ახალი კუმისი – სოფელი სასმელი წყლის, ბუნებრივი აირის და გზის გარეშე
სოფელი ახალი კუმისი გარდაბნის მუნიციპალიტეტში კუმისის ტბის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარეობს.
უწყლობა, უგზოობა – ამ და სხვა გამოწვევებზე ახალი კუმისის მაცხოვრებელი, აქტივისტი ნინო ფანცულაია გვიყვება:
„ ჩვენი სოფელი 25 წელზე მეტია საბაზისო პრობლემების წინაშე დგას, მათ შორის: არ არსებობს წყლის სისტემა. შესაბამისად, არ გვაქვს როგორც სასმელი, ასევე სამეურნეო წყალი. წყლის რესურსისთვის გვიწევს ვიყიდოთ როგორც სასმელი, ასევე ტექნიკური წყალი.
არ გვაქვს სოფლამდე მისასვლელი რეაბილიტირებული გზა, ისევე როგორც, სოფლის შიდა გზები. არ არსებობს ახალ კუმისამდე მისასვლელი არანაირი მუნიციპალური ტრანსპორტი, მაშინ, როდესაც აღნიშნული ტერიტორია თბილისის ადმინისტრაციული ერთეულიდან 3.5 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელი არ არის გაზიფიცირებული და სოფლის მხოლოდ 20 %-ს აქვს გარე განათების ბოძები “, – ნინო ფანცულაია, ახალი კუმისის მაცხოვრებელი, აქტივისტი.
ფანცულაია პასუხისმგებელი უწყებებისა და პირების უმოქმედობაზეც საუბრობს:
„ მერიის დამოკიდებულება არის ინდიფერენტული, უპასუხისმგებლო და არაპროფესიული. მათთან ყველანაირი ხერხს ვიყენებთ, რომ შევძლოთ კომუნიკაციის დამყარება, თუმცა უშედეგოა – ამიტომ პირდაპირ ქვემო ქართლის გუბერნატორის აპარატთან გვაქვს კომუნიკაცია. ისმენენ პრობლემებს, დაპირებები არის, თუმცა ქმედებები არა. ერთადერთი ხელშესახები ქმედება რაც მოხდა ბოლო წლების განმავლობაში არის კუმისის ტბაში შემომავალი ერთ-ერთი ბუნებრივი არხის გაწმენდა, რამაც ტბა გადაარჩინა დაშრობას. ჩვენი სოფელი კუმისის ტბის ნაპირასაა გაშენებული, შესაბამისად ჩვენი საზრუნავი სოფლის გარდა ტბაც არის. ეს ქმედება კი მოსახლეობის დაუღალავი შრომის შედეგად მოხდა „ – ნინო ფანცულაია, ახალი კუმისის მაცხოვრებელი, აქტივისტი.
რა კეთდება ახალი კუმისის პრობლემების მოსაგვარებლად, კითხვით გარდაბნის მერიას მივმართეთ.
„ მოიწერეთ კანცელარიაში კითხვები და ოფიციალური პასუხი მოგივათ“ -ასეთია უწყების პასუხი.
ცნობისთვის გარდაბნის მერიას უკვე რამდენიმე წერილი აქვს QvemoQartli.ge-ის უპასუხოდ დატოვებული. მიუხედავად ამისა, შესაბამისი წერილი ახალი კუმისის საკითხზე გავგზავნეთ და პასუხის მიღების შემთხვევაში გამოვაქვეყნებთ აღნიშნულ ინფორმაციასაც.
QvemoQartli.ge