არჩევნები 2024 – საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

„ქართული ოცნება“ – 53,931%;

“კოალიცია ცვლილებისთვის” – 11,035%;

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10,167%;

“ძლიერი საქართველო” – 8,81%;

“გახარია საქართველოსთვის” – 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

არჩევნებს ეხმაურებიან საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

აშშ გმობს საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პროცესში საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას.

ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. 27 ოქტომბრით დათარიღებული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

ბლინკენის შეფასებით, არჩევნებზე აქტივობა ცხადყოფს დემოკრატიისადმი ქართველი ხალხის დამოკიდებულებას, თუმცა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩეველთა დაშინებით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა 28 ოქტომბრის ბრიფინგი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ვრცელი განცხადებით გახსნა.

მილერმა თავისი განცხადება არჩევნების შეფასებით დაიწყო:

“შაბათს ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკით შეიქმნა, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების ყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით. ამან ხელი შეუწყო უთანასწორო გარემოს, რაც ძირს უთხრის ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობასა და სამართლიანი შედეგის შესაძლებლობას”, – აღნიშნა მილერმა.

მილერის სიტყვებით, აშშ უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს, არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრულ გამოძიებაზე.

“ჩვენ შევუერთდით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრულყოფილად გამოძიებაზე და მოვუწოდებთ [ხელისუფლებას], პატივი სცენ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტურ თავისუფლებას”.

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ 28 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება:

„დიდ შვიდეულთან და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინირებით და არჩევნების ჩატარების და შედეგების გათვალისწინებით, კანადა გადასინჯავს თავის ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან. კანადა ღია რჩება საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, თუკი საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და ყურადღებას მიაქცევს ბოლო პერიოდში დემოკრატიის უკუსვლას.“

შვედეთის მთავრობა კი აცხადებს, რომ საქართველოსთან წყვეტს ყველა სახის პირდაპირ ოფიციალურ თანამშრომლობას.

“საქართველოში განვითარებული [მოვლენები] უკვე გარკვეული პერიოდია ძალიან საგანგაშოა. ამას აძლიერებს ცნობები დარღვევებზე, რომლებიც გაავრცელეს არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებმა, შაბათის საპარლამენტო კენჭისყრიდან.

მცდელობები ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას საშუალება არ მიეცეს შეასრულოს თავისი დემოკრატიული როლი, მათ შორის შემზღუდავი კანონმდებლობით, კონფლიქტში მოდის ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.

ხელისუფლება აჩერებს შვედეთ-საქართველოს პირდაპირ ოფიციალურ თანამშრომლობას რომელიც კვლავაც გრძელდება, საქართველოს საგადასახადო უწყების თანახმად” – წერს შვედეთის განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრი, ბენიამინ დუსა საინფორმაციო სააგენტო TT-სთვის გაგზავნილ განცხადებაში.

QvemoQartli.ge