 2017 წლის 31 მაისს, მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის გზით, ხელშეკრულება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“-სთან დადო. მიზანი წყალმომარაგების ქსელის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულება იყო. ამ სამუშაოების საერთო ღირებულება 8 მლნ ლარი გახლდათ.
სამუშაოები 2017 წლის 29 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა რამდენჯერმე გადაიწია. Qvemoqartli.ge-ე ბოლოს გასული წლის ნოემბერში მუშაობდა ამ თემაზე და მაშინ სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „ინსი“-ს პროექტების მენეჯერი ზაზა სიხარულიძე, სატელეფონო კომენტარში აღნიშნავდა:
„ჩვენ მესამე ეტაპის სამუშაოებს ვახორციელებთ რომელიც ასევე ორი ლოტისგან შედგება. დასრულების ვადა არის 2024 წლის თებერვალი–მარტო. ამჟამად, სამუშაოები მიმდინარეობს კარგი ტემპით. სამუშაოების 95% შესრულებულია. სამუშაოების ძირითადი კომპონენტები დასრულებულია. ჩვენ დავასრულებთ ოქტომბრის ბოლო ნოემბერში. შემდეგ უკვე რჩება ინსტალაციის და გაშვების სამუშაოები.
ჩვენი დამკვეთი არის მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელსაც სამუშაოები დაუკვეთა გარდაბნის მუნიციპალიტეტმა. ახლა საუბარია იმაზე რომ გარკვეული ეკონომიების ხარჯზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოიძიოს თანხები და განახორციელოს პროექტზე დამატებითი სამუშაოები. ჯერ არ ვიცით რა სამუშაოებს დაგვიმატებენ, იმას რასაკვირველია ცალკე დრო დასჭირდება რაზეც ცალკე კონტრაქტი გაფორმდება. ჯერ დამკვეთი უნდა ჩამოყალიბდეს, მე მშენებელი კომპანია ვარ. როცა დამკვეთი გარდაბანთან შეთანხმებით, გაერთიანებულ წყალმომარაგებასთან ერთად ჩამოყალიბდებიან და მომცემენ ტექნიკურ დავალებას, რომ ეს და ეს უნდა გააკეთო, მერე განვსაზღვრავთ როდის დასრულდება დამატებითი სამუშაოების ვადები” – ზაზა სიხარულიძე, კომპანია „ინსი“-ს პროექტების მენეჯერი.
QvemoQartli.ge