არჩევნები 2020 – ქვემო ქართლში გამოვლენილი დარღვევები
ქვემო ქართლში კენჭისყრის პროცესს თითქმის ყველა გავლენიანი საზოგადოებრივი ორგანიზაცია აკვირდებოდა. განცხადებებს სავარაუდო დარღვევების შესახებ, პერიოდულად აწვდიდნენ მედიას. მათი საჩივრების ატვირთა უნდა მოხდეს ცესკოს ვებ-გვერდზე. მოცემულ მომენტში, შეგვიძლია გაგაცნოთ სამი ორგანიზაციის გამოვლენილი, სავარაუდო, დარღვევები.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
- მარნეულის №7 უბანზე მარკირებული ამომრჩეველი მეორედ შევიდა უბანზე და ხელახლა მისცა ხმა.
- მარნეულის №10 უბანზე კაბინები იმგვარად არის განლაგებული, რომ შესაძლებელია ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დაფიქსირება.
- გარდაბნის №19 უბანზე 7 საათის შემდეგ მათი დამკვირვებელი არ შეუშვეს. დაწერილია შესაბამისი საჩივარი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“
- მარნეულის 23-ე საოლქო კომისიის #13 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი არასწორად გააძევეს უბნიდან, ის იღებდა კაბინას გარედან, რადგან 3 ამომრჩეველი იყო ერთდროულად შესული. დავწერეთ საჩივარი.
- გარდაბნის 21-ე საოლქო კომისიის #21 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებულმა პირმა ადგილზეც მისცა ხმა და გადასატანი ყუთითაც. დაიწერა საჩივარი.
- გარდაბნის 21-ე საოლქო კომისიის #58 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი შეყვა ამომრჩეველს კაბინაში და დაეხმარა ხმის მიცემაში. დავწერეთ საჩივარი
- თეთრიწყაროს 26-ე საოლქო კომისიის #10 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს, მოხუც ქალბატონს ხელში ეჭირა ფურცელი, სადაც “41” ეწერა და თქვა, რომ უბნის გარეთ გადასცეს.
- დმანისის 24-ე საოლქო კომისიის #46 საარჩევნო უბანზე წილისყრა არ ჩატარდა. დაიწერა საჩივარი.
- მარნეულის 22-ე საოლქო კომისიის #85 საარჩევნო უბანზე წილისყრა არასწორად ჩატარდა. ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი.
„სამართლიანი არჩევნები“
- #22 მარნეული საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს კომისია დაკვირვების უფლებას უზღუდავს და ავიწროვებს, რაც გამოწვეულია დღის პირველ ნახევარში დამკვირვებლის მიერ საჩივრის წარდგენით. კომისიის თავმჯდომარე ფიზიკურად შეეხო დამკვირვებელს და ბეიჯი მოქაჩა, იქვე პარტიის წარმომადგენლის სტატუსით მყოფი ტერიტორიული ორგანოში მერის წარმომადგენელი კი დაემუქრა, რომ ახალგაზრდაა და არ უნდა უღირდეს ზედმეტი აქტიურობა;
- #25 წალკის საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს გამოჰქონდათ დაუკეცავი ბიულეტენები ისე, რომ შესაძლებელი იყო დანახვა თუ ვის მისცეს ხმა.
- #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე მედია საშუალება ,,ნიუ პოსტის” წარმომადგენელი ამომრჩევლებს ფოტოებს უღებდა და სპეციალური პროგრამის საშუალებით სერვერზე აგზავნიდა.
- #21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის #21 უბანზე ამომრჩეველი შეყვანილი იყო გადასატანი ყუთის სიაში და ამის საფუძველზე მისცა ხმა. შემდეგ ის საარჩევნო უბანზეც გამოცხადდა და იქაც მისცა ხმა განმეორებით.
- #20 რუსთავის საარჩევნო ოლქში #84 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სხვა ამომრჩევლის გრაფაში მოაწერა ხელი.
ფოტოს წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ფოტოზე ასახულია საია-ს საარჩევნო მისიის მუშაობა.