„ანიდაბანი“ ქართული ენის შემსწავლელი აპლიკაცია
„ანიდაბანი“ ქართული ენის შემსწავლელი აპლიკაციაა, რომელიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის შეიქმნა. იდეის ავტორი 33 წლის გვანცა სიხარულიძეა.
აპლიკაციის შესახებ, ის თავად გვიყვება და გვიხსნის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებისთვის ენის შემსწავლელი, ონლაინ რესურსების არსებობა და როგორ გაჩნდა იდეა „ანიდაბანი.“
„ გერმანიაში ცხოვრების პერიოდში მივხვდი, თუ რამდენად რთულია, იცხოვრო ქვეყანაში, რომელი ქვეყნის ენაც არ იცი. სწორედ, ამიტომ დამებადა იდეა, რომ გამეკეთებინა ისეთი აპლიკაცია, რომელიც ქართული ენის შესწავლაში დაეხმარებოდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საქართველოში.“
გვანცას იდეის განხორციელება „სოციალური ინოვაციების იდეების კონკურსის“ დახმარებით მოხდა, რომელიც „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა“, სოციალური ინოვაციების პროგრამის ფარგლებში გამოაცხადა. კონკურსი ინოვაციური იდეებისა და სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.
„შევიტანე იდეა, საკმაოდ კონკურენტულ გარემოში ჩაიარა კონკურსმა. როგორც მახსოვს, თავდაპირველად იყო 183 განაცხადი, საბოლოოდ გამოვლინდა ხუთ გამარჯვებული, მათ შორის ჩემი აპლიკაციაც. ამის შემდეგ, რამდენიმე თვე გვქონდა, დაახლოებით შვიდი თვე, რომ შეგვექმნა.
მივიღეთ ფინანსური მხარდაჭერის სახით 30 000 ლარი და ამ თანხით მოვახერხეთ ის, რომ შევქმენით მობილური აპლიკაცია. 2021 წლის ბოლოს კი აპლიკაცია ავტვირთეთ Play store-ზე.
რა საკვირველია, მათი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, ეს იდეა მხოლოდ იდეად დარჩებოდა. აბსოლუტურად, შეუძლებელი იქნებოდა ამის განხორციელება, იმიტომ რომ ეს როგორც იცით, არის სოციალური ინოვაცია, ბიზნესი კი არასოდეს არ იქნებოდა დაინტერესებული იმით, რომ ჩაედო ინვესტიცია ასეთი სახის პროექტში, რომელიც რაღაც სოციალური პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად“, – ამბობს გვანცა სიხარულიძე.
„ანიდაბანის“იდეის ავტორი იმედოვნებს, რომ აქტიური მარკეტინგული კამპანიის შემდეგ, მას მეტი ადამიანი გაიცნობს და სამიზნე ჯგუფებიც აქტიურად ჩაერთვებიან მის გამოყენებაში.
„ ახლა ტექნიკური დახვეწის ეტაპზე ვართ. ძალიან ბევრია კიდევ გასაკეთებელი. აპლიკაცია მოიცავს ენის ცოდნის ხუთ დონეს, A1-დან C1 დონის ჩათვლით. მართალია, აპლიკაცია დამხარე საშუალებაა, მაგრამ ისე გვინდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ სიტყვათა მარაგი და ყველა ის კომპონენტი, რაც საჭიროა ენის შესწავლისთვის.
აპლიკაციას 500 -მდე მომხმარებელი ჰყავს. თუ არ ვცდები საქართველოში, დაახლოებით 40 000-მდე ეთნიკურად უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვია სკოლებში. მათ უნდა იცოდნენ, რომ არსებობს აპლიკაცია რომელიც ენობრივი ბარიერის გადალახვაში დაეხმარებათ. თუმცა, რთულია ზოგადად მიაღწიო იმ ადამიანებამდე რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ. ახლა ფინანსური რესურსი არ გვაქვს მარკეტინგისთვის, რომ სოციალური ქსელში გავუშვათ იმდენი ფულადი რეკლამა, რომ მივიდეთ სწორედ ამ სამიზნე ჯგუფებამდე“, – ამბობს გვანცა სიხარულიძე.
გვანცა გვიყვება, რომ კონკურსის დასრულების შემდგომ, პროექტის წარმომადგენლები, ისევ აქტიურად თანამშრომლობენ მასთან და ასევე სხვა გამარჯვებულ აპლიკანტებთან. მისი თქმით, როგორც ტექნიკური მიმართულებით, ასევე დონორებისა და დამატებითი მხარდამჭერების მობილიზების კუთხით, კომუნიკაცია დღემდე გრძელდება.
„ ვაგრძელებთ კონტაქტს და პროექტის მესვეურები, ისევ აქტიურად გვეხმარებიან სხვადასხვა მიმართულებით. ვუბრუნდებით შეკითხვებითაც, მაგრამ რადგან გრანტი დამთავრებულია, ახლა ჩვენით უნდა განვაგრძოთ საქმიანობა. ვცადოთ სხვა საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა ან კერძო დაფინანსების მოპოვება, რათა მოხდეს უკვე არსებული პროდუქტის დახვეწა, კონტენტის გაუმჯობესება და აუდიო მასალების დამატება. ასევე, აქტიური მარკეტინგული კამპანიების წარმოება. ფულადი რესურსების გარეშე, ძალიან ძნელია რაიმე გააკეთო, როცა განსაკუთრებით საქმე ციფრულ პროდუქტთან გვაქვს“, – ამბობს გვანცა სიხარულიძე.
აპლიკაციებით ენის შესწავლა საზღვარგარეთ ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია, რომელსაც უცხოეთში ყოფნისას, თავადაც „ანიდაბანის“ ავტორიც აქტიურად იყენებს.
„ზოგადად ხალხი ძალიან აქტიურად იყენებს აპლიკაციებს. მაგალითად, ტრანსპორტში რომ ხარ პრაქტიკულია, რომ წიგნი და რვეული არ გჭირდება და მარტივად სწავლობ. ტექნოლოგიები ცხოვრების ყველა სფეროში შემოდის, განათლებაც ერთ-ერთი მათგანია – საზღვარგარეთ ეს უკვე დანერგილი პრაქტიკაა. მეც გერმანულს რომ ვსწავლობ უნივერსიტეტში, აპლიკაცია მოჰყვება წიგნს.“
ავტორი: ნინო ბერიძე
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით