ღირსეული პენსია და ზრუნვის ტვირთი – ხანდაზმული ქალების საჭიროებები საქართველოში
საქართველოში თითქმის ყველა სოციალურ ჯგუფში ქალები მეტად მოწყვლადები არიან ვიდრე კაცები. ამას არაერთი კვლევა აჩვენებს. გამონაკლისი არც ხანდაზმულობაა, რა დროსაც ქალების შრომა გაცილებით მძიმე და არაპროპორციულია.
ჩვენი რესპონდენტი 67 წლის მანანაა. ემიგრაციაში ცხოვრობს, სადაც წასვლა საპენსიო ასაკის პერიოდში გადაწყვიტა. გვიყვება თავის ისტორიას და სინანულით აღწერს იმ რეალობას, რაშიც ჩვენი ხანდაზმულები არიან ევროპელებთან შედარებით.
„ როდესაც ემიგრაციაში წასვლა გადავწყვიტე, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ უზრუნველი სიბერე მქონოდა და რაღაც დანაზოგი მომეგროვებინა. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა არ გვაძლევს ღირსეული სიბერის უფლებას. პენსია ისეთი მიზერულია, რომ ვერანაირ ხარჯს ვერ დაფარავ. როდესაც აქ ჩამოვედი ზუსტად ერთ წელში გავხდი პენსიონერი. პენსია კი იცით რამდენიც არის 315 ლარი. არ ვიცი ამ თანხით როგორ უნდა შეინახო თავი.
ჩემი ხელფასი აქ დღეს გაცილებით დიდია. ვმუშაობ მოხუც ადამიანთან, რომელიც თავისი პენსიით ფარავს ჩემს ხელფასს და ასევე, ყიდულობს საკვებს და სხვა საჭირო ნივთებს. წარმოიდგინეთ რამდენად მაღალი აქვთ პენსია.
ძალიან მშურს ევროპელი მოხუცებულების, მათ შეუძლიათ თავი ადამიანად იგრძნოს და საკუთარი თავი უზრუნველყონ ყველაფრით.
საქართველოში ერთ ოჯახში ვმუშაობდი დამლაგებლად და მთელი თვე ვიღებდი 450 ლარს. დღევანდელი გადმოსახედიდან მენანება ის ჯაფა რაც მანდ დავხარჯე“, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
ჩვენი მეორე რესპონდენტი 69 წლის ციცინოა. ამჟამად უმუშევარია, თუმცა საოჯახო საქმეები და შვილიშვილებზე ზრუნვა მისი მოვალეობაა.
„ არ ვმუშაობ, ნამდვილად აღარ შემიძლია ფიზიკურად, მაგრამ სახლში მაინც მიწევს ყველაფრის გაკეთება. როცა დავიღლები ვისვენებ და მერე ვაგრძლებ ისევ. საჭმელს მე ვამზადებ, ბავშვები რომ ბრუნდებიან სკოლიდან მე ვხვდები, დალაგებითაც მე ვალაგებ. ჩემი შვილი და რძალი მუშაობენ და მინდა რამით მეც დავეხმარო.
ადრე ერთ ოჯახში ვმუშაობდი და ჩემი საკმარისი თანხა მქონდა, ახლა მარტო პენსიაზე ვარ. არ ვიცი ამ პენსიით რა უნდა მექნა, მარტო რომ ვცხოვრობდე. ალბათ, წამლებშიც არ მეყოფოდა“ – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
კვლევაში „ხანდაზმულებზე ზრუნვა საქართველოში, საუბარია ზრუნვის შრომის ტვირთზე, რაც ქალებს ხანდაზმულობაში კიდევ უფრო მეტად მოწყვლადებს ხდით. ხოლო, სამართლებრივი ჩარჩოს ნაკლოვანებები, ეროვნული სტრატეგიის არარსებობა და მხარდამჭერი მექანიზმების გაუმართაობა უარყოფით გავლენას ახდენს მათზე.
“საქართველოში ხანდაზმულთა ზრუნვის სფეროში არსებული გამოწვევების შესწავლა მნიშვნელოვან გენდერულ განზომილებას ავლენს. სახელმწიფო სერვისების გაუმართაობის/ არარსებობის და კერძო მომსახურების სიძვირის გამო, ზრუნვის ტვირთი ძირითადად ქალ ოჯახის წევრებს აწევთ. ანაზღაურებად ზრუნვის შრომაში ჩართული პირებიც ძირითადად ქალები არიან.
კულტურული წარმოდგენები, რომლებიც ზრუნვის პასუხისმგებლობას ქალის როლთან აიგივებს, ხელს უწყობს კაცების არასაკმარის ჩართულობას. მიუხედავად იმისა, რომ ზრუნვის შრომა აუცილებელია საზოგადოების ფუნქციონირებისთვის, ზრუნვით ურთიერთობებს განსაზღვრავს სოციალური ნორმები და მოლოდინები. ზრუნვის შრომის „არაპრესტიჟულობა“ და დაუფასებლობა უფრო ფართო, სისტემურ უთანასწორობებზე მიუთითებს” – ვკითხულობთ კვლევაში.
საყურადღებოა ხანდაზმულთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობაც, რაზეც საუბარია კვლევაში – მარტოობა ხანდაზმულობაში. კვლევაში ვკითხულობთ, – რომ ხანდაზმულთა დიდი ნაწილი ემოციურ მარტოობას განიცდის. კვლევა აჩვენებს, რომ ემოციურ მარტოობას უკიდურესად მძაფრად ხანდაზმულთა 28%, ხოლო სოციალურ მარტოობას – 16% განიცდის. მიღებული შედეგების თანახმად, ჯამურად, თითქმის ყოველი მეოთხე ხანდაზმული საქართველოში მარტოობით იტანჯება.
ავტორი: ნინო ბერიძე
სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.