გარდაბანი – სასმელი წყალი გრაფიკით და გაურკვეველი ხარისხის წყალი ჭებში
უწყლობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
2014 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 81 876 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტში 40 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 1 ქალაქი და 39 სოფელი. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 16 200 ადამიანს, ხოლო სოფლის — 83 500-ს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 85 %-ი სოფლად ცხოვრობს.
2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში 10 753 ადამიანი ცხოვრობს.
ქალაქს წყალი გრაფიკით მიეწოდება. დილის საათებში 07:00-12:00 საათამდე და საღამოს საათებში 16:00-22:00 საათამდე. გრაფიკი ზაფხულშიც კი არ იცვლება.
ქალაქში ადგილობრივებს ყველაზე მეტად, სწორედ, ეს პრობლემა აწუხებთ.
სოფლად კი წყლის პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას და ის ჭის წყლის ვარგისიანობასაც უკავშირდება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს სკოლის ყოფილ დირექტორს, სახიბ მუსტაფაევი აღნიშნავს, რომ 2010-2011 წლებში „სანეპიდ“ სადგურიდან ყოველდღე დადიოდნენ სკოლაში, იღებდნენ წყლის სინჯს და რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ არ შეიძლება ამ წყლის გამოყენება.
სოფელ ქესალოს ამბულატორიის ექიმი ელიმხან მამედოვი და სოფელ ნაზარლოს ამბულატორიის ექიმი ჰუსეინ ჰუსეინოვთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გარდაბანში მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებს თირკმლის უკმარისობა. ამისი მიზეზი კი შესაძლოა სწორედ წყლის მარილიანობა იყოს.
ნაზარლოს საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი მოვლა ალიევის თქმით კი:
„ წლების წინ თირკმლის პრობლემით ვიწექი საავადმყოფოში. იმის მერე არ ვსვამ სოფლის წყალს და არც ოჯახის წევრებს არ ვასმევ. რამდენიმე დღეში ერთხელ მივდივარ გარდაბანში, პარკში და მომაქვს 100 ლიტრი წყალი და მაგას ვიყენებთ.”
სოფელ ნაზარლოში არსებული სათემო ორგანიზაციის ფარგლებში (სოფელ ნაზარლოს სათემო ცენტრი) ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლის მიზანი სოფლის მოსახლეობის საჭიროებების დადგენა იყო, მოსახლეობამ ყველაზე მწვავე პრობლემად სასმელი წყალი დაასახელა. მათი თქმით, მოსახლეობის არაერთი თხოვნისა თუ მოთხოვნის მიუხედავად ამ პრობლემის გადაჭრა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის მასწავლებელი ნაილა ქარიმოვა, ამავე სოფელში ცხოვრობს. ნაილა ამბობს, რომ ჭის წყალი სასმელად უვარგისია და ის იძულებულია დასალევი წყალი მაღაზიაში იყიდოს.
სოფელში მაცხოვრებლებისთვის ყოველდღიურად სასმელი წყლის ყიდვა დამატებითი ხარჯია.
ქალაქ გარდაბნის მცხოვრები ლალა რუსტამოვა ქალაქში სასმელ წყალზე არსებული გრაფიკის გამო წუხს.
„ მყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, პატარები არიან და ხშირად მიწევს დაბანა, ტანსაცმელების გარეცხვა, წყალი გრაფიკით არის. ზაფრულს იმდენჯერ შეწყდა წყალი რეაბილიტაციის გამო, რომ შეწუხებულები ვართ.“
არსებული სტატისტიკური ინფორმაციისა და მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად ნათელია, რომ წყლის პრობლემა ერთნაირად აწუხებს როგორც ქალაქად, ასევე სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას. გარდაბნელებმა არაერთხელ მიმართეს სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა უწყებას, თუმცა საკითხი მაინც ვერ მოგვარდა.
გარდაბნის წყლის ხარისხზე და არსებულ გრაფიკზე – ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის 2021-2022 ანგარიშში იძებნება.
აუდიტის დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტმა 2021-2022 წლების საბიუჯეტო რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე გახარჯა, მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება, ხოლო წყლის ხარისხი, ფაქტობრივად არ მოწმდება. აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა ისიც, რომ სასმელი წყლის მიწოდებას არალიცენზირებული პირი ახორციელებს.
“გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალმომარაგების სისტემური პრობლემაა: მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს შესაბამისი პროფილის პასუხისმგებელი სუბიექტი; მოსახლეობის ძირითად ნაწილს სასმელი წყალი ცენტრალიზებულად არ მიეწოდება, ხოლო მიწოდებული წყალი არ იწმინდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისია”, – წერია დასკვნაში.
აუდიტმა დაადგინა, რომ 2021-2022 წლებში, სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტმა 1,159.8 ათასი ლარი გახარჯა, თუმცა მოსახლეობას მაინც დაუქლორავი და შეუმოწმებელი წყალი მიეწოდება.
“ქალაქ გარდაბნისა და მუნიციპალიტეტის 18 სოფელში მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ უზრუნველყოფს.
20 სოფელში მცხოვრები 9 283 ოჯახის წყალმომარაგებას ემსახურება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ “გარდაბანსერვისი”, რომელიც არ ფლობს კანონით განსაზღვრულ ლიცენზიას. აღნიშნულ 20 სოფელში მოსახლეობას წყალი მიეწოდება გრაფიკით, ხოლო დანარჩენი 5 სოფლის 5 428 ოჯახისათვის წყლის სისტემები არ არის მოწყობილი (სარგებლობენ ბუნებრივი წყაროებით)”, – წერს აუდიტი და ამატებს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი წყლის სისტემა, ჭაბურღილები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობებით და წყლის დაქლორვის საშუალებებით:
“არ ტარდება წყლის სისტემატური ლაბორატორიული შემოწმება სასმელად ვარგისიანობის შესახებ. მიუხედავად ამისა, პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს შესაბამისი ღონისძიებები არ აქვს გატარებული”.
აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმავს და შეასრულებს კომპლექსურ ღონისძიებებს, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გასაუმჯობესებლად.
კითხვებით მივმართეთ გარდაბნის მერიას. შესაბამისი წერილი უწყებამ 27 სექტემბერს ჩაიბარა. თვითმმართველობისგან ველით კითხვებზე პასუხებს.
QvemoQartli.ge