გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა რაოდენობა კრიტიკულად დაბალია

საქართველოს მთავრობას დამტკიცებული აქვს  „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე რიგით მესამე – 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა”.

რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე საერთაშორისო პრინციპების ეროვნულ დონეზე განხორციელებას და ამ მიმართულებით ქვეყანაში დღის წესრიგის ჩამოყალიბებას. საქართველოში, კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგოების უფლებრივი მდგომარეობა კვლავ გამოწვევად რჩება, ისევე როგორც ქალთა თანაბარი მონაწილეობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და შერიგების მიმართულებით მიმდინარე პროცესებში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

შესაბამისად, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დროულ და ეფექტიან განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ საქართველოს სახალხო დამცველმა, განახორციელა აღნიშნული ეროვნული სამოქმედო გეგმის შუალედური მონიტორინგი.

მონიტორინგის მიზანი იყო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებისა და მიღწეული შედეგების შეფასება, არსებული ხარვეზებისა და პრობლემების გამოვლენა.

მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობის პროცენტული მაჩვენებელი გაზრდილია, მონაცემი მაინც კრიტიკულად დაბალია და მხოლოდ 8%-ს შეადგენს. ამასთან, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. ასევე, შემცირებულია სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა წარმომადგენლობა. დაბალია ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სახალხო დიპლომატიის ინიციატივების მაჩვენებელიც. სირთულეებია თვითმმართველობების დონზეც. „მუნიციპალიტეტებს კვლავ უჭირთ ქალებისა და გოგოების განსაკუთრებული როლისა და საჭიროებების დანახვა“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარისში: „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის“ (2018-2020) შესრულების შუალედური ანგარიში: მიგნებები და რეკომენდაციები.“

ქვეყანაში არ არსებობს სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და, საჭიროების შემთხვევაში, საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას, რაც არაერთი სამოქმედო გეგმით იყო გათვალისწინებული.

გამოწვევად რჩება ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება მათ უფლებრივ მდგომარეობაზე. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ფარგლებში გამოკითხულ ქალთა სრული უმრავლესობა დიასახლისია, მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა სოციალური შემწეობა და პენსია. რიგ შემთხვევებში, ქალები, ოჯახში აღებული ვალდებულებების გამო, ვერ ახერხებენ სამსახურებრივ აქტივობებში, სემინარებსა თუ ტრენინგებზე დასწრებას.

ანგარიშის მიგნებებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით სამთავრობო უწყებებს მიმართა.

რეკომენდაციების ნაწილი

ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს:

• რეგულარულად მართონ შეხვედრები დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან, ახალგაზრდებთან და ხანდაზმულებთან;

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას:

• მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის ჩაატაროს მიზნობრივი ტრენინგები

• ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციას და კოორდინირებულ მუშაობას

• შეიმუშაოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ, კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა და გოგონათა რეაბილიტაციის სპეციალური, ამ სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული კონცეფცია

• კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგოების საჭიროების განსაზღვრის მიზნით, გამართოს შეხვედრები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს:

• უზრუნველყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ყველა დონეზე ქალების, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული ქალების მონაწილეობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

• შექმნას უწყებაში სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის სისტემა, გენდერულად თანასწორი საკადრო პოლიტიკის დასაგეგმად და განსახორციელებლად

• შეიმუშაოს და დანერგოს ტრენინგების ეფექტიანობის შედეგების გაზომვის მექანიზმი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

• უწყებაში გამოიყოს კონკრეტული პირი, რომელიც იმუშავებს გენდერული თანასწორობის მიმართულებით და შეიმუშავებს პრიორიტეტებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების მიმართულებით

• მუნიციპალური ჯანდაცვის სისტემამ განსაკუთრებული ყურადღება მიმართოს დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისადმი, კერძოდ, უწყებამ შეისწავლოს ჯანდაცვის და სოციალურ სერვისებზე მისაწვდომობის ბარიერები და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ამ ბარიერების აღმოსაფხვრელად

• შეიმუშაოს პროფილური ჯანდაცვის პროგრამა კონფლიქტით დაზარალებული გოგოებისა და ქალების საჭიროებების გათვალისწინებით

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს:

• შეიმუშაოს შესაბამისი სასწავლო პროგრამები ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობის ხელშესაწყობად

• გამართოს რეგულარული შეხვედრები უსაფრთხოების სექტორის უწყებებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად.

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

პუბლიკაციის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ფოტოს წყარო: The Department of Political and Peacebuilding Affairs (DPPA) 

QvemoQartli.ge