ალგეთის სათემო ცენტრი

მარნეულში, ალგეთის თემის ახალგაზრდების განვითარებაზე, მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე „ალგეთის სათემო ცენტრი“ რამდენიმე წელია ზრუნავს.

ახალგაზრდა მასწავლებელმა აიშან გიზბასოვამ,  2018 წელს, ალგეთის მე-2 საჯარო სკოლაში დაიწყო მუშაობა და ის პრობლემები დაინახა, რაც მოსწავლეებს ამ თემში აწუხებდათ. საკუთარი როლიც გააცნობიერა და  გადაწყვიტა  მათთვის მრავალფეროვანი და საინტერესო გარემო შეექმნა.

აიშანი „ალგეთის სათემო ცენტრი“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გახდა.

„ მოსწავლეები სკოლის გარდა დროს ეფექტურად  ვერსად ვერ ატარებდნენ. ერთადერთი განსხვავებული, რაც მათ ყოველდღიურობაში ხდებოდა სკოლაში მისვლა-მოსვლა იყო.  სოფელში განვითარებისთვის და გასართობად არაფერი იყო“- გვეუბნება აიშანი.

ამ ვითარების გამოსასწორებლად მუშაობა თავდაპირველად სკოლის კედლებში, ერთ ოთახში დაიწყო.  მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აქ, სხვადასხვა  საკითხებს განიხილავდა. კლასგარეშე აქტივობებსაც  ახორციელებდნენ და ნელ-ნელა არაფორმალური განათლების გზას შეუდგნენ.

როგორც ალგეთის ცენტრის დამფუძნებელი ამბობს, ეს ყველაფერი ახალგაზრდებისთვის  მოტივაციის ასამაღლებლად კეთდებოდა.

2019 წლიდან, აქტიურობა ახალ ლოკაციაზე გაგრძელდა. სკოლის ნაცვლად  ალგეთის ცენტრში, აიშანის ოჯახის კუთვნილ ოფართში. პროექტები, ღონისძიებები უფრო მასშტაბური და ეფექტური გახდა.

დღეს, ცენტრის საქმიანობაში თემის ახალგაზრდები მოხალისეობრივად არიან ჩართულები. გარემოსდაცვითი ღონისძიებები, ქართული ენის შემსწავლელი კურსები,  აბიტურიენტების მომზადება (ალგეთის მეჩეთის დაფინანსებით), ადგილობრივების ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით –  ეს ალგეთის სათემო ცენტრის საქმიანობის ნაწილია.

საინტერესო იყო ცენტრისთვის, ასევე, იმ ახალგაზრდების მოწვევა, რომლებიც ერთ დროს სოფლიდან წავიდნენ – განათლება მიიღეს, დასაქმდნენ. დღეს კი თავიანთ გამოცდილებას თანატოლებს უზიარებენ. ეს მათი თანასოფლელებისთვის საუკეთესო მოტივაცია აღმოჩნდა.

„სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებში ფორმალური და არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია. განხორციელებული პროექტების 80%-ი ამ მიზანს ემსახურება“ – აღნიშნავს აიშანი.

„ალგეთის სათემო ცენტრი“-ს საქმიანობას კონკრეტული შედეგები მოჰყვა. აიშანი იხსენებს, რომ სოფლის პარკის ტერიტორიაზე ღონისძიებების გასამართად ფანჩატურის მოწყობა სურდათ.

ახლა მათ „ორბელიანის ფონდი“-ს მხარდაჭერა მოიპოვეს და ფანჩატური ალგეთში უახლოეს ხანებში მოეწყობა.

ამასთან ერთად, ცენტრმა  გამწვანების პროექტიც განახორციელა, რომლის ფარგლებში სოფლის პარკის „გაამწვანეს.“ მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსება მოიპოვეს, მცენარეები, ხეები შეიძინეს და ალგეთის ცენტრალურ პარკში დარგეს.

აიშან გიზბასოვა საუბრობს, რომ ალგეთში  სპორტის პოპულარიზაციის მიმართულებითაც იმუშავეს. სოფელში მაგიდის ჩოგბურთი  უკვე ყველა ადგილობრივისთვის ხელმისაწვდომია.  სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის პროექტი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“-ს  ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

„ალგეთის სათემო ცენტრ“-მა ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებული  ღონისძიებაც ჩაატარა. ამ პროექტში ალგეთის თემის ოთხი სოფელი ჩაერთო –  მოეწყო ნახატების და ფოტოების გამოფენა.

ალგეთის სათემო ცენტრი ასევე ჩართულია USAID-ის პროექტში, რომელიც  შვიდ სათემო ცენტრთან ერთად ხორციელდებოდა. მის ფარგლებში, პანდემიის დროს, მოსახლეობას სხვადასხვა მომსახურება გაუწიეს. ეხმარებოდნენ განცხადებების დაწერაში, თარგმნაში და საჭირო ინფორმაციის მიღებაში.

გიზბასოვა აცხადებს, რომ ცენტრი საქმიანობის გაფართოებას გეგმავს. ადგილობრივების საჭიროებებიდან გამომდინარე დღის წესრიგში უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების საკითხი დგას.

„ სათემო ცენტრი სექტემბრიდან გადაკეთდება საგანმანათლებლო ცენტრად, რადგან ხანგრძლივი კურსებისა და საგანმანათლებლო აქტივობებისთვის გვჭირდება ფინანსური მხარდაჭერა და სხვადასხვა შესაძლებლობები. ბიზნეს პროექტიდან მიღებული შემოსავლების 10% დაიხარჯება სოციალური საქმიანობისთვის.“

„ალგეთის სათემო ცენტრი“-ს ერთ-ერთი წევრი  ქაქლიქ ასლანოვა კი იმ გავლენაზე გვესაუბრება, რაც ცენტრმა მასზე მოახდინა.

„ცენტრში გაწევრიანების შემდეგ შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ნებისმიერი სფეროსა და თემის მიმართ – მივხვდი, რომ საკუთარი თავის შეცვლა უნდა დამეწყო, აქ, მე ჩემი ბევრი უნარი განვავითარე.“

ავტორი: გურანდა ფუტკარაია

აზერბაიჯანული თარგმანი: ჩიჩაკ გუსეინოვა

ინგლისური თარგმანი: თამარ ჩერქეზიშვილი

სტატია შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.