ახალგაზრდები, ევროკავშირის მხარდაჭერით, სოციალური სერვისების გაუმჯობესებას ცდილობენ

მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს პროექტს ახალგაზრდების ჩართულობა სოციალური სერვისების მიწოდებაში, რომლის მიზანია გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოციალური სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დეფიციტური პროფესიების კადრების რაოდენობის გაზრდის ხელშეწყობა და წახალისება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2024 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გარდაბნის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში:  მარტყოფი, ნორიო, ახალსოფელი, ვაზიანი, სართიჭალა, გამარჯვება, ყარაჯალარი, ახალგაზრდებისათვის, კერძოდ, 10-11-12 სკოლის მოსწავლეებისათვის, საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა სოციალური მუშაკისა და ოკუპაციური თერაპევტის პროფესიის მნიშვნელობაზე და დასაქმების პერსპექტივებზე. შეხვედრებს უძღვებოდნენ გადამზადებული სათემო ლიდერები, აგრეთვე მოწვეული სოციალური მუშაკები.

„ჩვენთვის სასიხარულო ფაქტია, რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ დეფიციტური პროფესიებით და ბევრმა მათგანმა გაგვიზიარა რომ აქამდე არც კი იცოდა ამ პროფესიების შესახებ ახლა კი სამომავლო პროფესიად  მათ არჩევასაც კი ფიქრობს.

აღნიშნული პროექტი იქნება წინა პირობა, რათა გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დაინტერესდეს სოციალური მუშაკისა და ოკუპაციური თერაპევტის პროფესიით და ჩააბაროს შესაბამის ფაკულტეტებზე, რაც სამომავლოდ შეიტანეს წვლილს და ხელს შეუწყობს  გაუმჯობესდეს ადგილობრივი მოსახლეობის, რეგიონში არსებული ბავშვთა სახლების ბენეფიციარების, შშმ პირთა პანსიონატებსა და სხვა მსგავსი დაწესებულებების ბენეფიციარების  ცხოვრების ხარისხი“, –  მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და ქვემო ქართლის მედიასთან (KKM) თანამშრომლობით.

QvemoQartli.ge