წალკის ახალგაზრდული იდეა
წალკის მუნიციპალიტეტში რამდენიმე წელია „წალკის ახალგაზრდული იდეა“ მუშაობს. ადგილზე არსებული პრობლემების გამოვლენა და გადაჭრის გზების ძიება, მისი წევრებისთვის ყოველდღიური საქმიანობაა.
საინიციატივო ჯგუფი „ევროპის ფონდი“-ს ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში დაფუძნდა და დღეს, 10-მდე ახალგაზრდა წალკელს აერთიანებს. 15-21 წლამდე ასაკის ადგილობრივები ერთად მუშაობენ იმისთვის, რომ თემში არსებული გამოწვევები დაძლიონ.
ახალგაზრდები პერიოდულად ატარებენ გამოკითხვებს. მაგალითად: 2021 წლის 5 დეკემბერს „წალკაში ახალგაზრდული იდეის წევრებმა“ გამოკითხეს 100 ადამიანი. გამოიკვეთა სამი პრიორიტეტული საკითხი:
კლასგარეშე აქტივობები ახალგაზრდებისთვის;
კულტურული ღონისძიებები;
ნარჩენების მართვა;
„ევროპის ფონდი“-ს ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამის თანაშემწე ნანა წიქვაძე იმ შესაძლებლობებს აღნიშნავს, რაც ადგილზე ახალგაზრდებს აქვთ.
„ ახალგაზრდები არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ქვეყნის მომავლად და პოტენციურ მოქალაქეებად. მათ აქ და ახლა აქვთ საჭიროებები, სათქმელი და ბევრი საინტერესო იდეა. თუ მათ მივცემთ შესაბამის შესაძლებლობებს, ცოდნას, რესურსს – შეუძლიათ ძალიან საინტერესო და ინოვაციური გადაჭრის გზები შემოგვთავაზონ საზოგადოებაში არსებული აქტუალური პრობლემების. სწორედ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ადგილობრივ დონეზე ასეთი საინიციატივო ჯგუფების არსებობა და მათი საქმიანობის მხარდაჭერა.“
„წალკის ახალგაზრდული იდეა“ ისეთ საკითხებზე მუშაობს, როგორიცაა მიუსაფარი ცხოველების დაცვა, განათლების ხარისხი და ნარჩენების მართვა. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგეს. დღეს, ისინი მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაციისთვის, შესაბამის ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობენ.
გუნდი მულტიეთნიკურია და წევრების საქმიანობაც მრავალფეროვანია. ცდილობენ წალკის ყველა სკოლას მიაწვდინონ ხმა და ჩართონ თავიანთ პროექტებში. ამის დასტურია წალკის სკოლების კონფერენციის ჩატარებაც. მის ფარგლებში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე, მოსწავლეებმა ესები დაწერეს. შიდა სასკოლო კონკურსის შემდეგ, გამარჯვებულებმა ნაშრომები აღნიშნულ კონფერენციაზე წარადგინეს.
მნიშვნელოვანი იყო პროექტი „მუსიკალური სიკაშკაშის” გახსნაც, სოფელ სამებაში. სწორედ, ამ ახალგაზრდების დახმარებით, სოფელში მუსიკალური წრე გაიხსნა, რომელიც მუსიკალური საკრავებით აღიჭურვა.
პროექტმა ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა დაეუფლონ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტს. „ახალგაზრდული იდეის“ მიერ დაფინანსდა, ასევე, პროექტი „წიგნიერი თაობა“ და „წალკის ახალგაზრდა მოჭადრაკეთა კლუბი“.
ხშირია ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრები. ჩადიან სხვადასხვა სოფლებში და განხორციელებულ, თუ განსახორციელებელ პროექტებზე აწვდიან ინფორმაციას. აცხადებენ საგრანტო კონკურსებს და სხვებსაც აძლევენ საშუალებას იდეა რეალობად აქციონ.
„წალკის ახალგაზრდული იდეის“ წევრები ყოველწლიურად ირჩევენ სხვადასხვა მიმართულებით მენეჯერებს – იცვლებიან თავად წევრებიც. იწყება საჭიროებათა კვლევა და ყოველი ახალი შემადგენლობა ერთ და უმთავრეს მიზანს ემსახურება – ადგილზე სამოქალაქო საზოგადოება გააძლიეროს და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს.
როგორც ნანა წიქვაძე ამბობს, ამ ეტაპზე, „წალკის ახალგაზრდული იდეის“ წევრები განხორციელებულ პროექტებს აჯამებენ და ამზადებენ ანგარიშებს. გამოკვეთილია ის გამოწვევებიც, რამაც მიმდინარე წელს გუნდს გარკვეული სირთულეები შეუქმნა. მაგალითად, უამინდობის გამო ზოგიერთ სკოლასთან კომუნიკაცია გაჭირდა.
„წალკის ახალგაზრდული იდეა“ და მისი საქმიანობის როლზე და პროდუქტიულობაზე საუბრობს ერთ-ერთი წევრი იაკო მარკოიძე.
„ წალკის ახალგაზრდული იდეის დახმარებით უამრავ ახალგაზრდას მიეცა საშუალება განეხორციელებინა თავისი იდეები. ეზრუნათ თემის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე. ჩემთვის, როგორც ამ ჯგუფის წევრისთვის, ეს იყო უდიდესი და ძალიან საინტერესო გამოცდილება. წალკის ახალგაზრდულმა იდეამ, არა მხოლოდ მე, არამედ ძალიან ბევრ ახალგაზრდას დაგვანახა, რომ ჩვენც შეგვიძლია პოზიტიური ცვლილებების მოტანა, ჩვენს თემში და ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აქტიურობა, ჩართულობა და ინიციატივები, წალკის განვითარებისთვის.“
ავტორი: გურანდა ფუტკარაია
აზერბაიჯანული თარგმანი: ჩიჩაკ გუსეინოვა
ინგლისური თარგმანი: თამარ ჩერქეზიშვილი
სტატია შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.