„ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაცია სრულად შეწყვეტს მუშაობას“ – თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
მოქალაქეების აქტიური პროტესტის და დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონად“ ცნობილ საკანონმდებლო ინიციატივას: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობა.“
როგორ აისახება კანონის ამოქმედება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, საუბრობენ ქვემო ქართლში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. აღნიშნული სტატიების სერიას QvemoQartli.ge მიმდინარე თვის განმავლობაში შემოგთავაზებთ.
თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ლუსინე დოსტიბეგიანის განცხადებით „რუსული კანონის“ ამოქმედების შემთხვევაში ცენტრი საქმიანობას შეწყვეტს.
„ ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის ამოქმედების შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაცია ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი სრულიად შეწყვეტს საქმიანობას, რადგან ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა პროექტის ფინანსური მხარდაჭერები იყვნენ და არიან დონორი ორგანიზაციები,“ – ლუსინე დოსტიბეგიანი, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი.
ასევე, იმ მოსალოდნელ სხვა უარყოფით შედეგებზეც საუბრობს, რასაც აღნიშნული კანონი გამოიწვევს:
„ ეს კანონი იწვევს, ერთის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების სექტორში მომუშავე წევრების სტიგმატიზაციას, რომ ისინი თითქოსდა უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარები არიან, ხოლო, მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების დასუსტებას და სამომავლოდ მათ გაქრობას“,- ლუსინე დოსტიბეგიანი.
„რუსული კანონის“ ამოქმედების შემდეგ, დარეგისტრირდებიან თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციები „აგენტად“ – ერთ-ერთ აქტუალურ შეკითხვაზე თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის პასუხობს:
„ რეგისტრაციას არ ვაპირებთ, პრინციპის ამბავია.“
თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი, ოფიციალურად 2016 წლის 16 ნოემბერს შეიქმნა. ცენტრის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე და მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე. ცენტრს საკომუნიკაციო ქსელი აქვს მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელთან. მათ უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს.
“თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი”-ს აქტივობა – სწავლება არაფორმალური განათლების გზით
შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ასეთია:
- ჰუმანიტარული დახმარება COVID-19 კარანტინის მიმდებარე თემებში;
- „ალაგთ ჰამბავი” – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული დასახლებების/ტერიტორიების ტოპონიმიკის კვლევა;
- ახალგაზრდების გაძლიერება გარემოსთვის;
- ცვლილებები ჩვენს ხელშია – ეთნიკურ უმცირესობათა ახალგაზრდა წარმომადგენლების გაძლიერება სამართლებრივ და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით;
- მანქანის შემოწირულობის შესაძლებლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან;
- სოციალური საწარმო “ორბის ბუდე”;
- სასოფლო ამბულატორიების აღჭურვა;
- სოფელ სამშვილდეში წყლის რეზერვუარის რეკონსტრუქცია;
- ცენტრის საქმიანობის მიღწევებზე საუბრისას დამფუძნებელი ლუსინე დოსტიბეგიანი აღნიშნავს, რომ მათ მიერ განხორციელებულმა სხვადასხვა პროექტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გააძლიერა.
„ მთავარ მიღწევად მივიჩნევთ ახალგაზრდების და ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის გაძლიერებას ჩვენი პროექტებით“, – დოსტიბეგიანი.
ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების კრიტიკის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონის მიზანი მხოლოდ სამოქალაქო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.