არჩევნების ახალი წესი ქვემო ქართლში უბნების მხოლოდ 58%-ს შეეხება
26 ოქტომბრის არჩევნები ქვემო ქართლის უბნების 58%-ში ახალი წესით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში გახსნილი 372 უბნიდან, 215 უბანში არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება.
ქვემო ქართლში ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელშიც ყველა უბანზე ახალი წესით ჩატარდება არჩევნები, რუსთავია. რუსთავში 57 უბანი გაიხსნება და ყველა მათგანი ელექტრონული ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.
რა არის (ტექნიკურად) ახალი ელექტრონულ არჩევნებში
ამომრჩეველს უბანზე მისვლისას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ამობეჭდილი სამაგიდო სიით აღარ დახვდება. ახალი წესის მიხედვით, უბანზე რეგისტრირებული ამომრჩეველთა სია სპეციალურ აუთენტიფიკაციის მოწყობილობაში იქნება ჩატვირთული, რომელიც მოქალაქეთა იდენტიფიცირებასა და ვერიფიკაციას პასპორტისა და პირადობის მოწმობის მეშვეობით მოახდენს.
გარდა ამისა, შეცვლილია საარჩევნო ყუთის იდეაც. წელს ელექტრონული ტექნოლოგიებით აღჭურვილ უბნებზე ხმის მთვლელი მოწყობილობა იქნება განთავსებული, რომელიც მასში მოთავსებული ბიულეტენების, ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობას აღრიცხავს. მას აქვს შესაძლებლობა, რომ უბნის დახურვის შემდეგ, რამდენიმე წამში დაბეჭდოს “ჩეკი”, რომელიც თავად დააჯამებს შედეგებს, ანუ ახალი წესი მხოლოდ ინდენტიფიცირებისა და ხმის დათვლის მოწყობილობის გამოყენებას გულისხმობს, ხოლო არჩევანის დაფიქსირება მოქალაქეს ისევ ტრადიციულად, დაბეჭდილ ბიულეტენზე მოუწევს.
ფარდობითად, ქვემო ქართლის რეგიონში ელექტრონული ტექნოლოგიებით ყველაზე მეტი უბანი რუსთავში, ბოლნისში, დმანისსა და მარნეულში აღიჭურვა.
გარდა საარჩევნო მეთოდისა, ქვემო ქართლის რეგიონში საოლქო საარჩევნო კომისიებში შემავალ უბნებს ეთნიკური მრავალფეროვნებაც გამოარჩევს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში გახსნილი იქნება როგორც ქართულ-აზერბაიჯანული, ასევე ქართულ-სომხური და სრულად ქართული უბნები. მხოლოდ რუსთავში არის უბნების 100% ქართული. რაც შეეხება მარნეულს, გარდაბანსა და დმანისს, აქ ქართულ-აზერბაიჯანული უბნები გაიხსნება, ხოლო ბოლნისში, წალკასა და თეთრიწყაროში – ქართული, ქართულ-სომხური და ქართულ-აზერბაიჯანული უბნები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს ხელმისაწვდომი იქნება:
- საარჩევნო ბიულეტენი ქართულ-სომხურ, ქართულ-აზერბაიჯანულ, ხოლო შერეულ საარჩევნო უბნებზე ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ენებზე;
- ამომრჩეველთა ერთიანი სია ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე;
- ბიულეტენის შევსების წესი ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე;
- კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე.
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით