გარდაბანში მასწავლებლებს საჩუქრებთან ერთად 41 ნომერ მიწერილი ბარათებიც გადასცეს
გარდაბანში მასწავლებლის ეროვნული დღე, 27 ოქტომბრის ნაცვლად, 19 ოქტომბერს აღნიშნეს. ღონისძიებაზე შეკრებილ მასწავლებლებს საჩუქრები გადასცეს და ამ საჩუქრებს, ჩვენი წყაროს ინფორმაციით ახლდა ლურჯი ბარათი, წარწერით 41 ნომერი და ტექსტით „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრის სავალან მირზოევის, სახელით და გვარით.
ლურჯ ბარათზე წერია:
„გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. ვიცე გუბერნატორი გიორგი შინჯიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი.“
მისალოცი ბარათის შესახებ ინფორმაციას ჩვენი წყარო გვიზიარებს:
„ მერიის მიერ დაორგანიზებული შეხვედრა იყო. შეხვედრას ესწრებოდნენ გარდაბნის ყველა სკოლიდან მასწავლებლები, 4 მათგანი დააჯილდოვეს კიდეც. ღონისძიებაზე ბანერი იყო „ოცნების“ ფერებში. ბარათზე კი რომელიც საჩუქარს თან ერთოდა ეწერა 41 ნომერი.“
აღნიშნულ ღონისძიებაზე გარდაბნის მერი დავით კარგარეთელი პირად გვერდზე წერს:
„ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილისა და საქართველოს პარლამენტის წევრის სავალან მირზოევის მხარდაჭერით გარდაბნის ცენტრალურ პარკში, მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე, ჩვენი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლებს წინასწარ მივულოცეთ მასწავლებლის ეროვნული დღე და სიმბოლური საჩუქრები გადავეცით. ასევე, მოხდა იმ მასწავლებლების საზეიმო წარდგენა და დაჯილდოება, რომლებიც საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიაზე ჩვენი მუნიციპალიტეტიდან იყვნენ წარდგენილი.“
ღონისძიების შესახებ პოსტი გააზიარა შინჯიკაშვილმაც.
ამ დროისთვის მსგავსი აქტივობა არ აქვს ასახული თავის გვერდზე სოციალურ მედიაში, „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრს სავალან მირზოევს, მიუხედავად იმისა რომ ბარათზე მისი სახელი და გვარიც წერია.
QvemoQartli.ge-მ სცადა სამივე მათგანთან დაკავშირება, თუმცა ამ დროისთვის მათი მხრიდან გამოხმაურება, კომენტარის სახით, არ გვაქვს.
ინფორმაციისთვის მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
QvemoQartli.ge