აუდიტი: მარნეულის მუნიციპალიტეტი სათანადოდ არ აკონტროლებს საწვავის ხარჯვის მიზნობრიობას

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. შედეგები, მიმდინარე წელს, გამოქვეყნდა და მათ თანახმად:

 

ფინანსური რესურსების მართვა

 

ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები – მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის  პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც მოცემული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 17% და 15% დააკლდა.

 

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა

 

უხარისხოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები – ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, 503.8 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს არ შეუსწავლია პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები ზიანის ასანაზღაურებლად.

მოსახლეობის წყალმომარაგებაში არსებული ხარვეზები – მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო რესურსების ნაწილს ხარჯავს წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უმრავლესობას სასმელი წყალი მიეწოდება შეფერხებით ან გრაფიკით, ხოლო მიწოდებული წყალი არ იწმინდება. შედეგად, სასმელი წყლის ხარისხი ზოგიერთ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს. მუნიციპალიტეტის საქმიანობა სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველსაყოფად, არასაკმარისი იყო. აღნიშნული პრობლემა სისტემური ხასიათისაა, თუმცა მერიას, მისი მოგვარების მიზნით, სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.

მერიამ დროული რეაგირება არ მოახდინა შესყიდული წყლის დანაკარგების შესამცირებლად. შედეგად, წყლის რესურსი და საბიუჯეტო სახსრები იხარჯება არარაციონალურად.

მუნიციპალური შპს-ს პასუხისმგებელმა პირებმა დროულად და ჯეროვნად არ შეასრულეს სალიცენზიო მოთხოვნები, რის გამოც შპს-მ ჯარიმის სახით გასწია დამატებითი ხარჯი.

 

ქონების მართვა და განკარგვა

 

ქონების მართვასა და განკარგვაში არსებული ხარვეზები – კონტროლის სუსტი მექანიზმების გამო, მერიამ ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად მობილიზება, ხოლო საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. შედეგად, მუნიციპალიტეტი კარგავს ბიუჯეტში კუთვნილი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.

 

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსება და საქმიანობა

 

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების ნაწილი საქმიანობს ხარვეზებით, ვერ აღწევს დასახულ მიზნებს და ვერ უზრუნველყოფს ფინანსური რესურსების ეფექტიან ხარჯვას. მუნიციპალიტეტში დანერგილმა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო ორგანიზაციების საქმიანობაში არსებული ნაკლოვანებების დროული გამოვლენა და არსებული შეუსაბამობების აღმოფხვრა/პრევენცია.

 

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

 

მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, შესაბამისად, 2019 წელს 89 ერთეულით და 2020 წელს 86 ერთეულით აღემატებოდა კანონმდებლობით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე.

 

მოსაკრებლები

 

დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებული ხარვეზები – მოსაკრებლების ადმინისტრირებაში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, სრულად ვერ ხორციელდება დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება. მერიამ არ გაატარა საკმარისი და სათანადო ღონისძიებები იმ პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ მოსაკრებლის გადახდა.

 

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

QvemoQartli.ge