გარდაბანში „ქართული ოცნების“ დელეგატებმა ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს (ვიდეო)
4 ოქტომბერს გამართულ „გარდაბნობა 2024“-ზე, გარდაბნის მერიის ორგანიზებული ღონისძიებით „ქართული ოცნების“ დელეგატებმა და პარტიულ სიაში მყოფებმა ისარგებლეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და საპატიო გარდაბნელებიც თავად დააჯილდოვეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო, პარტიულ სიაში მყოფებმა: ზაურ დარგალმა, სავალან მირზოევმა და ირაკლი შატაკიშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას, ისინი სცენიდან ავრცელებდნენ „ქართული ოცნების“ ტრადიციულ გზავნილებს – ე.წ. მშვიდობასა და ღირსებაზე. მათ უკან კი სცენის ეკრანზე, ინფრასტრუქტურული პროექტების კადრები გადიოდა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის და საპატიო გარდაბნელების დაჯილდოების შესაძლებლობა, მხოლოდ მმართველ პარტიას ჰქონდა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 45: „ აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად.“
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით