„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა მიიღოს ზომები“- საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება

„საქართველო უნდა დარჩეს თავისი ევროპული ღირებულებების ერთგული: ასამბლეა კატეგორიულად გმობს მშვიდობიანი დემონსტრაციების სასტიკ რეპრესიებს, როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების დარღვევას,“ – ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედი კომიტეტის განცხადებაში, რომელიც 2024 წლის 29 ნოემბერს გამოქვეყნდა.

“საქართველოში რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს ომს. თუმცა, თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს. ევროპამ უნდა გაიღვიძოს. ჩვენ უნდა დავდგეთ თავდადებული ევროპელების გვერდით. საქართველოში ჩვენი საერთო ღირებულებები საფრთხის ქვეშაა”  – წერს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ზე.

საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება პოლიციის მიერ საქართველოში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ გადამეტებულ ძალას. ისინი ქართველ ხალხს გვერდით დგანან და ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. გიზიარებთ ყველა მხარდამჭერ განცხადებას:

,,ქართველებს მთავრობამ უღალატა”, – წერს ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში.

“მოვუწოდებთ როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭირონ ქართველებს ბრძოლაში, რათა აღადგინონ დემოკრატია და თავისუფლება თავიანთ ქვეყანაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა მიიღოს ზომები, რათა დაისაჯოს ქართველების მშვიდობიან პროტესტზე და ასევე ლიდერების არჩევის უფლების დარღვევა,” – განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს, რომელსაც ტრამპის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ჯო უილსონი აწერს ხელს.

“დანია შეშფოთებულია საქართველოში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. დანია მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით. მათი დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს,” – წერია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

,,იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი – ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ჩვენ კვლავ ვხედავთ ქართველი ხალხის მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში. მკაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას. საქართველო ევროპაა”, – წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს განცხადებას და ამბობს, რომ ის ღრმად შეშფოთებულია საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით. წუხს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, რაც დემოკრატიული რეფორმის მთავარი მექანიზმია. ,,ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას,” – აცხადებს ესპენ ბარტ აიდემი.

,,გერმანიის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს”, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ვაგნერმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა. “ამ ხალხს საკუთარი მოთხოვნების მხარდასაჭერად გამოსვლის სრული უფლება აქვს, სამართალდამცავი ორგანოებისგან თავშეკავებულობასა და ძალადობაზე უარს ველით“, – ამბობს ვაგნერი.

“ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა დემოკრატიული საქართველოს ევროპულ გზას, ყოველთვის დაუჭერს. ჩემი სრული სოლიდარობა საქართველოს ხალხს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მშვიდობიანი დემონსტრაციებისა და პროტესტის უფლებას სრულიად უნდა სცენ პატივი”, – წერს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი.

29 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა ბულგარეთში ოთარ ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ გადადგა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, ამის საპასუხოდ, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საქართველოს ელჩი ესტონეთში ბატონ ბერძენიშვილის მაგალითს მიჰყვება.