ბოლნისში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხზე იმსჯელეს

ISFED-ს, ბოლნისის ოფისში, სამუშაო ადგილებზე პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხებზე იმსჯელეს. საინფორმაციო შეხვედრის სახელწოდება გახლდათ: „პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამოწვევები საქართველოში.“

„სამართლიან არჩევნებს“ ამ დროისთვის ათობით პროცესი აქვს მოგებული შრომით დავებზე. ორგანიზაცია იცავდა ადამიანებს, რომლებიც დაუსაბუთებელი რეორგანიზაციის და პოლიტიკური ნიშნით მიუღებლობის გამო, კარგავდნენ სამსახურს. წარსულ დროში ამ თემაზე საუბარი, შესაძლოა არ იყოს მართებული, რადგან მსგავსი ნიშნით სასამართლო დავები ამჟამადაც გრძელდება, ორგანიზაციის უფასო სამართლებრივი მხარდაჭერით.

ISFED-ის იურიდიული დახმარების პროექტის კოორდინატორი, ლელა ხათრიძე აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია მზადაა, ამ მიმართულებით, კვლავ დაეხმაროს მოქალაქეებს.

ამჟამად „სამართლიანი არჩევნების“ პრაქტიკა აჩვენებს, რომ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლება, მეტ-წილად, უკავშირდება  დასაქმებულების შეხედულებებს, მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას, ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას. ასევე, გათავისუფლების საფუძველი ხდება: დისკრიმინაციული მოტივით შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმა, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა, სამსახურიდან წასვლის იძულება, რეორგანიზაციის  შედეგად გათავისუფლება და  დისციპლინური გადაცდომის ან/და საგანგებოდ დანიშნული ინსპექტირების შედეგები.

ორგანიზაციის წარმოებულ საქმეებს შორის არის:

  • საჯარო სკოლის დირექტორების შესახებ პოლიტიკური დოსიეები – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მმართველი პარტიის შეფასებები დირექტორების გათავისუფლების პროცესში;
  • ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები;
  • 2021 წელს კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებებიდან გათავისუფლებული 100-ზე მეტი დასაქმებულის საქმე. გათავისუფლება ძირითადად მოხდა: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრიდან და თეატრებიდან.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ პრაქტიკაზე, სადაც ადგილობრივი მუნიციპალურ  შპს/ა(ა)იპებში, ხდება ცალკეული პირებისთვის ხელფასების ზრდა და ეს საკითხი არ არის დასაბუთებული. ასევე, დაისვა კითხვა არასამუშაო საათებში, მუნიციპალიტეტის მერიებში, თანამშრომელთა დავალდებულებაზე, დარჩნენ სამუშაო საათების შემდეგ. ISFED-ის იურისტების განმარტებით, საჯარო სამსახურში, თითოეულ ქმედებას შესაბამისი დასაბუთება და წერილობითი დოკუმენტი უნდა ახლდეს.

სტატია მომზადდა „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით