აშშ, დანია, ევროკავშირი – „რუსული კანონის“ შედეგად პარტნიორები საქართველოს მთავრობის ფინანსურ მხარდაჭერას აჩერებენ
პარლამენტის მიერ მაისში მიღებული „აგენტების კანონი“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოსთვის დახმარებების შეწყვეტის მიზეზი ხდება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს, უკვე 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარება შეუჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა:
„ 23 მაისს, საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა გამოვაცხადე. ამ განხილვის შედეგად, შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომელიც პირდაპირ სარგებელს საქართველოს ხელისუფლებას მოუტანდა.
საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის ნორმებთან შეუთავსებელია. მანამ, სანამ ჩვენ, ამ ქმედებების გამო, საქართველოს ხელისუფლების დახმარებას ვაჩერებთ, აშშ გააგრძელებს იმ პროგრამებისა და აქტივობების დახმარებას, რომლებიც ქართველი ხალხისთვის სარგებელს მოუტანს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებას“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ენტონი ბლინკენი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივ მეგობრობას და ამერიკის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების მნიშნელობას:
„ჩვენს ქვეყნებს და მოქალაქეებს შორის 32-წლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა 6,2 მილიარდ დოლარზე მეტის დახმარება გაიღო, რითაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში.
ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს თავდაცვის ძალების და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და მომზადებაში, აშენდა სკოლები და საავადმყოფოები, მომზადდა მასწავლებლები, საჯარო მოხელეები და სამედიცინო პროფესიონალები.
ჩვენ დავრჩებით ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული“, – ენტონი ბლინკენი
„რუსული კანონი“ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯად არის შეფასებული ევროკავშირის მიერაც.
ორგანიზაციამ საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა:
„ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) 30 მილიონი ევროს ოდენობით 2024 წლისთვის. სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, განიხილება სხვა ზომების მიღებაც… ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ“, – პაველ ჰერჩინსკი.
აღსანიშნავია ის, რომ 2021 წლის დეკემბერში ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად 12 750 000 ევრო გამოიყო, 2022 წლის დეკემბერში — 20 მილიონი, 2023 წლის მაისში — 30 მილიონი ევრო.
ასევე, „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა. აღნიშნული დახმარების ბიუჯეტიც დაახლოებით 71.5 მილიონი დანიური კრონა (28 მლნ ლარზე მეტი) იყო.
ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილიდან ირკვევა, რომელიც პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას მისი კითხვის პასუხად გამოუგზავნეს.
„დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას და დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი, რაც დანიასა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველია“, – ნათქვამია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან დეპუტატისთვის გაგზავნილ წერილში.
QvemoQartli.ge