ანდრო ჭიჭინაძის საქმე

28 წლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პროევროპულ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით საკუთარ სახლში 4 დეკემბერს დააკავეს. იქამდე სახლი გაჩხრიკეს და ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის ანდრო ჭიჭინაძის ტელეფონი, დალუქეს.

ანდრო ჭიჭინაძე იმ პროტესტის მონაწილეა, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. საზოგადოების მღელვარებას საფუძვლად უდევს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

4 დეკემბერს, დაკავებამდე საათებით ადრე, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციაზე ანდრო ჭიჭინაძემ ონლაინგამოცემა On.ge-ს უთხრა:

„ მე ვდგავარ ჩემს მეგობრებთან ერთად ევროპული მომავლისთვის და მგონია, რომ აუცილებელია, დღეს ყველა სფერო გაიფიცოს, იმისთვის, რომ ევროპულ მომავალს არ შეექმნას საფრთხე… ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთავრობას, რომელიც არის აბსოლუტურად არალეგიტიმური, მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი და ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ, რომ ჩვენ მათ პოლიტიკას არ შევეგუებით“.

პოლიტიკური კონტექსტის გარდა, მისი პოპულარობა შეიძლება იყოს. კინოს და თეატრის ახალგაზრდა მსახიობს მაყურებელი კარგად იცნობს.

„რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები საქართველოში“ ამ ანგარიშში ანდროს საქმე პირველია. ორგანიზაციამ „ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) ჭიჭინაძის საქმე სამართლებრივად შეისწავლა და დააკვნა:

„ ანდრო ჭიჭინაძის ბრალდების საქმეში კი არათუ მტკიცებულება არ არსებობს, რომ მისმა ქმედებამ ვინმეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, არამედ, საქმეში საერთოდ არ არის დაზარალებული პირი – საქმეში პროკურატურას ანდრო ჭიჭინაძის ქმედების გამო დაზარალებული არ ჰყავს, რადგან ასეთი ბუნებაში არ არსებობს.

შესაბამისად, აშკარაა, რომ საქართველოს პროკურატურა მოცემულ საქმეში სისხლის სამართლებრივი დევნას ერთი მხრივ, საპროტესტო  აქციების იმიჯის დასაზიანებლად იყენებს, ვინაიდან მას წარმოაჩენს, როგორც ძალადობრივს, ხოლო მეორე მხრივ, ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პირების რეპრესიებითა და დაპატიმრებით, მათ საპროტესტო ტალღის ტერორისა და საზოგადოების დაშინების ინსტრუმენტად იყენებს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე ანდრო ჭიჭინაძეს სისხლისსამართლებრივი წინასწარი პატიმრობა შეფარდებული აქვს წმინდად პოლიტიკური მიზნითა და მოტივით, ისე, რომ მის ქმედებას არ აქვს კავშირი რაიმე სახის დანაშაულთან“, – ორგანიზაცია „ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.“

ანგარიშში ანდრო ჭიჭინაძის საქმის დეტალებიც არის წარმოდგენილი. ორგანიზაციის განმარტებით, დანაშაულის სწორი კვალიფიკაციისთვის, ჯერ უნდა არსებობდეს ორგანიზატორი, მის მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფი, ხოლო შემდგომში კონკრეტული პირი წინასწარი განზრახვით უნდა ჩაებას და მონაწილეობდეს ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის ქმედებებში.

„ პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის საფუძველზე დაკავებული პირების საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულთა მიერ ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას, ბრალდებულთა ნაცნობობას, ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებას ან რაიმე სხვა ფორმით ორგანიზებული სტრუქტურის ჩამოყალიბებას და მასში მონაწილეობას.  პატიმრობაში მყოფ პირებს პროკურატურა ედავება  2024 წლის ნოემბერ დეკემბერში სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა ადგილას იზოლირებული ქმედებების ჩადენას, რაც პროკურატურის პოზიციით 225-ე მუხლის შემადგენლობას ქმნის. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწებული ქმედების შემადგენლობაში აუცილებელია სახეზე იყოს ძალადობრივი ჯგუფის შექმნა/ორგანიზება. ამდენად, წინამდებარე საქმეზე არ არსებობს 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული დანაშაულის დამადასტურებელი არათუ მტკიცებულებების ერთობლიობა, არამედ, რაიმე სახის მტკიცებულებაც კი, შესაბამისად, სახეზე ვერ იქნება ვერც 225-ე მუხლის მე-2 მუხლით გათვალისიწნებული დანაშაული“- (GDI).

16 იანვარს, დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი თანამდებობის პირებმა მოინახულეს.

შეხვედრის შემდეგ ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ დელეგაციის წევრებმა მოისმინეს საქმის დეტალები, ასევე ზოგადი სურათი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით. ისაუბრეს როგორც კონკრეტულად ანდროს დაკავებასთან დაკავშირებით, ასევე სხვა უკანონო პატიმრებზეც.

“ანდრო ჰყვებოდა საკუთარ თავზე და შემდეგ, წარმომადგენლების კითხვებს პასუხობდა. ისეთი კითხვები იყო დამრჩა განცდა, რომ ეს ადამიანები საქართველოში განვითარებულ პროცესებს სწორად აფასებენ და იმ მძიმე სურათს, რომელიც დღეს გვაქვს.”- განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

23 იანავარს კი ჭიჭინაძის სათქმელი ახალი თეატრის სცენიდან გაჟღერდა. ციხიდან მისი გამოგზავნილი წერილი სცენიდან წაიკითხეს.

„ სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი საიდან დავიწყო. როგორ გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან ვცდილობ, პათეტიკური არ ვიყო, მაგრამ კონტექსტმა გამწირა და მგონი, ცოტა მომიწევს. როცა ვამბობ თქვენ, ვგულისხმობ თითოეულ თქვენგანს პირადად და კონკრეტულად. ნაცნობებს და უცნობებს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გააზრებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული პირველ რიგში საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარემოში, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი, დაცული და სოლიდარული.

ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია ბედნიერი იყო. ნებისმიერი უარყოფითი გადათარგმნადია დადებითში და სიყვარულში. ალბათ ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის, გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში. როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში. ალბათ, თავისუფლებაც ეს არის და დიდი მადლობა თქვენ ამ თავისუფლებისთვის. მენატრებით”, – წერს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან.

QvemoQartli.ge