„ ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ 102 ახალგაზრდას ოცნების ასრულებაში დაეხმარა
ქვემო ქართლში მომუშავე ორგანიზაცია „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ განათლების მიმართულებით, სამოქალაქო სექტორის მუშაობის, უნიკალურ მაგალითს ქმნის.
მათი თითოეული აქტივობა ადგილობრივი თემის საჭიროებას ეყრდნობა. შესაბამისად, არც პროექტის მონაწილეების შერჩევა და არც დონორებთან ურთიერთობა უჭირთ.
ორგანიზაციის მთავარი მისია გახლავთ, რაც შეიძლება მეტ ბავშვს და ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა ხარისხიან განათლებაზე.
ქამრან (ჩამრან) აფანდიევი მასწავლებელი და ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია. გვიყვება მიმდინარე წელს მათ ორგანიზაციაში, არსებულ საგანმანათლებლო პროექტებზე.
„ ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ ეხმარება სკოლამდელი ასაკის ბავშვებს და მათაც ვისაც, უკვე სტუდენტობის გზის დაწყება სურს.
დღეს, მათ ორ პროექტზე მოგიყვებით.
ქამრანი, ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად ბევრს ფიქრობდა როგორ დახმარებოდნენ ბავშვებს, რომლებსაც სოფლებში არ აქვთ საბავშვო ბაღები. როგორც წესი, სკოლაში ეს ბავშვები, ამისთვის აბსოლუტურად მოუმზადებლები მიდიოდნენ. ფაქტობრივად, სახლიდან სკოლის მერხამდე – მათ სწავლის უნარებისთვის ვერავინ ამზადებდა.
„ ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“ იმ რეალობაში, როდესაც არ/ვერ ხდება საბავშვო ბაღების მშენებლობა, გადაწყვიტა რომ შეექმნა ბავშვების სკოლისთვის მოსამზადებელი ერთწლიანი სასწავლო მოდელი.
და იდეაც განხორციელდა. 12 ბავშვი დღეს ორგანიზაციის დახმარებით, ემზადება სკოლისთვის.
მათთან ორი მასწავლებელი და ფსიქოლოგი მუშაობს. ქამრანი ამბობს, რომ ბავშვებმა სწავლის უნარები შეიძინეს, მეგობრობა და თანამშრომლობა ისწავლეს. ასევე, უფრო „დაუახლოვდნენ“ ქართულ ენას. ამ პროექტს, ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრთან“ ერთად ახორციელებს, „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.
ორგანიზაცია მუშაობს სტუდენტობის მსურველი ახალგაზრდების მხარდასაჭერადაც.
„ ჩვენი პროექტის ფარგლებში, ბოლო 4 წლის განმავლობაში, სადახლოს თემიდან 102 ახალგაზრდა ჩაირიცხა უნივერსიტეტებში. წელს, 35 აბიტურიენტი გვყავს. მარნეულის 5 სოფლიდან ჩამოგვყავს ჩვენთან სოფელ ხულდარაში. მათ პროექტის ფარგლებში დაქირავებული ტრანსპორტი ემსახურება. ახალგაზრდებისთვის უფასოა ყველა სასწავლო მასალა, ასევე ცხადია უფასოა სწავლა.
ვამზადებთ ქართულსა და უნარებში. ეს ცხადია, მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. მოგეხსენებათ, რამდენად სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული რეპეტიტორებთან სიარული.
აქვე, ვიტყვი რომ ჩვენი აბიტურიენტების უმრავლესობა გოგონები არიან და ეს ძალიან მახარებს“ – ქამრან (ჩამრან) აფანდიევი „ახალი აზროვნების ინსტიტუტი.
იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოიცვან და ცოდნა გაუზიარონ, ორგანიზაციამ დაიწყო საგანმანათლებლო ვიდეორგოლების მომზადებაც.
აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი ინიციატივაც „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
QvemoQartli.ge
სტატია მომზადდა „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით.
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.