გარდაბანი – შიდა აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები

QvemoQartli.ge-მ დაიწყო რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან შიდა აუდიტის, გასული წლის, ანგარიშების და რეკომენდაციების გამოთხოვა. ორგანიზაცია გთავაზობთ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიღებულ საჯარო ინფორმაციას, რომელიც მოიცავს მერიის სხვადასხვა სამსახურების, მუნიციპალური აიპების და სატენდერო კომისიის მიმართ გაცემულ რეკომენდაციებს.

 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური

რეკომენდაცია#1 სამსახურმა თანამდებობრივი რანგისა და უფლება-მოვალეობების შესაბამისად, შეიმუშაოს და დაამტკიცოს ვაკანტური თანამდებობისთვის ინდივიდუალური საკონკურსო თემატიკა, რომელიც გამომდინარეობს სამსახურის სპეციფიკიდან.

რეკომენდაცია#2 ადმინისტრაციულმა სამსახურმა შეადგინოს დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა გაეცნოს ყველა ახლად მიღებული თანამშრომელი (შინაგანაწესი, მოხელის ფიცი, ეთიკის კოდექსი და სხვა), ასევე ოფიციალურად განსაზღვროს პასუხისმგებელი პირი, რომელიც მოახდენს, როგორც ახალი ასევე ძველი თანამშრომლებისთვის, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი საკითხის გაცნობას. აღნიშნული ხელს შეუწყობს საჯარო მოსამსახურეების ქცევის წესების მოწესრიგებას და მათზე დაკისრებული მოვალეობების სრულყოფილად შესრულებას.

რეკომენდაცია#3 სამსახურმა გამართოს ცხელი ხაზის ფუნქციონირება იმგვარად, რომ სერვისი გათვლილი     იყოს    მოსახლეობისთვის     საჭირო     ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. განხორციელდეს შემოსული და გასული ზარების ყოველდღიური მონიტორინგი. აღნიშნული უზრუნველყოფს ცხელი ხაზის გამართულ და მიზნობრივ მუშაობას.

რეკომენდაცია#4 საქმისწარმოების სრულყოფის მიზნით მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილებამ რეგულარულად მოახდინოს მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების ინფორმირება რეაგირების გარეშე დარჩენილი და შესრულების ვადაგადაცილებული დოკუმენტების შესახებ.

რეკომენდაცია#5 სამსახურმა/შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა უზრუნველყონ შემოსულ წერილებზე დროული რეაგირება, არასაკმარისი დოკუმენტაციის/უარის შემთხვევაში მოხდეს განმცხადებლის დროული ინფორმირება. ასევე მოხდეს შიდა წერილებზე შესრულების ვადების მითითება, რათა თავიდან იქნას აცილებული გაურკვევლობა და საკითხის გაჭიანურება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისია

რეკომენდაცია#1 სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ უზრუნველყოს კომისიის წევრთა მაქსიმალური დასწრება, რაც ხელს შეუწყობს კომისიის გამართულ მუშაობას.

უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელების პროცესი

რეკომენდაცია#1 ხელშეკრულების გაფორმებისას მუნიციპალიტეტმა განსაზღვროს სტრუქტურული ერთეული/მასში დასაქმებული პირი/პირები, რომელიც ხელშეკრულების მოქმედების  პერიოდში                               განახორციელებს                                        ხელშეკრულების                               შესრულების ზედამხედველობას/მონიტორინგს/კონტროლს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

რეკომენდაცია#1 სამსახურმა დეტალურად მოახდინოს მოქალაქის მიერ მოწოდებული დოკუმენტების შესწავლა/ანალიზი და შესაბამისად დაახარვეზოს არასრულყოფილი განცხადება, აღნიშნული გამორიცხავს უზუსტობებს და უზრუნველყოფს სამსახურის გამართულ მუშაობას.

ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის“

რეკომენდაცია#1 ორგანიზაციამ მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განახორციელოს მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე. ასევე მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის ვალდებულება განსაზღვროს შესაბამის ხელშეკრულებაში.

რეკომენდაცია#2 ანგარიშვალდებულების სრულყოფის მიზნით ორგანიზაციამ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს დამფუძნებელს. აღნიშნული ხელს შეუწყობს გამარტივებული შესყიდვის გამჭვირვალობას და თანხის მიზნობრივ ხარჯვას.

რეკომენდაცია#3 ორგანიზაციამ ბრძანებების გამოცემის დროს დაიცვას სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმა და სამართლებრივი საფუძვლების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან. აღნიშნული ქმედება  სრულყოფილს გახდის საქმის წარმოების პროცესს.

რეკომენდაცია#4 ორგანიზაციამ ხელმძღვანელს წარუდგინოს სრულყოფილი წლიური ანგარიში, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის საქმიანობის შედეგების გაუმჯობესებას და მუნიციპალური ფინანსების ეფექტიან ხარჯვას.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჩვენს ორგანიზაციას სასამართლო დავები, სწორედ, შიდა აუდიტის (2022 წლის) ანგარიშების თაობაზე ჰქონდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით 2022 წლის მონაცემები რუსთავის და გარდაბნის მერიებმა გასცეს. ორგანიზაციამ დავა მარნეულის მერიასაც მოუგო, თუმცა ჩვენი ინფორმაციით მერია გეგმავს გაასაჩივროს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და არ ასაჯაროებს  2022 წლის ანგარიშებს.

მასალა მომზადდა QvemoQartli.ge-ს და “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის” თანამშრომლობით, პროექტის – “მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით“ – ფარგლებში. დონორი – აშშ-ის საელჩო საქართველოში.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.