წალკის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვებგვერდის მართვა და საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება კვლავ პრობლემაა

ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინდექსის 2021 წლის კვლევის მიხედვით, წალკის მუნიციპალიტეტს დაბალი  26%-იანი მაჩვენებელი აქვს.   გასულ წელს ჩატარებული კვლევის მონაცემების თანახმად წალკის მუნიციპალიტეტის მერიას 22%, ხოლო საკრებულოს 34 % აქვს.

2017 წლის მონაცემების მიხედვით, წალკის მუნიციპალიტეტს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის კუთხით  9%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, ხოლო  2019 წელს-26%.  რაც ნიშნავს იმას, რომ გასული 2019-2021 წლის მანძილზე წალკის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის გამჭვირვალობის ნაწილში გაუმჯობესება არ შეინიშნება.

2021 წლის მონაცემებით, წალკის მერიას და საკრებულოს  გამჭვირვალობის ინდექსის თითქმის ყველა კრიტერიუმში დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ  0%-იანი შედეგი ფიქსირდება ისეთ მნიშვნელოვან კრიტერიუმებში როგორიცაა:

  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესყიდვების შესახებ 0%;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმის შესახებ – 0%
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ – 0%;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების შესახებ-0%;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ-0%;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სამივლინებო ხარჯების შესახებ -0%;
  • ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ – 0%;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტის შესახებ – 0%;
  • ასევე ინფორმაცია აუდიტის დასკვნის და ანგარიშის შესახებ-0%;

იმის გასაგებად თუ რატომ არ არის ხელმისაწვდომი წალკის მოსახლეობისთვის აღნიშნული ინფორმაცია, Qvemoqartli.ge წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელს, ივეტა ფურცელაძეს და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელს თამარ ცქიტიშვილს დაუკავშირდა.

წალკის მერიაში საკადრო დეფიციტსა და ვებგვერდის ტექნიკურ ხარვეზებზე საუბრობენ, რის გამოც 2021 წელს ზემოთაღნიშნული ინფორმაციის განთავსება, მათი თქმით, ვერ მოხერხდა.

„ ვებგვერდი იყო გაჩერებული იმის გამო, რომ ჩვენთან არ იყო თანამშრომელი, რომელსაც უნდა შეეტანა შესწორებები. წელს მოხერხდა მთელი ინფორმაციის შესწორება, რაც ვებგვერდზე იყო შესაცვლელი 2-3 წელი, პანდემიის დაწყებიდან ალბათ. ამიტომ, არც ეს ინფორმაციაა და არც აუდიტის ინფორმაცია. ვებგვერდი იყო ძირითადად გაჩერებული. არანაირი ინფორმაცია არ შედიოდა, არ იყო სპეციალისტი“- აცხადებს,  წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელს ივეტა ფურცელაძე.

ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი, სამხარეო ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის პრობლემაზეც საუბრობს და აღნიშნავს რომ  გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ პირს, რომელიც აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ვებგვერდს.

„ ვერ უკავშირდებოდნენ რეგიონში ვინც აკონტროლებს ჩვენს ვებგვერდს, გვეხმარება ინფორმაციის შეტანასთან დაკავშირებით. ახლა უკვე გვყავს კადრი და  შევასწორებთ. ძირითადი ინფორმაცია უკვე შესწორებულია მგონი.

ვებგვერდი გაჩერებული, რომ იყო და ახალი კადრი გვყავდა, შესწორებების შეტანა არ იცოდა. უკავშირდებოდა რეგიონში, გვყავს ჩვენ, არ ვიცი სიმართლე, რომ გითხრათ ის გოგო ვინ არის, რომელმაც ასწავლა ჩვენს თანამშრომელს როგორ უნდა შევიდეს, როგორ უნდა შეასწოროს და ახლა უკვე თვითონ აკეთებს.  სამხარეოშია ვინც აკონტროლებს,  ვინც დაგვეხმარა, მარტო ჩვენ კი არა ყველა რაიონს მე მგონი, ვებგვერდის გახსნაში“, – საუბრობს ივეტა ფურცელაძე.

წალკის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოში კი ფიქრობენ, რომ ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების შესახებ ინფორმაციის განთავსება მერიის ვალდებულებაა. საუბრობენ, რომ მერიასა და საკრებულოს ერთი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჰყავს.

„ ჩვენ საკრებულოსაც და მერიასაც გვყავს ერთი საფინანსო-საბიუჯეტო, ვინც გვიკეთებს ხელფასებს და  ადმინისტრაციულ ხარჯებს და ყველაფერს. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა უნდა გამოაქვეყნოს ხოლმე ეს მონაცემები. სამივლინებო ხარჯები ძირითადად არც გამოგვიყენებია, კორონავირუსის გამო – ტრენინგები გვიტარდებოდა. თუ რამე ხარჯი არსებობს, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს აქვს და თუ კი ჩვენ მაინცდამაინც ცალკე უნდა აღვნიშნოთ, მაშინ მოვთხოვთ აწი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს და ცალკე გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა თამარ ცქიტიშვილმა

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებისა, საკრებულოს ვებგვერდზე  2021 წლის შემდეგ არ არის გამოქვეყნებული საკრებულოს, ბიუროების და კომისიების სხდომის ოქმები. აღნიშნული ხარვეზის მიზეზად თამარ ცქიტიშვილი  ტექნიკურ  და საკადრო პრობლემებს ასახელებს.

„ ტექნიკური ხარვეზი იყო, რამდენჯერმე ვერ ავტვირთეთ, მერე თანამშრომელმა რომელიც მუშაობდა ამ მიმართულებით დატოვა სამსახური და ახლა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ისწავლა და ნელ-ნელა ყველაფერს ვაკეთებთ“, –  აღნიშნავს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი თამარ ცქიტიშვილი.

 

ნინია ზოდელავა

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით